Google+

სიახლეები

06.12.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენი პოლიტიკაა გრძელვადიანი განვითარება, მშვიდობა და შესაძლებლობები რეგიონის თითოეული მკვიდრისთვის“

პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, რომელიც წმ. გრიგოლ ფერაძისა და ჩერქეზების სახელს ატარებს და წმ. გრიგოლ ფერაძის გარდაცვალების 70 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო (არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე ვარშავის უნივერსიტეტში 1933-42 წლებში მოღვაწეობდა და იგი 1942 წლის 6 დეკემბერს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა).

გახსნის ცერემონიალზე მიხეილ სააკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა და ყურადღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და საერთო ფასეულობებზე გაამახვილა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული წარმატებები იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინსვლა და დემოკრატიული პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„საქართველოს უკან, რუსეთის გავლენისკენ აღარ დაბრუნდება, რადგან ხალხმა უკვე გაუგო გემო წარმატებას, დემოკრატიას, ხელისუფლების ცვლის დემოკრატიულ პროცესს და ეს არის ის, რასაც ევროპული საწყისი ქვია. ამ განვითარებაზე ხალხი უარს აღარ იტყვის. ჩვენი პოლიტიკაა გრძელვადიანი განვითარება, მშვიდობა და შესაძლებლობები რეგიონის თითოეული მკვიდრისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მიზნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნისთვის უცლელია ის მისწრაფებები, რომელთა ერთგულიც გრიგოლ ფერაძე იყო - ეს არის მშვიდობა და რეგიონის თავისუფლება. მისი თქმით, გრიგოლ ფერაძე დღესაც წარმოადგენს თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოს და საქართველოც მის გზას უნდა გაყვეს.  პრეზიდენტი ერთიანი კავკასიის იდეასაც შეეხო და აღნიშნა, რომ სწორედ ერთიანი კავკასია უნდა გახდეს მშვიდობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის სიმბოლო.

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამდე აუდიტორიას პოლონეთის სენატის მარშალმა  ბოგდან ბორუსევიჩმა მიმართა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების თაობაზე და აღნიშნა, რომ მიღწეული პროგრესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

„საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და ეს ქვეყანაში გამართულმა  ბოლო არჩევნებმაც დაადასტურა. საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც დაცულია კანონის უზენაესობა. არჩევნების შედეგად მოსულ მთავრობას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ამიერიდან, ისინი იქნებიან პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს იმიჯს ევროპაში. გამარჯვებულმა ძალამ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს. შურისძიება არ უნდა იყოს მისი მამოძრავებელი, მით უმეტეს, იმ ძალის მიმართ, რომელმაც არჩევნებში დამარცხება აღიარა“, - განაცხადა მიმართვისას სენატის მარშალმა.  

მიხეილ სააკაშვილი ბოგდან ბორუსევიჩის გამოსვლასაც გამოეხმაურა და განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და პოლონეთის მეგობრულ ურთიერთობას დაუთმო. მან ამ ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა: „რომ არა პოლონეთის მხარდაჭერა, საქართველო, როგორც სახელმწიფო ვერ გადარჩებოდა“.

დასასრულ, ქვეყნის პირველმა პირმა ფორუმს მონაწილეთა შეკითხვებსაც უპასუხა, რომელთა შორის იყვნენ ამერიკელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერები, ასევე ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორები და პოლონეთის პარლამენტის წევრები.

ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიხეილ საკაშვილმა ყვავილებით შეამკო იმ პროფესორ-მასწავლებელთა მემორიალი, რომლებმაც, გრიგოლ ფერაძესთან ერთად, თავი შეწირეს ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)