Google+

სიახლეები

06.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „თუკი ქვეყნის შიდა პოლიტიკას გადავხედავთ, ჩვენ შევძლებთ, ისევ გავაგრძელოთ წინსვლა“

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპაში ვიზიტებს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი თქმით, საქართველოში გამართული დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს უნდა მიაღწიოს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, დეკემბერში ქვეყანას ჰქონდა შანსი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევიანების გზაზე, მაგრამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ამ შანსის გამოყენების შესაძლებლობა შეაფერხა. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, დაკარგული არაფერია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხის კეთილდღეობისა და ქვეყნის წისვლისთვის.

„ჩემი ვიზიტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტი იმართება, რომელზეც საქართველომ უნდა მიიღოს ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულება და შესაძლოა, გაჩნდეს პერსპექტივა, რომელსაც უკვე პირდებიან, მაგალითად, მოლდოვას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ოფიციალურად დაგვასახელონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად. ამიტომ ის, რაც ახლა  მოხდება ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საქართველოსთვის გადამწყვეტია  მისი  გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. იგივე შეეხება ნატო-ში ინტეგრაციას - ამ გზაზე ჩვენ მუდმივად განვიცდით პროგრესს. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ ვერ მივიღეთ მაპ-ი, მაგრამ გაკეთდა პირდაპირი განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და ეს ნატო-ს ყველა დოკუმენტში ჩაიწერა. ეს იყო ნამდვილი გეოპოლიტიკური გარღვევა.  შემდეგ შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. შემდეგ ჩვენ მივიღეთ ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან ნატო-ში ინტეგრაციისთვის გარკვეული ეტაპები გვაქვს გასავლელი. თითოეული ეს ნაბიჯი ჩვენს უსაფრთხოებას კიდევ უფრო აძლიერებს. ჩიკაგოს სამიტზე გაკეთდა განცხადება 2014 წელს  ნატო-ს გაფართოების შესახებ და  საქართველო არის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი. ყოველივე ამის ფონზე, გუშინ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. არჩევნების შემდეგ, ჩვენ გვქონდა მაპ-ის მიღების შანსი. იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები ძალიან კარგად გაიმართა, ახალ კოალიციასა და პრეზიდენტს შორის იყო კონსესუსი ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე და ამის თაობაზე პირდაპირი დისკუსიები იმართებოდა, ჩვენ შეგვეძლო დეკემბერში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა წინ  ალიანსში გაწევრიანების გზაზე და მიგვეღო მაპ-ი. ამის შესახებ ყველგან პირადად მითხრეს ძალიან მაღალ დონეზე. სამწუხაროდ, ბოლო თვეების მოვლენების გამო - და ამას ძალიან დიდი დანანებით ვამბობ - ამის საშუალება ამ ეტაპზე არ მოგვეცა. გუშინდელმა შეხვედრამ, პრაქტიკულად, ისე ჩაიარა, რომ ახალი ინსტიტუციური წინსვლა არ გვქონია, მაგრამ, ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია და არაფერი არ არის დაკარგული. მიმაჩნია, რომ თუკი ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს გადავხედავთ, ჩვენ შევძლებთ, ისევ გავაგრძელოთ წინსვლა. ეს საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის ინტერესს შეესაბამება იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ საქართველოს წინსვლა არ შეჩერდეს, რადგან ეს შეეხება ქართველი ხალხის გრძელვადიან პერსპექტივას, ჩვენი ქვეყნის არსებობას, მის უსაფრთხოებას, ჩვენი შვილებისა და მთელი საზოგადოების მომავალს. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, პარტიული განსხვავება არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი. წარმოუდგენელია მიხაროდეს თუკი რაიმე ცუდად მიდის - ეს ცუდი ფაქტი იქნება ყველასათვის. ამიტომ, ვითარების შეფერხების, ყოყმანის ან წაბორძიკების შემთხვევაში, ყველაფერს ვიღონებ, რათა წინააღმდეგობა გადავლახოთ და საქართველომ წინსვლა განაგრძოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)