სიახლეები
13.09.2012
მიხეილ სააკაშვილი გურიაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და „ღიმილიანი საქართველოს“ მიმდინარეობით დაინტერესდა
საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის რაიონს ესტუმრა და სოფელ შრომაში გზის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა გზის დაგებაში მონაწილეობა თავადაც მიიღო და პროექტის დეტალებით დაინტერესდა. განახლებული გზა შრომას, ნატანებსა და ურეკს ერთმანეთთან დააკავშირებს. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობაზე სულ 200 ადამიანი დასაქმდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 თვეში დასრულდება.
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ნატანებში იმყოფებოდა, სადაც მისივე ინიცირებული პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილი სამუშაო პროცესით დაინტერესდა, სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა და მოსახლეობის იმ ნაწილსაც შეხვდა, რომლებმაც ამ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის სტომატოლოგიური მომსახურება უკვე მიიღეს. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ამ პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მსგავსი სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით, კი სოფლად მცხოვრები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.
„ადამიანს თუ კბილის პრობლემა აქვს, ჯანმრთელობა და ფსიქოლოგია ენგრევა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. სტომატოლოგის მომსახურება, ბევრისთვის არ არის ხელმისაწვდომი, რადგან ყოფითი პრობლემების გამო, ამისთვის ფული აღარ რჩებოდათ. საქართველოს უამრავ ადგილზე არ იყო კარგი სტომატოლოგიური კაბინეტი, მით უმეტეს, სოფლებში. აქედან გამომდინარე ეს პროგრამა ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.