Google+

სიახლეები

10.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა აღმაშენებელზე დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აღმაშენებლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მიხეილ სააკაშვილმა განახლებული მარჯანიშვილის ქუჩაც გახსნა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია განხორციელდა და ახალი თაღი აშენდა. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათთან ახალი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  ქვეყნის პირველმა პირმა იმ შესაძლებლობებზეც ისაუბრა, რომელიც ხალხს ამ ახალი პროექტების განხორციელების შედეგად ექმნება. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ისტორიის არც ერთ ეპოქაში, ერთბაშად იმდენი არ აშენებულა, რამდენიც ამ პერიოდში შენდება. მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისში მიმდინარე მშენებლობები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ინვესტიციების რაოდენობის ზრდას.  ქვეყნის პირველი პირი აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე დედაქალაქის მერთან გიგი უგულავასთან ერთად იმყოფებოდა.

„ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, მაგრამ, როდესაც ადამიანს ყოველდღიური პრობლემები აქვს, ბოლომდე ვერ აცნობიერებს რამდენად დიდი მასშტაბის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისში. ისტორიულად, არც ერთ ეპოქაში ერთბაშად იმდენი არ აშენებულა, რამდენიც ახლა შენდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ახალი შენობა, მის უკან მდებარე ბინების ფასს რამდენჯერმე - 30-60 პროცენტით ზრდის. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისად  იზრდება შესაძლებლობა ხალხისთვის, ბავშვებისთვის იქმნება უკეთესი პირობები და თბილისი ვითარდება. დედაქალაქი დღეს საქართველოს აღმშნებლობის ცენტრია, მაგრამ თბილისში იმდენი პრობლემაა, რომ, ერთი მხრივ, ძალიან ბევრი რამ კეთდება და თქვენ ამას ხედავთ, ხოლო, მეორე მხრივ, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება არსებული პრობლემები. ადრე ასეთი კონტრასტი არ იყო. ახლა, როდესაც რაღაც კეთდება, ბუნებრივია, დიდი კონტრასტი ჩნდება იმასთან შედარებით, რასაც ჯერ არ შევხებივართ. ხალხის მოთხოვნაც სულ უფრო იზრდება - რაც უფრო მეტი კეთდება, ხალხს უფრო მეტი უნდა და ეს ბუნებრივიცაა. თბილისში ამდენი ტურისტი არასდროს არ ყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ ბიზნესს გაუჩნდა შესაძლებლობა. გუშინწინ შემთხვევით გავიარე სასმელების მაღაზიასთან და უცხოელების რიგი დავინახე, რომლებიც ქართულ ჭაჭას ყიდულობდნენ. ე.ი. კიდევ ათი მაღაზია რომ გაიხსნას, ათივე დაიტვირთება. ამიტომ, ყველამ უნდა იფიქროს პატარა ბიზნესების გახსნაზე. ჩვენ კი უნდა ვიფიქროთ რით შევუწყოთ ამას ხელი. აგერ პასაჟი გაკეთდა, სადაც ბევრი მაღაზია უნდა გაიხსნას... ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს და განვითარდეს. ამ ლამაზმა ფასადებმა ხელი უნდა შეუწყოს ტურისტების რაოდენობის ზრდას,  და შესაბამისად, ახალი მაღაზიების, ახალი კაფეების, სუვენირების ახალი საწარმოების გახსნას. ეს კი, თავის მხრივ, უზრუველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. თითოეულ ოჯახში უნდა გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები. აქ ცხოვრობს ძველი ქართული ინტელიგენცია, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა 90-იან წლებში. ხალხმა დაკარგა მუდმივი სამსახური და, თითქოს, მიწა გამოეცალა ფეხქვეშ. მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს ისევ ასეა. ამიტომ, საჭიროა ეს ხალხი გადავამზადოთ, რათა ხალხს დამატებითი შესაძლებლობები გაუჩნდეს. მე, როგორც თბილისელი, ასეთი ამაყი არასდროს არ ვყოფილვარ ჩემი ქალაქით, როგორც ახლა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია მხოლოდ გარე ფასადებით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, ასევე გაკეთდება მიმდებარე ქუჩები და  შიდა ეზოები.

პრეზიდენტმა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე განახლებული მიწისქვეშა გადასასვლელიც დაათვალიერა. 120 მანქანაზეა გათვლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი ავტოსადგომი, რომელიც მიწის ქვეშ მოეწყო, პრეზიდენტმა პირადად გამოსცადა. მისი განცხადებით, ტურიზმის განვითარებისთვის, აუცილებელი იყო მსგავსი ავტოსადგომი გაკეთებულიყო.

„ეს არის ახალი ევროპა საქართველოში. ეს არის ის, რაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მინახავს. ბოლო 8 წლის განმავლობაში თბილისში მანქანების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ეს არ არის ცხოვრების დონის მაჩვენებელი, მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ მანქანების რაოდენობა გაორმაგდა. შემოვიდა ევროპული ტიპის პარკირების სისტემა, რომელიც მომავალში ყველა სახლის ქვეშ უნდა იყოს. საქართველოში, ყველაზე ევროპული ქუჩა ყველა აუცილებელი დეტალით გაკეთდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მარჯანიშვილის ქუჩაზე უკვე სრულადაა აღდგენილი და რესტავრირებული ექვსი სახლი, აშენდა ოთხი ახალი სახლი და მოეწყო ქუჩის ინფრასტრუქტურა: დამონტაჟდა გარე განათების სისტემები, გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. სამუშაო პროცესის დასრულება შემოდგომით იგეგმება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)