Google+

სიახლეები

12.08.2012
მიხეილ სააკაშვილი და რიჩარდ ლუგარი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალურ ლაბორატორიას ესტუმრნენ

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელ სენატორთან ერთად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას ესტუმრა.  ლაბორატორიას დღეს რიჩარდ ლუგარის სახელი მიენიჭა იმ ღვაწლისთვის, რომელიც ამერიკელ სენატორს მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში მიუძღვის. ქვეყნის პირველმა პირმა და სენატორმა ცერემონიალზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვითაც მიმართეს და ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  მიხეილ სააკაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდა.

საქართველოს პრეზიდენტმა და სენატორმა ლუგარმა დღესვე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შენობასაც ჩაუყარეს საფუძველი. საზეიმო ცერემონიალის შემდეგი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი  ლაბორატორია, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ სენატორს პირადად დაათვალიერებინა.

„ასეთი დონის ინვესტიციებს საბჭოთა კავშირის დროს რუსეთი არასდროს არ დებდა საქართველოში. ისინი ძალიან ფრთხილობდნენ, რომ ჩვენ მსგავს რამეზე ხელმისაწვდომობა არ გვქონოდა. უნდა გვესმოდეს, თუ რა განსხვავებაა ამერიკის მეგობრობასა და იგივე საბჭოთა კავშირის ან რუსეთის სახეცვლილი ფორმის კოლონიურ დამოკიდებულებასა და მორჩილებას შორის. ამერიკელებს არ ეშინიათ ამ დონის ტექნოლოგიური ინვესტიციების ჩადება მის მეგობარ მოკავშირე ქვეყანაში, პირიქით, მათ ამის სურვილი აქვთ. ამას იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ამ უდიდეს განსხვავებას ვერ ხედავს. რიჩარდ ლუგარი არის ადამიანი, რომელმაც სენატში ის რეზოლუციები გაიტანა, რომელთა შედეგადაც საქართველო ახლა შეიარაღებული ძალების აღჭურვაში სრულ დახმარებას იღებს. ძალიან დიდი ბრძოლისა და მოტივაციის შედეგად, ჩვენ დავიწყეთ თავდაცვის სფეროში ამერიკასთან თანამშრომლობის პროგრამები. ეს ისტორიული საქმეა საქართველოსთვის. რამდენიმე წლის წინათ ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო. ამის ერთ–ერთი მთავარი ავტორი სწორედ სენატორი რიჩარდ ლუგარია. ამერიკას, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა პრიორიტეტი აქვს, მაგრამ მან სწორედ საქართველოს საკითხებზე მოახდინა კონცენტრაცია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რიჩარდ ლუგარმა, თავის მხრივ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს გამოჩენილი ინიციატივისთვის და აღნიშნა, რომ ახალი ლაბორატორია ქვეყანას საშუალებას მისცემს საზოგადოების ჯანდაცვაზე კიდევ უფრო საფუძვლიანად იზრუნოს.  

„მადლობას ვუხდი პრეზიდენტს იმ ლიდერობისთვის, რომელსაც ის იჩენს. ეს ლაბორატორია არის შესანიშნავი მაგალითი იმ ინიციატივისა, რომელიც ამერიკიდან მომდინარეობდა, მაგრამ ამის განხორციელება შესაძლებელი გახდა, ასევე, იმ ლიდერობისა და ინიციატივის დახმარებით, რომელსაც საქართველო იჩენდა. აღსანიშნავია ამ ქვეყნის კრეატიულობა და დინამიზმი. ამ დაწესებულებით საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს რეგიონში, მაგრამ აქ, ასევე, ათასობით სიცოცხლე გადარჩება. საქართველოს ექნება შესაძლებლობა იზრუნოს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და რეგიონის ლიდერი გახდეს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სენატორმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია ქართულ-ამერიკული პროექტია და აშშ-სა და საქართველოს შორის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში თანამშრომლობისა და იმ მნიშვნელოვანი როლის სიმბოლოა, რომელსაც საქართველო შესაძლო საფრთხეებისაგან საკუთარი თავისა და რეგიონის დაცვის საქმეში ასრულებს.

თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი დაწესებულების მიზანია გააძლიეროს და განავითაროს საზოგადობრივი და ცხოველთა ჯანდაცვა, ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური  ზედამხედველობის და კვლევის გზით. ლაბორატორიას უკვე სტუმრობდა რამდენიმე ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის, სინგაპურის წარმომადგენლობა, რომელმაც რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)