Google+

სიახლეები

05.07.2012
მიხეილ სააკაშვილი პრემიერთან და მთავრობასთან ერთად სოფელ ხრეითის მოსახლეობას შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ჭიათურის რაიონში იმყოფებოდა, საიდანაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად მაღალმთიან სოფელ ხრეითში გაემგზავრა. 18-კილომეტრიანი გზის მონაკვეთი მიხეილ სააკაშვილმა ავტობუსით მათთან ერთად გაიარა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.

ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათთვის საჭირბოროტო საკითხების თაობაზე ისაუბრა. ხრეითის მთავარ პრობლემად ადგილობრივებმა უგზოობა, წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა და დაწყებითი და საჯარო სასწავლო დაწესებულებები დაასახელეს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში არ შეკეთებულა და მათ კაპიტალური რემონტი ესაჭიროება. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ხრეითი იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული პრობლემები მთიანი რაიონების სოფლებში. 

„მსოფლიოში არ ვიცი ისეთი მთავრობა, ამდენს რომ დადიოდეს. მაგალითად, ჩვენი მთავრობის ორი წევრი დევნილია, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. მათ მშვენივრად იციან გაჭირვების ფასი და რამდენად რთულია იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ. ჩვენ გვყავს ვანო მერაბიშვილი, რომელზეც ხშირად მომიყოლია - იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგად სწავლობდა, მას 2-ჯერ ემუქრებოდა ტექნიკური უნივერსიტეტის მიტოვება, რადგან ოჯახი ვეღარ არჩენდა. იგი სიღარიბეში გაიზარდა და ასე ცხოვრობდა. ეს კარგად მახსოვს, რადგან იმ დროიდან ვიცნობ. როდესაც ზურაბ ადეიშვილი გავიცანი, თბილისში რუსთავიდან დადიოდია. იგი კახეთიდან, ყვარლის რაიონის სოფელ მთის ძირიდანდან იყო ჩამოსული და იმის გამო, რომ თბილისში ბინის ქირის გადახდის საშუალება არ ქონდა, რუსთავში ქირაობდა ბინას. ზურა მაშინ იურიდიულ კომიტეტში ჩემი თანაშემწე იყო. ზურაბ ჭიაბერაშვილიც კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან არის და მანაც  გაჭირვებით გაიკვალა გზა. ჩვენი მთავრობა ხალხიდან არის გამოსული, ხალხის ნაწილია და ამიტომ კარგად გვესმის, რა არის კონკრეტული ადამიანების მოთხოვნები, გასაჭირიც და სასწრაფოდ გასაკეთებელიც. დღეს საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის პირველი სამუშაო დღეა. არ მინდოდა, რომ კაბინეტებში დამსხდარიყვნენ დილიდან და უბრალოდ ანგარიშები და, თუნდაც, საერთაშორისო ორგანიზაციების მაჩვენებლები კი არ ენახათ, რომლებშიც დადებითი შეფასებები და პროგრესი ჭარბობს, არამედ არსებული, მათ შორის, მწარე რეალობაც, როგორიც ჯერ კიდევ საქართველოს ბევრ ადგილზე გვაქვს. აქ ცხოვრობს ძალიან კარგი, შრომისმოყვარე, წესიერი, დარბაისელი და განათლებული ხალხი. ეს მე ძალიან კარგად ვიცი, რადგან ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი ზემო იმერეთში მაქვს გატარებული. აქაურობას არც ერთი წყობის დროს არ ეშველა. აქ ჩვენ სპეციალურად არ ამოვედით ვერტმფრენით, რათა ეს გზა გამოგვევლო.  ბოლო 40-45 წუთი მთავრობის წევრები ამ გზით ავტობუსით ვატარეთ, რათა საკუთარი თვალით ენახათ რა გზას გადის თითოეული თქვენგანი ყოველდღე ჭიათურაში ჩასასვლელად და უკან დასაბრუნებლად. თქვენგან ბევრი მუშაობს ჭიათურაში, ბოლოს და ბოლოს, ჭიათურაში არის ახალი საავადმყოფო, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, ასევე ბაზარი და, ზოგადად, აქედან გასასვლელი ჭიათურისკენ მიდის. აი, ნახეთ ეს სკოლა, რომელსაც, ალბათ, ხელი არ შეხებია მას შემდეგ, რაც აშენდა. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი სკოლა ავაშენეთ. ზოგიერთი ისეთია, რომ მსგავსი, შვეიცარიაში, ჰოლანდიასა და ამერიკაშიც არ არის - ლიფტებით, შუშის ფასადებით, საუკეთესო სპორტული დარბაზებით. თუმცა ასეთი, მიუხედავი სკოლებიც დარჩა. განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი არის ხატია დეკანოიძე. ვიდრე საქართველოში ასეთი სკოლები იქნება, ძნელია ილაპარაკო იმაზე, რომ განათლების რეფორმა ბოლომდე წარმატებულია. ვარდების რევოლუციის შემდეგ 8 წელიწადი გავიდა და მთელი თაობა გაიზარდა სკოლაში, რომელსაც გაუმჯობესება არ დატყობია, თუ არ ჩავთვლით სახელმძღვანელოებსა და მერხებს, რომელთა შეცვლა ამ 2-3 წლის წინათ დავიწყეთ. ამას გარდა, სოფელში წყალი არ არის ამოყვანილი. ზემო იმერეთში ძალიან ბევრი ადგილია ისეთი, სადაც წყალი სახლებამდე არ არის მიყვანილი. ხალხს არ უნდა უწევდეს ორი და სამი კილომეტრიდან წყლის ზიდვა, როგორც ეს იყო ხუთი საუკუნის წინათ. აი, ეს არის ის, რაც მინდოდა ენახა  მთავრობას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივებთან საუბრისას.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)