Google+

სიახლეები

08.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოში ფოთის პორტის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი ფოთში დღეს 2008 წლის 8 აგვისტოს პორტის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა ყვავილები ზღვაში, სიმბოლურად, იმ ადგილიდან ჩაუშვა, სადაც 4 წლის წინათ რუსული ბომბები ცვიოდა. ქვეყნის პირველმა პირმა ქალაქის ნავსადგურში შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

„ფოთის პორტის თანამშრომლები გმირები იყვნენ. საქართველოსთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდებოდა მომარაგება; მაშინ, როდესაც გზები გადაჭრილი იყო, საჰაერო სივრცე კი - ჩაკეტილი და ელემენტარული სასიცოცხლო ფუნქციების შეწყვეტის წინაშე ვიდექით,  ამ ღირსეული და განსაკუთრებული ქალაქის პორტის გმირი თანამშრომლები, ჩვეულებრივ გამოვიდნენ ღამის ცვლაში და სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფდნენ იმას, რომ სახელმწიფო არ გაჩერებულიყო. ეს ადამიანები ნამდვილი გმირები იყვნენ, რადგან გმირობა სხვა არაფერია, თუ არა მსგავსი მოქმედება. თითოეული მათგანი ყველაზე გადამწყვეტ მომენტში დაუდგა გვერდით საკუთარ  სამშობლოს და მტერმა ვერ მიაღწია მიზანს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა რუსული სცენარის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გაცხადდა, თუ ვინ იყო ომის ინიციატორი. მისი თქმით, რუსეთის ლიდერმა დღეს თავად აღიარა იმის თაობაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლამდე დიდი ხნით  ადრე დაიგეგმა და იყო კარგად გათვლილი ოპერაცია ქართული სახელმწიფოებრიობის, მისი  სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მცდელობის მიუხედავად, დაეკნინებინა საქართველო, შეეფერხებინა მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები თუ დემოკრატიული წინსვლა, ქვეყანამ ყველა დაბრკოლება გადალახა და განვითარებას აგრძელებს.  

„მტრის მიზანი ძალიან კონკრეტული იყო - დაეკნინებინა საქართველოს პოლიტიკური მნიშვნელობა, ჩაეკეტა სატრანზიტო და სატრანსპორტო გზები, მათ შორის, ეს არტერიაც - ფოთი, დაემხო საქართველოს მთავრობა და ფიზიკურად გაენადგურებინა ქვეყნის ლიდერები; შეეცვალა საქართველოს დემოკრატიული წყობილება, შეეჩერებინა მისი სვლა ევროპული ინსტიტუტებისა და ნატო-სკენ. დამპყრობელმა ვერც ერთ ამ მიზანს ვერ მიაღწია და მან კარგად იცის, რომ ჩვენი მიწის არც ერთი გოჯი არ შერჩება. მან ჩვენზე უკეთესად იცის ის, რომ თუ საქართველო ბოლომდე გაიმართა წელში, განვითარდა ისე, როგორც ამას ვგეგმავთ, შევიდა ყველა წამყვან საერთაშორისო ინსტიუტუტსა და ორგანიზაციაში, მას მოუწევს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია და აქედან თავისი ჯარების გაყვანა. აი, ეს არის დღევანდელი ვითარების მნიშვნელობა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობის თანადგომაზეც გაამახვილა. პრეზიდენტის თქმით, მათი დახმარება მნიშვნელოვანი იყო როგორც ომის დროს, ისე მისი დასრულების შემდეგ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, სწორედ მათი თანადგომის შედეგია ის, რომ რუსეთმა საკუთარი ქმედებების ლეგალიზაცია ვერ მოახდინა და დასძინა, რომ საქართველო დღესაც მხოლოდ იმიტომ სარგებლობს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რომ არ შეეპუა არსებულ ვითარებას და განაგრძო ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.  

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომი ქართული სახელმწიფოს განვითარებისა და ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შედეგი იყო. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე რეფორმები აუცილებლად გაგრძელდება და ქვეყანა კვლავ განაგრძობს სვლას არჩეული კურსით.

პრეზიდენტი კონკრეტული  მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო და მათ წარმომადგენლებს სოლიდარობისა და მოვლენების რეალურად შეფასებისკენ მოუწოდა.

„დღეს დილით ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის სატელევიზიო არხმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალა, რომელმაც დაბომბა ჩვენი ტერიტორია, რომელიც შემოიჭრა და ფეხქვეშ გათელა ჩვენი სოფლები და ქალაქები, ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თურმე, ლეგალურად შემოვიდა. რუსეთის არმია საქართველოს ტერიტორიაზე, თურმე, სრულიად კანონიერად მოქმედებდა! იმ ხალხს, ვინც ამას ამბობს,  ელემენტარული ღვთისნიერება, იოტისოდენა წესიერება მაინც არ უნდა გააჩნდეს?! ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ შეუძლიათ ყველაფერი იფიქრონ - ფიქრს მათ ვერავინ აუკრძალავს, მათ შეუძლიათ თქვან ის, რაც სურთ, რაგინდ ამაზრზენიც არ უნდა იყოს მათი აზრი, მაგრამ ნუთუ სოლიდარობის პატარა გრძნობა და უნარი მაინც არ გააჩნიათ, გაიზიარონ საყოველთაო ტკივილი და დღეს მაინც არ ილაპარაკონ ამის შესახებ?! მაშინ, როდესაც ყველანი გაჩერებული უნდა ვიყოთ და პატივს მივაგებდეთ ჩვენს დაცემულ თანამოქალაქეებს, ჩვენს მებრძოლებსა და მშვიდობიან ხალხს. ერთია, გეზიზღებოდეს მთავრობა და მეორეა ის, რომ ამართლებდე აგრესიას შენი ქვეყნის წინააღმდეგ - შენი ქვეყნის დაპყრობისა და განადგურების მცდელობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ფოთის ნავსადგურში 2008 წლის 8 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ დაბომბვისას დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ფოთის და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გადაიხადა. ქადაგებისას, მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავი არავინ არ უნდა დაზოგოს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)