Google+

სიახლეები

13.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ახალი კურორტის ფარგლებში სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა გოდერძის უღელტეხილთან ახალი სასტუმრო-კომპლექსის „პიაცა ალტას“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. აქვე შეიქმნება ახალი კურორტი, რომლის პროექტის ფარგლებში ორი  შვიდსართულიანი ნაგებობა აშენდება და სრული ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, მათ შორის სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული კაფე-ბარები, საცურაო აუზები, საბაგირო გზები და სათხილამურო ტრასები...

 „საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალი ნიშანი ჩნდება. ამდენი ახალი გეოგრაფიული ცენტრი არც ერთ ეპოქას არ ახსოვს. აუცილებლად უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი, რომლის მიხედვითაც ამ კურორტს სახელს დავარქმევთ. ამ კონკურსს ჩემს facebook გვერდზე გამოვაცხადებ და ყველამ ერთად მოვიფიქროთ ამ კურორტის სახელი რამე რომანტიკული და ადვილად დასამახსოვრებელი. აქ იქნება ერთდროულად ზამთრის, სათხილამურო კურორტიც იქნება და საზაფხულოც. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ მომავალ გაზაფხულს უკვე გვექნება. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ამიტომ ყველაფერი დროულად უნდა გავაკეთოთ. აქ  ძალიან მშრომელი ხალხია, მაგრამ ამ რაიონებს სჭირდება განვითარება, ჩვენ ჯერ გომარდულის განვითარება დავიწყეთ და შემდეგ ქედის. ორი საუკეთესო ახალი სკოლა გავაკეთეთ, სადაც უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდა, აქ კი ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება და მაღალმთიან აჭარაში შემოსავლის წყარო გაჩნდება. მსოფლიოში არ არსებობს ასეთი კარგი მონაცემების მქონე მაღალმთიანი კურორტი, სადაც ხალხი არ არის დასაქმებული და ასე ღარიბად ცხოვრობს. ამბობენ ხოლმე, რომ ჩვენ თითქოს უცხოელებისთვის ვაწყობთ  ყველაფერს... უცხოელებისთვის კი არა, ყველაფერი ამ ხალხისთვის გვინდა. აქაურებს სხვა პერსპექტივა არ აქვთ, თუ არა ეს. ახალციხეში საუკეთესო ადგილი გაკეთდა და რეალურად ტურისტული მარშრუტი შეიქმნა. ვანშიც კეთდება მუზეუმი და აჭარისათვის ესეც ერთ-ერთი ტურისტული მარშრუტია. თავის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ გზის გაყოლებაზე უამრავი ბიზნესი გაჩნდება, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა, უფრო მეტ ხალხს დაასაქმებს და უფრო მეტი შემოსავალი შემოვა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მშენებლობის  პირველი ეტაპი 2013 წლისათვის  უნდა დასრულდეს, 2014 წლისთვის კი აქ 5 ნაწილიანი სასტუმრო-კომპლექსი ამოქმედდება. პარალელურად, კიდევ სამი სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. უკვე დაწყებულია საბაგირო გზების მშენებლობა, რომლებსაც ავსტრიელი ინჟინრები ამონტაჟებენ. ასევე მიმდინარეობს სათხილამურო ტრასების მოწყობაც,  რომელთა საერთო სიგრძე, ამ ეტაპზე, 4 კილომეტრი იქნება, შემდეგ კი 50 კილომეტრს მიაღწევს. აღნიშნული კურორტის განაშენიანების ფარგლებში, წელს უკვე დასრულდა 50 დამსვენებელზე გათვლილი კოტეჯების მშენებლობა. საწყის ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, 300 ადგილობრივია დასაქმებული.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)