Google+

სიახლეები

04.07.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი მინისტრი წარადგინა

როგორც იცით მთავრობა უკვე დამტკიცებულია.

თქვენ ვანო მერაბიშვილთან ერთად მთელი ეპოქა შექმენით არა მხოლოდ საქართველოს პოლიციის ისტორიაში, არამედ მსოფლიოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის.  

მაქვს პრეტენზია, რომ ერთ–ერთი საუკეთესო პოლიცია გვაქვს. ეს ხმამაღალი განცხადება არ არის.

ჩვენ ვიყავით ერთ–ერთი ყველაზე კრიმინალიზებული, მაფიოზური, კორუმპირებული, ხელიდან წასული ქვეყანა.

ევროკავშირის ბოლო სამი წლის გამოკვლევებით, ჩვენ ვართ ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ეს სიმართლეა.

ჩვენ ვართ უფრო უსაფრთხო ვიდრე დანია, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი...

ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმის დაფასება და უნდა გვესმოდეს რამდენად დიდ წარმატებას  მივაღწიეთ.

ეს მართლაც თითოეული თქვენგანის დამსახურებაა.

რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პოლიციელის ხელფასი არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, ვიცი ისიც, რომ თითოეულ თქვენგანს გაცილებით მეტი მოთხოვნა აქვს, მატერიალური თვალსაზრისითაც და დაფასების მხრივაც, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ამაყი ერი ვართ და ამიტომ არის, რომ შეიარაღებულ ძალებთან ერთად, საქართველოს პოლიცია ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო ინსტიტუტია ქვეყანაში.

ბაჩო ახალაია თქვენთვის უცხო ადამიანი არ არის.

მას ძალიან ბევრი ერთგული მომხრე ჰყავს, მაგრამ კონკრეტული მიზეზების გამო ჰყავს მტრებიც.

როდესაც იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დავნიშნეთ, ერთმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა, ჩვენი მთავრობის მომხრემ და მითხრა: მგონი ცუდად მიდის ჩვენი საქმე - 26 წლის ბიჭი ამას ვერ შეძლებსო.  

მე იუსტიციის მინისტრი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი, რა საშინელი სფერო იყო სასჯელაღსრულება.

ბაჩომ ეს შეძლო და თან - ძალიან კარგად.

ჩვენთან კრიმინალური სტრუქტურა შედგებოდა კანონიერი ქურდებისგან, ორგანიზებული დანაშაულისგან, მეორე ფლანგი - მეორე შრე ქუჩის დანაშაული იყო. მესამე შრე - ძალიან მნიშვნელოვანი - ეს იყო ციხიდან დანაშაულის მართვა, ხოლო მეოთხე დანაშაული სკოლებში.

პირველ ორს ჩვენ გასაქანი არ მივეცით. პირველს - ორგანიზებულ დანაშაულს მოვერიეთ იმით, რომ მთავრობა გამოვაცალეთ ხელიდან და შესაბამისი კანონები მივიღეთ.

მეორე გავაჩერეთ იმის ხარჯზე, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით ქუჩის დანაშაულის ავლაგმვეთ.

მესამე იყო ძალიან რთული. ბევრ ქართველს, ალბათ, ახსოვს, როგორ ხდებოდა ციხიდან რეკვა იმის თაობაზე, რომ მობილურზე ჩაერიცხათ ფული და ა.შ. მაშინდელი ერთი–ორი ჩვენი მინისტრიც კი გახდა ამის მსხვერპლი...

ციხეები იყო ძალადობისა და ნარკოტიკების ცენტრი და მან მოახერხა ამის აღკვეთა.

შემდეგი ფენა უკვე განათლების სისტემას შეეხებოდა და სკოლებშიც შეძლო ამ პრობლემის გადაჭრა. ასე რომ,  დანაშაული მთლიანად აღმოვფხევრით საქართველოში.

სწორედ ამით „მოაგროვა“ მტრები. ბოლო და ბოლოს, ლაპარაკია იმაზე, რომ ეს განპირობებული იყო ჩვენში დანაშაულის დონით.

მე სულაც არ მსურს, რომ საქართველოში ხალხი იყოს ციხეში და გვყავდეს ბევრი პატიმარი და ახლა ჰუმანიზაციისა და ალტერნატიული სასჯელების სხვადასხვა ფორმები უნდა მოვიფიქროთ.

რა თქმა უნდა, ბევრი ოჯახის წევრია ამით გამწარებული; რა თქმა უნდა, ხდება ამ ხალხით მანიპულაცია; რა თქმა უნდა, ადამიანები ბოლომდე იქნებიან კმაყოფილი, ვიდრე მათი ოჯახის წევრი იქნება ციხეში...

ეს ასეა, ეს სამწუხაროა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს სულაც არ მახარებს.

პოლიცია ძალიან კარგად აწყობილი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ქართული სტრუქტურაა.

მისი ხელძღვანელის პრემიერ-მინისტრად გადაყვანა სწორედ იმას ადასტურებს, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი.

ჩვენ ერთობლივად ვმსჯელობდით და ვანო მერაბიშვილის თხოვნაც იყო, რომ მისი შემცვლელი, სწორედ ბაჩო ახალაია ყოფილიყო.

მე, რა თქმა უნდა, სავსებით ვეთანხმები.

ეს ფაქტი გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტსაც იწვევს და ამიტომ დავით ახალაიას მოუწევს ამ სტრუქტურის დატოვება - ეს გარდაუვალია. ჩვენ ვერ შევქმნით ოჯახურ ჯგუფებს სამინისტროების შიგნით და ეს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რაც არის დაწყებული და მივიყვანოთ კიდეც ბოლომდე.

საქართველოში ვეღარასდროს ვერ უნდა დაბრუნდეს კრიმინალი, ვეღარასდროს ვერ უნდა დაბრუნდეს კორუფცია, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებსა და ჩვენს ოპონენეტებს.

პოლიცია არის დეპოლიტიზებული სტრუქტურა.

ჩვენ ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანის გვჯერა.

თქვენ თანასწორად უნდა იცავდეთ ყველას და ყველას მიმართ უნდა გქონდეთ ერთი კრიტერიუმი, ყველას მიმართ უნდა იყოს ერთნაირი, ობიექტური დამოკიდებულება.

თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილი იმ ხალხის მიმართ, ვისაც კორუფციული კრიმინალური სისტემის აღდგენა სურს; ვისაც სურს, თუნდაც,  პოლიციაში ძველი "ნაგვის" დაბრუნება - კრიმინალების, ნარკოტიკების გამსაღებლების და ა.შ.

როგორც იქნა, საქართველოში ნარკომანია შევამცირეთ და ნამდვილად არ დავუშვებთ ამის  დაბრუნებას.

სწორედ ამიტომ გვჭირდება, ტრადიციისამებრს, მადლიერი ხელმძღვანელები, მაგრამ ჰუმანური, დემოკრატიული შეხედულებებით.

ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ შემდგომი ხელშეწყობა.

აქ ძალიან მაღალი კლასის ხელმძღვანელობაა - სამინისტროს ყველა უწყების, ყველა რგოლის სათავეში და მათ დიდი გაფრთხილება,  ყველანაირად ხელშეწყობა სჭირდებათ.

ვფიქრობ, ეს პრობლემა ახალ მინისტრს არ ექნება.

მინისტრები, პრეზიდენტი, თუნდაც, პრემიერი - ჩვენ ყველანი მეორეხარისხოვანი ვართ,  ყველაზე მნიშვნელოვანი რამის ჩვენი უსაფრთხო ქვეყნის გარანტის - იმ ინსტიტუტთნ მიმართებაში, რომელიც ჩვენი პოლიციის სახით შევქმენით. ეს არის მთავარ მონაპოვარი, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას და ამას თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. 

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვანო მერაბიშვილს ამ ისტორიული ფუნქციის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის და შემდგომი წარმატება ვუსურვო ახალ მინისტრსა და თითოეულ თქვენგანს.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)