Google+

სიახლეები

12.06.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციული ბრიფინგი ახალი ინიციატივების შესახებ საუბრით დაიწყო, რომელიც განათლების სფეროს, კერძოდ, გამოცდების ახალი სისტემის შემოღებას უკავშირდება.

"ვფიქრობ,  ახალი ინიციატივა 8 + 1 განათლების  სფეროში რეფორმების გაგრძელების მხრივ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საატესტატო გამოცდების დანერგვამ და წარმატებით განხორციელებამ, საგამოცდო სისტემის განვითარების და მოდერნიზაციის საჭიროება დაგვანახა. საატესტატო გამოცდები უკვე ორი წელია მიმდინარეობს. გასული ორი წლის მანძილზე ეს სისტემა სწორი  მიმართულებით ვითარდებოდა. განათლების სამინისტრომ სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ მისი მოდერნიზაცია და კიდევ უფრო გაუმჯობესება. 2013 წელს უკვე შეგვეძლება 8+4 მოდელი 8+1 მოდელით შევცვალოთ, რაც მსოფლიოში აღიარებული საგამოცდო სისტემაა. მაგალითად, ამერიკის, საფრანგეთის და გერმანიის საგამოცდო სისტემებიც მუდმივად განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესშია. როგორც იცით, საქართველო ჩართულია ბოლონიის პროცესში და არის ლისაბონის კონვენციის მონაწილე. იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი ევროპული უმაღლესი განათლების ნაწილი, ვალდებული ვართ, ის გამოცდილება გავიზიაროთ, რომელიც ამ ქვეყნებშია დანერგილი და აღიარებული", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, 2005 წელს პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდებიშ ჩატარებისას ქვეყანა, აბსოლუტურად, სხვა გამოწვევების წინაშე იდგა. სწორედ, მაშინ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა ქართული განათლების სისტემაში. ამ მოდელით სრულად აღმოიფხვრა კორუფციის შესაძლებლობა და, რაც მთავარია, მოსწავლეს საშუალება მიეცა, საკუთარი ცოდნით მოხვედრილიყო უმაღლეს სასწავლებელში.

ახალი ინიციატივის თანახმად, საატესტატო რვა სავალდებულო გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად ოთხი გამოცდის ნაცვლად ჩააბარებენ მხოლოდ ერთს - უნარ-ჩვევებში. შესაბამისად, მათ მხოლოდ ერთ გამოცდაზე გასვლის საფასურის გადახდა მოუწევთ.

"მიმდინარე რეფორმის შედეგად, საქართველოში მიღებული ცოდნით აბიტურიენტი კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს მსოფლიო ბაზრისთვის. ამიტომაც, მეტად მნიშვნელოვანია ქართული საგამოცდო სისტემის ინტერნაციონალიზაცია. საქართველო აღიარებს სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდებს. ამ სისტემაში ჩვენც აქტიურად უნდა ჩავერთოთ", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგზე კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელება, ფაქტობრივად, უკვე დასრულებულია. საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში უკვე შეხვდა სტუდენტებს და ახალი სტუდენტური ბარათების "გაიმარტივე ცხოვრება" მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

"განათლების და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი  მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენს სტუდენტებს გადაეცეთ ბარათები, რომელიც ათეულობით ათას სტუდენტს შეუმსუბუქებს ხარჯებს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საკმაოდ ბევრმა სახელმწიფო და კერძო კომპანიამ გამოთქვა სურვილი ჩართულიყო ამ პროცესში", - განმარტა პრესსპიკერმა.

ბრიფინგის დასასრულს მანანა მანჯგალაძემ ყველა ქალაქსა და სოფელში 24-საათიანი წყალმომარაგების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებულ დეტალებზე საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს.

"წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების ინიციტივა ყველა ქალაქსა და უკლებლივ  ყველა  რაიონულ ცენტრს შეეხება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა სოფლად მცხოვრები მოსახლოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის  გადაწყვეტას ითვალისწინებს", - დასძინა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მან ასევე პრეზიდენტის უახლოესი ღონისძიებები დააანონსა და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილია ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის ემონ  გილმორის საქართველოში ვიზიტი და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, სავარაუდოდ, ბათუმში გაიმართება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)