სიახლეები
11.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ხარაგაულში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს დაბა ხარაგაულს ესტუმრა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ვახტანგ ბალავაძესთან ერთად კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მიერ ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. რაიონის ცენტრში ბუნებრივი გაზი, სიმბოლურად, მიხეილ სააკაშვილმა აანთო და მოსახლეობას კეთილდღეობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი მიულოცა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამიერიდან, დაბა ხარაგაულში მცხოვრებ, დაახლოებით, 250 ოჯახს საშუალება ექნება ბუნებრივი გაზით ისარგებლოს. გაზსადენის მშენებლობაზე 30 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული.
„სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სამუშაოები საპრეზიდენტო პროგრამის “გაზი ყველა სოფელს” ფარგლებში შეასრულა. ხარაგაულის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 4 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი აშენდა. 2013 წელს კი, დამატებით, 13-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა იგეგმება. მისი დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობა კიდევ 706 ოჯახს ექნება. დაგეგმილ სამუშაოებზე 40 ადამიანი დასაქმდება.
დღესვე ქვეყნის პირველმა პირმა ხარაგაულში ახლადგახსნილი სპორტის სასახლეც დაათვალიერა, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და 500 მაყურებელზეა გათვლილი.