Google+

სიახლეები

17.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

მოგესალმებით.

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში და თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ პირველკლასელებისთვის, 47 ათასი ჩვენი ბავშვისთვის, რომელიც დღეს პირველად მიუჯდა მერხს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმ 24 ათასი სტუდენტისთვის, რომელიც  პირველად წავიდა უმაღლეს სასწავლებელში.

როგორც ყოველთვის სასწავლო წლის პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პედაგოგებისთვის, ჩვენი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისა და მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის.

თუკი რომელიმე რეფორმა ჩვენთვის ყველაზე მეტად არის საამაყო, ანტიკრიმინალური და ანტიკორუფციული რეფორმების გარდა, ეს არის განათლების რეფორმა.

და თუკი რომელიმე სფეროში არის წარმოუდგენლად ბევრი გასაკეთებელი და ჩვენ ჯერ გზის დასაწყისსში ვიმყოფებით, ეს არის სწორედ განათლების რეფორმა.

განათლების სისტემის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულება რამდენიმე ძირითად პრინციპს ეფუძნება.

პირველი - ეს არის სოციალური თანასწორობა.

სოციალური თანასწორობა ნიშნავს იმას, რომ იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობ შენ - ქალაქის ცენტრში თუ გარეუბანში, რომელიმე სოფელში თუ პრივილეგირებულ ადგილზე,  უნდა იღებდე ისეთივე განათლებას, როგორსაც შენი სხვა თანატოლი იღებს.

დღეს ყველა პირველკლასელს, განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა, მიეცა უფასო ნეტბუკი, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოშია დამზადებული და ესეც უნიკალურია.

ჩვენს რეგიონში არც ერთ ჩვენნაირ ქვეყანას მსგავსი კომპიუტერული ქარხანა არ აქვს, ჩვენ კი თვითონ ვუშვებთ კომპიუტერებს.

ყველა სოციალურად დაუცველს უფასოდ დავურიგეთ მილიონ ასი ათასი ლარის ღირებულების წიგნები, ამას გარდა სახელმძღვანელოები საქართველოში გაიაფდა.

სოციალური სამართლიანობა, დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალზე მნიშვნელოვანია უმაღლესში ჩაბარებისას.

თქვენ იცით, რომ მკვეთრად შეიცვალა იმ სტუდენტების სტატუსი, რომლებიც აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

უკვე შემოვიღეთ ახალი სისტემა - 8+1, ე.ი. მისაღებ გამოცდებს აბიტურიენტები ჩააბარებენ სკოლებში. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ დაგვჭირდება ბავშვების მომზადება რეპეტიტორებთან და უმაღლესში ჩაბარებას შეძლებს არა მხოლოდ ის, ვისაც ბევრი ფული და რეპეტიტორთან მომზადების საშუალება აქვს, არამედ ისიც, ვისაც ამის საშუალება არ აქვს. 

ასეთი ახალგაზრდები „თამაშგარე მდგომარეობაში“ რჩებოდნენ იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროში კორუფცია აღარ იყო.

აქედან გამომდინარე, როდესაც განათლების სისტემაზე ვლაპარაკობთ, სოციალური სამართლიანობა ჩვენთვის ძალიან პრინციპული საკითხია.

მეორე საკითხია უსაფრთხო გარემო.

ჩვენთან იყო ორგანიზებული დანაშაულის და ქუჩის წვრილმანი ხულიგნობის ბუდე. ყოველ შემთხვევაში, ჩემი და ძალიან ბევრი თაობის ბავშვობის პერიოდში ნამდვილად ასე იყო. ასე იყო სკოლებშიც.

ჩვენ ეს სისტემა ამოვძირკვეთ და არა მხოლოდ მანდატურების ინსტიტუტი, არამედ მთელი სახელმწიფო აპარატი ამუშავდა ამ მიმართულებით.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მანდატურებს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით, რადგან საქართველოში სკოლები ერთ-ერთი უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში.

შემდეგი პრინციპი ეს არის განათლების ხარისხი - დასაქმებაზე ორიენტირებული განათლება.

ჩვენ მარტო ის კი არ გვინდა, რომ ვიცოდეთ ჩვენი ბავშვები სასწავლებელში დადიან და  რაღაც დიპლომს იღებენ, ჩვენ გვსურს, რომ ამ ატესტატით, ამ სერტიფიკატით, ამ დიპლომით ისინი ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენ გავხსენით 20-მდე ტექნოლოგიური კოლეჯი და ვაპირებთ, რომ ეს ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვოთ.

უახლოეს დღეებში გლდანში იხსნება ერთ-ერთი ასეთი კოლეჯი.

მსგავსი კოლეჯების კურსდამთავრებულთა  80 პროცენტი პირველივე თვეში შოულობს მაღალანაზღაურებად  სამსახურს.

ჩვენ ასევე გვაქვს ინგლისურენოვანი უცხოელი პედაგოგების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 10 ათასი ინგლისური პედაგოგი ჩამოვიყვანეთ, რათა ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ ისეთი ცოდნა, რომელიც კონკურენტული იქნება მსოფლიო ბაზარზე. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვახალისებთ წარჩინებულ სტუდენტებს და არა მარტო პირველკლასელებს, არამედ მათაც ვაძლევთ კომპიუტერებს.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი განათლება იყოს კონკურენტუნარიანი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო,  არის სკოლები.

დღეს ძალიან ბევრი ვიარე და სხვადასხვა რაიონის 6 სკოლა ვნახე. შევხვდი მასწავლებლებსაც.

რა თქმა უნდა, საქართველოში არის ძალიან კარგად გაკეთებული სკოლები, მაგრამ კვლავ გვხვდება ისეთი შენობები, რომლებიც სავალალო მდგომარეობაშია.

დღეს მე ახალი სკოლებიც ვნახე და ძველიც.

რასაკვირველია, ყველგან ჯერ კიდევ არ არის ლაბორატორიები, მაგრამ წლის დამლევს თითქმის ყველა სკოლაში იქნება.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ჩავიბარეთ სკოლები, რომლებშიც არ იყო გათბობა, რომლებსაც არ ჰქონდა არა მხოლოდ სახურავები, არამედ ფანჯრებიც.

დღეს მსგავსი პრობლემები და გათბობის საკითხი გადაჭრილია საქართველოს სკოლების 90 პროცენტში, მაგრამ, უდავოა, რომ ეს საკმარისი არ არის,

ახლა საჭიროა სპორტული დარბაზები, მომავლის კლასები, რომლებიც ასობით გავხსენით, პრაკტიკულად ყველა სკოლაში უნდა იყოს კომპიუტერიზებული, მაღალტექნოლოგიური  კლასები  ინტერნეტის ქსელით, რომელიც ყველა სკოლამდეა მიყვანილი.

ახლა საჭიროა, ჩვენი სკოლებისთვის ბევრად მეტი გაკეთდეს, რათა თითოეული მათგანი შეესაბამებოდეს საერთაშორისო დონეს და კონკურენციას უწევდეს უცხოეთის სკოლებს.

რა თქმა უნდა, ასევე მთავარია მასწავლებლის შრომის დაფასება და მათი წახალისება. სრულშტატიანი პედაგოგის მინიმალური ხელფასი 350 ლარია, ჩვენი ამოცანა კი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში სერთიფიცირებული პედაგოგის საშუალო  ხელფასი 600 ლარი გახდეს.

დღეს მე ვნახე რამდენიმე ათეული პედაგოგი, რომლებსაც 1000-ლარიანი ხელფასი აქვთ, რაზეც ადრე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო.

იმის მიუხედავად, რომ სკოლებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ ბავშვები უკეთეს განათლებას მიიღებენ.

ამ მასწავლებლებს ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი ხარისხი მოვთხოვოთ, მით უმეტეს, რომ ყველგან გაიხსნება ქიმიისა და ფიზიკის, ასევე ლინგაფონის ლაბორატორიები, რომლებითაც უცხოელი პედაგოგებიც ისარგებლებენ.

მასწავლებელს არ უნდა შეეშინდეთ სასერთიფიკატო გამოცდის, რადგან მისი ჩაბარება მას წელიწადში რამდენჯერმე შეეძლება.

პედაგოგის სერთიფიცირების ერთ-ერთი კრიტერიუმი მოსწავლეთა ცოდნის დონე და მაჩვენებელი იქნება. გამოცდები ახლა სკოლებში გაიმართება და კიდევ ბევრი რამ გაკეთდება ჩვენი პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად.

ჯერ ერთი, ჩვენ ვაპირებთ სახელმწიფო გრანტების მოპოვების უფრო მოქნილი სისტემის შემოღებას.

სტუდენტებს ნებისმიერ კურსზე შეუძლიათ სახელმწფო გრანტის გაუმჯობესება და გამოცდის გადაბარების საფუძველზე მეორე, მესამე წელს მიიღოს სრული დაფინანსება.

ასეთია სოციალური სამართლიანობა - ჩვენ უნდა წავახალისოთ ჩვენი ახალგაზრდები, რომ უკეთესად ისწავლონ და ცოდნა აიმაღლონ.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას, ახლა უკვე  შესაძლებელია, პრაქტიკულად, ყოველ თვე სცადო ბედი.

ერთი სიტყვით, ვქმნით მოქნილ სისტემას, რომელიც წაახალისებს ინიციატივას.

წელს ბათუმში ვხსნით ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტებს მომავალი წლიდან მიიღებს, თუმცა წელს უკვე შეძლებს ახალგაზრდების მიღებას გადამზადების კურსებზე.

ეს იქნება პირველი სასწავლებელი ჩვენს რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც გასცემს ამერიკულ დიპლომს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დიპლომით შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ნებისმიერ დიდ კომპანიასა და დიდ ბაზარზე მუშაობა.

თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ჩვენ საზღვარგარეთ გავუშვით სასწავლებლად, პრაქტიკულად, ყველა დაბრუნდა უკან.

მე არ მეშინია იმის, რომ ქართველები საქართველოს დატოვებენ - პირიქით, მიმაჩნია, რომ რაც უფრო ნასწავლია ადამიანი, მით უფრო მოინდომებს საკუთარი ქვეყნის დახმარებას და უფრო მეტის გააკეთებს ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის.

უდავოა, რომ ჯერ კიდევ ბერი რამ დარჩა გასაკეთებელი ყველა სფეროში, ძალიან ბევრი ჩვენი პედაგოგი უნდა გაიგზავნოს უცხოეთში სტაჟირებასა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

წელს ჩვენ უმაღლეს სასწავლებლებში ჩამოგვყავს უცხოელი პროფესორები, რათა დაეხმარონ ჩვენს პედაგოგებს და გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება.

ჩვენ უნდა ვიყოთ გახსნილი მსოფლიოსთვის, ყველა მხრიდან მუდმივად უნდა მოვიპოვებდეთ და ვამუშავებდეთ ინფორმაციას, უნდა შევეცადოთ, რომ ვიყოთ ინოვატორები ყველა სფეროში.

აუცილებლად უნდა განვავითაროთ ჰუმანიტარული სფეროები, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დარგებს.

4 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო შეძლებდა საკუთარი  მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოებას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

ეს მოხდა, მათ შორის, იმის ხარჯზე, რომ დღეს ეს პროფესიები ძალიან პრესტიჟულია,  ხალხი აბარებს, სწავლობს, უცხოეთიდან ბრუნდება და ქმნის მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებს. 

თუმცა ჩვენ ამ გზის მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით და უნდა შევძლოთ ამ გზის ბოლომდე გავლა. უნდა გავხდეთ ისეთივე კონკურენტული ქვეყანა, როგორიცაა ისრაელი, სინგაპური და თუ ამ გზას მყარად გავუყვებით, ეს სრულიად რეალისტურია.

პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ სათანადო პირობები შევუქმნათ ჩვენს პედაგოგიურ კოლექტივს, ჩვენ პროფესორ-მასწავლებლებს მომზადების თვალსაზრისით თუ მატერიალური პირობების მხრივ, რათა დამკვიდრდეს სოციალური სამართლიანობა.

ამერიკულ  უნივერსიტეტში სტუდენტების 25 პროცენტი ისწავლის უფასოდ - სახელმწიფოს დაფინანსებით, ეს არ იქნება მდიდრების უნივერსიტეტი.

იგივე მოხდება კოლეჯებში. ჩვენ უკვე გავეცით 1000-ლარიანი ვაუჩერები და კიდევ გაცილებით მეტს გავცემთ, რათა ყველამ, განურჩევლად ასაკისა, მოახერხოს გადამზადება. თავად მინახავს 63-64 წლის ადამიანები, რომლებიც ამ კოლეჯებში გადიან გადამზადების კურსს და პოულობენ კიდეც სამსახურს.

ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი, ძალიან ჭკვიანი ხალხი, უბრალოდ მათ თანამედროვე პირობებზე სჭირდება მორგება.

ეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ დასაქმების პრობლება, ჩვენს პატარა და ძალიან დიდი პერსპექტივის მქონდე ქვეყანაში.

მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება და გითხრათ, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და საქართველოში შესაძლებელი იქნება თითის საჩვენებელი, საამაყო,  მართლაც მსოფლიო კლასის განათლების მიღება.

ჩვენ ყოველთვის გვყავდა დიდი მეცნიერები, ყოველთვის გვყავდა დიდი პედაგოგები, ყოველთვის გვყავდა ინოვატორები და ამ მხრივ, დღესაც არაფერი შეცვლილა - დღესაც გვყავს ძალიან ნიჭიერი ხალხი. ეს არის მუდმივი რამ - კონსტანტა.

ის, რაც დღეს უნდა შევქმნათ დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, არის მსოფლიო დონის, კონკურენტული საგანმანათლებლო სისტემა.

იმის მიუხედავად, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული საკითხია გადასაწყვეტი, ძალიან ბევრი რამ არის ასაშენებელი, ბევრიც - გამოსასწორებელი, ვფიქრობ, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ამ გზიდან არ გადავუხვევთ.

მე მინდა ყველა პედაგოგს მივმართო - ძალიან გვიყვარხართ!

თქვენ ძალიან უყვარხართ ქართულ საზოგადოებას და ძალიან გაფასებთ, ამიტომ ნურც ვინმეს დაშინებას აყვებით (ვიცი, რომ არ შეგეშინდებათ) და ნურც კრიტიკას.

რა თქმა უნდა, ხარვეზები ყველა სისტემაშია და იქნება კიდეც - ეს ასეა, მაგრამ ჩვენ ძალიან ვამაყობთ თქვენით!

ასე გააგრძელეთ და სახელმწიფო ყოველ მხრივ ამოგიდგებათ მხარში.

თქვენთან ერთად, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ ის საოცნებო საგანმანათლებლო სისტემა, რომელზეც ყველანი დღე და ღამე ვმუშაობთ, ვფიქრობთ და ვგეგმავთ.

დიდი მადლობა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)