01.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ვანო მერაბიშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით
გუშინ საღამოს საქართველოს დელეგაცია, ჩემი ხელმძღვანელობით, ერევანში, ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე გაემგზავრა. მე და ჩვენი დელეგაცია აღნიშნულ ღონისძიებაზე შეუერთდნენ ევროკომისიის პრეზიდენტს - ხოსე მანუელ ბაროსოს, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს - ვილფრედ მარტენსს, სომხეთის პრეზიდენტს - სერჟ სარგსიანსა და მოლდოვეთის პრემიერ-მინისტრს - ვლად ფილატს, ისევე როგორც, ევროპარლამენტის და ეროვნული პარლამენტების სხვადასხვა წევრებს.
ყოფილი პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო დელეგაციის წევრი, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი. ის მონაწილეობდა ყველა ოფიციალურ შეხვედრაში, მათ შორის ხანგრძლივ პირისპირ შეხვედრაში ევროკომისიის პრეზიდენტთან. ამის შემდეგ დაიწყო ის ავადმყოფური ფანტაზიით შექმნილი ისტორია, რომელსაც საზოგადოება უკვე იცნობს.
თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყენებდა ყალბ პასპორტს ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე. ის, რომ ვანო მერაბიშვილი, რომლესაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ.
მე მტკიცედ ვუჭერ მხარს იმ დემოკრატიული მმართველობის პრინციპებს, რაც დამკვიდრდა საქართველოში და შეშფოთებას გამოვთქვამ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ დევნის ფაქტებთან დაკავშრებით. ამასთან იმედს გამოვთქვავ, რომ სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ამ აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ.
საქართველოს საზოგადოება მეტს იმსახურებს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს მსჯელობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია უკეთ ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და არა ისეთი ისტორიების ფაბრიკაციას, რომლებიც ემსახურება ყურადღების სხვაგან გადატანას და იაფფასიანი, მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების დაწერას.