Google+

სიახლეები

16.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი: „თუ ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ისე, როგორც ახლა ვდგავართ ამ ტაძარში, ჩვენ აღვადგენთ ერთიან, ძლიერ საქართველოს“

თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო სინოდის წევრებო, ყოვლად ღირსნო მეუფენო,

მინდა ყველას მოგილოცოთ ამ ტაძრის კურთხევა.

დიდი მეფე ბაგრატის მიერ აშენებული ეს ხელთქმნილი სასწაული არის საქართველოს ერთიანობის იდეის ყველაზე სიმბოლური განსახიერება.

მინდა მის უწმინდესობას დიდი მადლობა ვუთხრა ამ უდიდესი ტაძრის აღდგენის ინიციატივისთვის, ისევე როგორც ყველა იმ ტაძრისა, რომელიც, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ლოცვა-კურთხევით, თქვენი უშუალო ხელმძღვანელობით აიგო ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში.

ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ სამების ტაძარი, აღდგენილი ბაგრატი, ფოთის უბრწყინვალესი საკათედრო ტაძარი, რომელიც უახლოეს დღეებში იკურთხება და რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაუბრუნდა ჩვენს ეკლესიას, ასობით აღდგენილი სხვა ტაძარი, მთლიანად ახლიდან გააზრებული და ბრწყინვალებით აღდგენილი მცხეთა, სვეტიცხოვლის მიდამოები და თვითონ სვეტიცხოველი, დარიალის ტაძარი და მთელი მისი სამონასტრო კომპლექსი, მოწამეთა, აღდგენილი გელათის აკადემია, წმინდა გიორგის ტაძარი ახალციხეში და სხვა, არის ძალიან დიდი აღორძინების პერიოდი არა მხოლოდ ტაძრების, როგორც შენობებისა, არამედ როგორც საგანმანათლებლო ცენტრებისა და როგორც ხალხმრავალი ქადაგების ადგილებისა, პატრიოტიზმისა და ეროვნული სულისკვეთების გაღვივებისა - ის, რაც მისი უწმინდესობის საქმიანობას მთელი ეს ათწლეულები ასახავდა.

მისი საქმიანობა მართლაც არის ქართული ეროვნული სულიერების ბრწყინვალე გამოხატულება.

არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ გვყავდა ილია ჭავჭავაძე და ჩვენ გვყავს ილია მეორე, რომელმაც შეძლო ამ ეროვნული სულისკვეთების გაღვივება და აღდგენა.

ასევე, მინდა მივესალმო ყველა მეუფეს, მათ შორის, მეუფე კალისტრატეს, რომელსაც ძალა და ენერგია არ დაუზოგავს ყოველივე ამის გასაკეთებლად.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მშენებელს, რომელიც დღე და ღამე მუხლჩაუხრელად მუშაობდა.

მე ამ იდეით გავიზარდე და ამასთან დაკავშირებული პირადი ისტორიაც მაქვს - ჩემი დიდი ბაბუა იყო ნიკოლოზ წერეთელი, რომლის მამა  არქიმანდრიტი იოსებ წერეთელი მრავალი წელი მსახურობდა, მათ შორის, ქუთაისში. ბავშობიდან მახსოვს,  ძალიან ხშირად ამბობდა ბაბუა, რომ  მისი მამის ყველაზე დიდი ოცნება იყო ბაგრატის ტაძრის აღდგენა.

ამას ოცნებობდნენ იმერლების, ქუთაისლების, ზოგადად ქართველების მთელი თაობები და, ამ მხრივ, ჩვენ გამონაკლისს არ წარმოვადგენდით.

მისმა უწმინდესობამ სწორად უწოდა - ეს არის სასწაული და ეს მართლაც ოცნების ასრულებაა, ყველა ჩვენგანის სურვილის განხორციელება.

დღეს აქ ძალიან ბევრი ქუთაისელია მოსული.

ასევე აქ არიან ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მინდა მათ ვუთხრა: შესაძლოა, გვქონდეს სხვადასხვა ხედვა, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის თვალსაზრისით, მაგრამ, იმედია, არ განგვასხვავებს მთავარი რამ - საქართველო არასოდეს არ უნდა ჩავაბაროთ მტერს და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პირადი ამბიცია, მას არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა.

ჩვენ ბევრი რამით ვართ განსხვავებული, მაგრამ ეს არის ერთიანობის სიმბოლო და მთავარი რამ არ უნდა გაგვანსხვავებდეს - ჩვენს ქვეყანას არაფერზე არ გავცვლით, არასდროს არ დავაყენებთ ჩვენ პირად ინტერესს საერთო სახალხო ინტერესზე მაღლა; ყველა იმ დიდი გზით ვიმოძრავებთ, რომელსაც საქართველოს გაძლიერება და გაერთიანება ჰქვია.

იმ ეპოქაშიც, როდესაც ეს ტაძარი აიგო, საქართველოს გაერთიანება დასავლეთიდან დაიწყო.

საქართველოს გაერთიანება  და სულიერი აღორძინება დაიწყო მაშინაც, როდესაც ჯერ კიდევ 9 წლის წინათ სამეგრელოდან თბილისისკენ დიდი კოლონა წამოვიდა.

საქართველოს გაერთიანების ეტაპია ის, რომ ქუთაისში აშენდა პარლამენტი, აშენდა მთავრობის სახლი, ქუთაისში ინსტიტუციურად იქმნება პოლიტიკური ცენტრი.

რა თქმა უნდა, თბილისის როლი ამით მხოლოდ ძლიერდება, რადგან თბილისი როგორც არასდროს ძლიერია და დედაქალაქზე მიბმულია მთელი საქართველო...

ყოველივე ეს მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველო ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბდეს;

ეს ასევე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდეს საქართველოს, რადგან თუკი რაიმე განასახიერებს აფხაზეთის საქართველოში ყოფნას, არის, რა თქმა უნდა, ეს ტაძარი;

ეს ტაძარია ამ იდეის გვირგვინი და ამ იდეას მარტო ვერც მთავრობა ვერ განასახიერებს და ვერც პოლიტიკური პარტიები - ამ იდეის ხორცშესხმას უნდა ქართველთა მრავალი თაობა, რაც მეფე ლეონმა, მეფე ბაგრატმა მანამდე დაიწყეს, დავით აღმაშენებელმა დაასრულა. ამას მაშინ საუკუნეები დაჭირდა და თუ ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ისე, როგორც ახლა ვდგავართ ამ ტაძარში, როგორც ახლა აღვავლენთ ლოცვას ერთმანეთის მხარდამხარ და  აღვნიშნავთ ამ ტაძრის აღდგენას, ჩვენ აღვადგენთ ერთიან, ძლიერ საქართველოს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

ძალა ერთობაშია!

დიდ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ, თქვენო უწმინდესობავ, იმ უზარმაზარი ეროვნული და ისტორიული  ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ყოველივე ამის განხორციელებაში.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)