Google+

სიახლეები

07.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა წარჩინებულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიმართა

მოგესალმებით ყველას.

გუშინ და დღეს ორი უბედური შემთხვევა მოხდა. თბილისში, არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლას.

ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, რადგან, ერთი მხრივ, საქართველოს ისტორიაში ასეთი მასშტაბის მშენებლობა არასდროს არ ყოფილა, ამდენწლიანი უმოქმედობისა და უმუშევრობის, დეკვალიფიკაციის  ფონზე.

ამ საქმეს ძალიან ფრთხილად ვეკიდები, რადგან, ერთი მხრივ,  ყველაფერი სასწრაფოდ არის ასაშენებელი, ხოლო, მეორე მხრივ, პარლამენტის მშენებლობის დასრულებამდე ბოლო ერთი კვირა რამაზ ნიკოლაიშვილს ყოველდღე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ უსაფრთხოების წესებისთვის ყურადღება მიექციათ.

იქ მიმდინარე მშენებლობას რამაზი ადგა თავს, მაგრამ ყველა მშენებლობაზე პირადად ვერ იქნება. გუშინ ვნახე, რაც საავადმყოფოში მოხდა. იქ არც განათება იყო და არც ელემენტარული წესები დაცული, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა.

აუცილებლად უნდა დაისვას იმ ხელმძღვანელ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მათ უსაფრთხოებაზე აგებდა პასუხს.

არაფერია სიცოცხლეზე ძვირფასი და არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ უნდა შეექმნას საფრთხე.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია ყველამ კარგად იცის და ამიტომ, ძალიან გაბრაზებული ვარ.

მეორე მხრივ, ეს შემთხვევა გვასწავლის, რომ ჩვენ ბევრად კარგად უნდა გადავამზადოთ ჩვენი სპეციალისტები. ტექნიკურ  სასწავლებლებს სწორედ იმისთვის ვქმნით, რომ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები გვყავდეს და არა ისეთები, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ აქვთ და  პირდაპირ მოვა რომელიმე მშენებლობაზე.

კადრები კარგად უნდა გვყავდეს მომზადებული, რათა მსგავსი შემთხვევები აღარ ხდებოდეს.

თქვენთან შეხვედრა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქ შეიკრიბეთ ის პედაგოგები, რომლებმაც სერთიფიკაცია გაიარეს. აქ იმყოფება 100 პედაგოგი, ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არიან ათასლარიანი ხელფასის მქონე სკოლის პედაგოგები. 3-4 წლის წინათ ამაზე ფიქრიც არ შეგვეძლო.

აქ ასევე იმყოფებით წარჩინებული მოსწავლეები მთელი საქართველოდან. ამ დარბაზში დღეს სამი რამ არის კარგი - ათასლარიანი ხელფასის მქონე პედაგოგები, ჩვენი საუკეთესო მოსწავლეები და საქართველოში გამოშვებული კომპიუტერები.

რამდენიმე წლის წინათ ამაზე ყველა გვეტყოდა, რომ ეს ფანტაზიის ნაყოფია.

აი, ასე ხდება, როდესაც მიზნად ისახავ რაღაც კარგად გააკეთო.

ჩვენი ქვეყანა სხვანაირი ხდება. რამდენიმე დღის წინათ სტუმრად გვყავდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

ზოგიერთებმა, რა თქმა უნდა, თქვეს: დიდი ამბავი, მერე რა მოხდაო...

როდესაც ლუჟკოვი ჩამოდიოდა ასლანთან და კრემლიდან ცხელ–ცხელი ამბავი ჩამოჰქონდა ყველას დასანახად  ეს „დიდი ამბავი“ იყო მათთვის, ვისაც ჰილარი კლინტონის ბათუმსა და ქედაში ჩამოსვლა არაფრად ეჩვენება.

თქვენ იცით, თუ რა აღიაზიანებთ ყველაზე მეტად ჩვენს ოპონენტებს. თავისთავად, შუშის ხიდი, რომელიც ყველამ იცის  რომ უნდა დაინგრეს - გეგონება, ხალხს მეტი პრობლემა არ აქვს და ქუთაისში პარლამენტის შენობა, რომლის გარდა მთავარი სამიზნე ჩვენი იუსტიციის სახლებია.

ჰილარი კლინტონს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ და მე ბათუმის იუსტიციის სახლი დავათვალიერებინეთ და სისტემის შესახებ ვუამბეთ. სხდომის დასრულების შემდეგ, ჰილარი ჰლინტონმა, საკუთარი ინიციატივით, თავისი დელეგაციის წევრებს და უცხოელ ჟურნალისტებს თავად ჩაუტარა ექსკურსია და თავად გააცნო ის დეტალები, რაც ჩვენ ვუამბეთ.

მან აღფრთოვანება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ ამერიკული სახელმწიფო სამსახური ჩვენს იუსტიციის სახლებთან ახლოსაც ვერ მოვა.

ხშირად ამბობენ, რომ ამერიკა და რუსეთი ორივე ერთია. როგორ არის ერთი?! ამერიკა ამბობს, რომ არმია უნდა შევქმნათ, თქვენი ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს - რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. აშშ ამბობს, რომ   საქართველოში  დემოკრატია და თავისუფლება  უნდა იყოს და ქვეყანა უნდა განვითარდეს. 

მომავალ წელს აშშ ჩვენს სკოლებში ათეულ  მილიონ  დოლარს დებს. ამას ჩვენც დავამატებთ და საქართველოში უკლებლივ ყველა სკოლა იქნება ისეთი, რომ ევროპელებიც შემოგვნატროდნენ.

რაც მთავარია, ეს ქვეყანა არაფერს გაძალებს. საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჩვენ გვაქვს ავტონომია იმის მიუხედავად, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად, თანხვედრა გვაქვს და არასდროს არ გვიწერს, თუ რა უნდა გავაკეთოთ.

ამერიკამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საქართველომ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. ამის გაკეთება მათ არასდროს დაუძალებიათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ  საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით და ასევე, ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ იყო სწორი­ გადაწყვეტილება.

რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შენი თავისუფლება და შენი პოლიტიკა გქონდეს და გადაწყვეტილებები თავად მიიღო. ყველაზე მთვარი კი ის არის, რომ მას სურს წარმატებული და განვითარებული იყო.

სწორედ ამიტომ, ამერიკელებთან ერთად ჩვენ ვაკეთებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცესა და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო იქნება.

ის შექმნის სტანდარტებს სხვა უნივერსიტეტებისა და სკოლებისთვისაც.

ამ ორ ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტების 25 პროცენტი უფასოდ ისწავლის - ის ყველაზე ნიჭიერი ქართველები, რომლებსაც სწავლის საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ.

ეს ამერიკელების მოთხოვნაც იყო და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენც ვემხრობით.

ჰილარი კლინტონმა ყველაზე მეტი ჩვენს ახალგაზრდობაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ ამ ახალგაზრდების მიერ შექმნილი რეფორმები უნდა გაგრძელდეს.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვისაც, რომ გამოცდების ახალ სისტემაზე ვილაპარაკოთ.

შვიდი წლის წინათ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რეფორმა იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღება.

ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა, ძირითადად, უნივერსიტეტში მიღებების დროს კორუფციის პრობლემა გადაჭრა.

ეს დიდი მიღწევა და უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო რეფორმების პროცესში.

მაშინ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვქონდა, სკოლები უმძიმეს მდგომარეობაში იყო - პედაგოგს ხელფასი 28 ლარი ჰქონდა, არ იყო გათბობა, ბევრგან ფანჯრებიც არ ჰქონდათ. ახლა რა მდგომარეობაშიცაა, ყველამ კარგად იცით.

კიდევ ბევრგან არის აუცილებელი პირობების გაუმჯობესება, მაგრამ ისეთი სკოლები აღარ დაგვრჩა, როგორიც ადრე გვქონდა.

რა პრობლემაც შეიქმნა ეროვნული გამოცდებით, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით - ვინაიდან მე-10, მე-11, მე-12 კლასელებმა იცოდნენ ის, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა სკოლებში რას გააკეთებდნენ, მთავარი იყო ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებულიყვნენ, სკოლა დაცარიელდა.

რაც შეიცვალა განათლების ახალ მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად იყო ის, რომ ყველა ჩვენგანმა ბავშვები სკოლაში დავაბრუნეთ.

ამ მანდატით მოვიყვანე ეს კაცი. ჩვენი პირველი საუბრებიდან, დიმას კარგად ემახსოვრება, რომ მთავარი ამოცანა ბავშვების სკოლაში დაბრუნება იყო.

ეს ფსევდოლიბერალური მიდგომა - ბავშვმა რაც უნდა ის უნდა გააკეთოს, თუნდაც არ ისწავლოს მაინც განვითარდება - დიდი შეცდომაა.

თავისით არაფერი არ ვითარდება. ბავშვს სჭირდება დაძალება რომ ისწავლოს. მე მშობელი ვარ და შვილიც ვიყავი და მეც მაძალებდნენ, რომ მესწავლა. გარკვეულ ეტაპზე, დაძალების გარეშე არ სწავლობენ.

პედაგოგებმა ეს კარგად იცით. დაძალების გარდა არის სტიმული - ათასგვარი მეთოდია იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს.

ყველგან საჭიროა პოლიტიკა მთავრობის დონეზე, სკოლის დონეზე, კლასის დონეზე, საგნის დონეზე, საბაშვო ბაღის დონეზე...

ამიტომ ჩვენ დავაბრუნეთ სკოლაში ატესტატები, ჩვენ დავაბრუნეთ სკოლაში წარჩინებულთა მედლები, შემოვიღეთ წახალისების სისტემა... ძალზე მნიშვნელოვანი იყო ოლიმპიადები, რომლებიც რატომღაც გაუქმებული იყო.

ჩვენ დავაბრუნეთ სკოლაში გამოცდები და თქვენ ნახეთ, რომ პირველი გამოცდები გვქონდა პრობლემური, მაგრამ ახლა სპეციალურად არ დავწიეთ სტანდარტი და, მაგალითად, თუ შარშან მათემატიკაში ჩაიჭრა მოსწავლეთა 20 პროცენტი, წელს ჩაიჭრა ერთ პროცენტზე ნაკლები.

განსაკუთრებით ამაღლდა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლის დონე.

ამას მარტო სკოლის გამოცდები არ მიანიშნებს - ბევრი უნივერსიტეტებში წავიდა ტექნოლოგიების განხრით, რადგან ჩვენ მარტო მშენებლობით, ტურიზმით, მომსახურების სექტორით, ფინანსური სექტორით ვერ განვვითარდებით.

თუ ჩვენ არ შევქმენით ტექნოლოგიები, თუ ჩვენ ვერ შევქმენით ინდუსტრია, კონკურენტუნარიანი საწარმოები, ვერაფერს მივაღწევთ, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი ვაჭრობა გვექნება ამერიკასთან, რის თაობაზეც კლინტონმა გამოაცხადა.

თავისუფალი ვაჭრობა გვექნება ევროპასთან, თავისუფალი ვაჭრობა გვექნება ჩვენს მეზობლებთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქტი საბაჟო გადასახადის გარეშე შევა ბევრ ქვეყანაში, ე.ი. ბევრი ჩადებს ფულს საწარმოს გახსნისთვის. არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანას არ აქვს ამერიკასთან გადასახადებისგან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა: არც ინგლისს, არც საფრანგეთს, არც ჩეხეთს, არც პოლონეთს, მაგრამ ჩვენ გვექნება.

მართალია, დღეს რაღაც-რაღაცების გამოშვება დავიწყეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ახალი, რომ შეიქმნას კიდევ ბევრი  განათლებული კადრი გვჭირდება და ეს განათლება იწყება დღეს 5 წლის ასაკში, როგორც კი ბავშვი იღებს კომპიუტერსა და ლეპტოპს.

ჩვენ შევქმენით ეს სკოლის გამოცდა და მივიღეთ ასეთი ვითარება.

ჯერ სკოლაში აბარებს აბიტურიებტი რვა გამოცდას, ხოლო შემდეგ, ოთხ ეროვნულ გამოცდას.

ამ რვა გამოცდისთვის ბავშვი ცალკე ემზადება და დანარჩენი ოთხისთვის ცალკე. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ, როგორც წესი, მშობელი ქირაობს რეპეტიტორს და საგანგებოდ ამზადებს ეროვნული  გამოცდებისთვის.

რეპეტიტორთან სიარულის საშუალება ბევრს არ აქვს. მათი ქირაობის საშუალება ძირითადად თბილისის ცენტრში მცხოვრებთ თუ აქვს, ძალიან ცოტას აქვს გარეუბნებში და, მით უმეტეს,  რეგიონებში, პრაქტიკულად, არავის არა აქვს.

აღმოჩნდა, რომ ისევ დავყავით პრივილეგირებულ, ცხვირაწეულ ასეთ „ტიპებად“ და დანარჩენ საზოგადოებად - ვისაც რეპეტიტორების აყვანის საშუალება აქვს და საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის 90 პროცენტად. აი ეს არის ფუნდამენტური დავა, მაგრამ ამას მე ვერასდროს ვერ მივიღებ და ვერანაირი ელიტური მიდგომით ვერ გავიზიარებთ.

განათლების სამინისტროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რომ არ ყოფილიყო კამათი და დროზე მიგვეღო გადაწყვეტილება, წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ გაიმართებოდა.

წელს არის ეროვნული გამოცდების ბოლო წელი და მომავალ წელს ეს აღარ უნდა იყოს.

ორმაგი გამოცდები საჭირო არ არის. ხალხმა ბოლო კაპიკები არ უნდა ხარჯოს რეპეტიტორებთან.

ჩვენ კორუფცია მოვსპეთ, მაგრამ ცალკე სისტემა იმისთვის, რომ მისაღები გამოცდა ჩააბარო, აღარ უნდა არსებობდეს. არ შეიძლება გამოცდაზე ითხოვდნენ ისეთ რამეს, რაც სკოლაში არ ისწავლება – მთავარი პრობლემა სწორედ ეს იყო.

მომავალი წლიდან გამოცდები იქნება მხოლოდ სკოლაში. მოზარდები ჩააბარებენ რვა გამოცდას, რასაც დაემატება ტესტი ზოგად უნარებში და გვექნება ისეთი სისტემა, როგორიც არის საფრანგეთში, გერმანიაში, ე.ი. ცივილიზებულ ქვეყნებში.

ამ გამოცდების შედეგებით, ახალგაზრდები ჩააბარებენ ყველა უმაღლეს სასწავლებელში. ვისაც უკვე სკოლა დამთავრებული აქვს ან ვერ ჩააბარა პირველ წელს, მათთვის ცალკე შევქმნით ტესტებს და წლის განმავლობაში ყოველთვის შეეძლებათ გადაბარება.

ადრე გამოცდები, რატომღაც, მხოლოდ ზაფხულში იყო... პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იმდენჯერ სცადონ ჩაბარება, რამდენჯერაც მოუნდებათ.

ჩემმა შვილმა, მაგალითად, ახლა ჩააბარა, ძალიან მაღალი ქულები მიიღო, SAT არის  საერთაშორისო უნივერსიტეტების ტესტი, მაგრამ მეორედ თუ მესამედ სცადა...

არავინ არ ზღუდავს, ახლა აბარებ, ერთ თვეში კიდევ ცდი და როდესაც გააუმჯობესებ შედეგს მაშინ ჩააბარებ. ჩვენი ამოცანა ის ხომ არაა, რომ ვიღაც ხელოვნურად გავრიყოთ, ჩვენი ამოცანაა რომ ყველას სტიმული მივცეთ.

ეს პედაგოგებსაც შეეხება, წელს 41 ათსი ადამიანი აბარებს სასერთიფიკაციო გამოცდებს - ორჯერ მეტი, ვიდრე შარშან.

ვიცი, რომ ზოგ პედაგოგს 300 ლარი აქვს ხელფასი, ზოგს კი ამაზე ნაკლებიც, რადგან სრული საათები არ აქვთ და ეს ძალიან ცოტაა.

ნამდვილად არ მინდა, მოგატყუოთ და გითხრათ, რომ 300-ის ნაცვლად 1000 ან 1500 ლარი გექნებათ და თქვენ ხელი არ გაანძრიოთ. პირდაპირ გეუბნებით, თქვენ გაქვთ შანსი, რომ გქონდეთ 1000 ლარი და ზოგს 1500, მაგრამ ამისთვის გამოცდები უნდა ჩააბაროთ.  

ჩვენ გვსურს, რომ ჩვენმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ, მაგრამ თამასა ისე უნდა ავწიოთ, რომ პედაგოგს სტიმული ქონდეს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ის უნდა დავაწესოთ, რისი შესაძლებლობაც აქვთ და თუ ამას გავაკეთებთ, ნელ–ნელა დონესაც ავამაღლებთ.

ჩვენ გვჭირდება, რომ პედაგოგებმა გამოცდები ჩააბარონ და იმედიც მაქვს, რომ წელს ბევრი ჩააბარებს.

თუ არ ვცდები, ჩვენ უკვე გვყავს 6 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს მხოლოდ 10 პროცენტია. ვიმედოვნებ, რომ ეს მკვეთრად გაიზრდება და ჩვენ გვეყოლება პედაგოგების დიდი რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ მაღალი ხელფასი და ამისათვის ფულს არ დავზოგავთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამისათვის გარკვეული ბარიერი უნდა გადავლახოთ.

რაც შეეხება გამოცდებს, რვა გამოცდა სკოლაში ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება სკოლის მნიშვნელობა, მათ შორის, საბუნებისმეტყველო საგნების.

რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად ჩავაბარებთ ქართულსაც, მაგრამ ქართულში საჭიროა ობიექტური კრიტერიუმების დადგენა. 

პირადად მე, სკოლა ოქროს მედლით დავამთავრე, მაგრამ ყველაზე რთული ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა იყო, რადგან ერთ გამსწორებელს ასე მიაჩნდა, მეორეს - ისე.

ასე არ გამოვა!

წინასწარვე უნდა იყოს ცნობილი რა ფასდება ქართულში დადებითად და არ უნდა იყოს რაიმე სიბიექტურობის დამოკიდებულება. ესეც უნდა შევძლოთ!

ეს რთული ამოცანაა, მაგრამ შესრულებადია.

ზოგადი უნარები სკოლაში გაკეთებადია. ბოლო კლასში გავატაროთ უნარ-ჩვევების პატარა  კურსი და ჩააბარონ ბავშვებმა სკოლაში. ეს მისცემს მასწავლებელსა და სკოლას ფასს და ეს გააძლიერებს სწავლას ყველა საგანში.

ეს გამორიცხავს რეპეტიტორობას და უსამართლობას შემდეგ ეტპაზე.

ჩვენ მივაღწევთ სოციალურ სამართლიანობას და იმას, რომ ბავშვებს ბევრად უფრო მაღალკვალიფიციური განათლება მივცეთ ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლაში.

აი, ეს არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ უკვე 2013 წლიდან.

სხვათა შორის, რომ დაგპირდით, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის შემდეგ ჩვენ გვექნება ყველა სკოლა როგორც ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, ინგლისშია, აუცილებლად შევასრულებთ. იმის მიუხედავად, რომ კრიზისმაც გადაიარა ჩვენს თავზე და ომმაც, მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას და გამოცდების ისეთი სისტემას ჩამოვაყალიბებთ, როგორიც ათწლეულებს გაუძლებს.

საფრანგეთში, გერმანიაში ამ სისტემით იმართება ყველაფერი და ეს არის სოციალურად სამართლიანი სისტემა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, თვის დროს, დიდი რეფორმა იყო. მაშინ სხვა გამოსავალი არ გვქონდა.

მაგალითად, ახლა საგამოცდო ცენტრებში ვერ ვასწრებთ კონდიციონერების დაყენებას. იქ ისეთი სიცხეა, რომ ყველაფერი აგებნევა. თან ლაპარაკია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის ადამიანზე - ბავშვზე. ამიტომ, ბევრად უფრო სწორია, რომ მან გამოცდები თავისთვის გასაგებ გარემოში, სკოლაში, ჩვეულებრივ კომპიუტერიზებულ საკლასო ოთახში ჩააბაროს, სადაც მრავალი წელი აქვს გატარებული.

უფრო მეტიც, ამას წელსვე გავაკეთებთ - ჩქარი ინტერნეტი უნდა დავნერგოთ და მშობლებმა უყურონ თავიანთ შვილებს, როგორ არიან გამოცდების დროს.

ყველაფერი უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე. ისეთი საგამოცდო სისტემა უნდა დავნერგოთ, რომ აბიტურიენტმა დასრულებისთანავე იცოდეს ნიშანი და არა შემდეგ.

ასევე ყველას უნდა მივცეთ შანსი, რომ წლის განმავლობაში ბევრჯერ ჩააბაროს. იქნება საგამოცდო ცენტრი და როცა მოგინდება, მიხვალ და ჩააბარებ.

ჩვენ ძალიან კარგი პედაგოგები გვყავს და გვინდა, რომ ისინი მაღალკვალიფიცირებულნი იყვნენ და მაღალშემოსავლიანები.

ჩვენ გვჭირდება ბევრი კვალიფიციური მასწავლებლები საბუნებისმეტყველო საგნებში და ვაკეთებთ კიდევ საუკეთესო ლაბორატორიებს ამ მიმართულებით.

უკეთესი კვალიფიკაციის ხალხს არსებული შემადგენლობით ძნელად თუ ვიპოვით. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებიც მოვლენ - უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდისთვის ათასლარიანი ხელფასი მიმზიდველია.

თუმცა, მთავარია, დავაფასოთ ის გამოცდილი კადრები, რომლებიც გვყავს. ჩვენ გყავს ბევრი იდეალისტი, პატრიოტი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებელი.

რასაც 90-იან წლებში მასწავლებლებმა გაუძლეს, არ ვიცი, რომელი სისტემის, რომელი თანამშრომელი გაუძლებდა... მგავსი რამ სადმე შვეიცარიაში, ჰოლანდიაში რომ მომხდარიყო, ჯერ ბავშვებს გადაყრიდნენ ფანჯრიდან, მერე თვითონ გადახტებოდნენ. ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებდა იმას, რასაც თქვენ გაუძელით.

ახლა საჭიროა, რომ სისტემა დავალაგოთ სწორად.

ძალიან კარგია, რომ ხატია დეკანოსიძემ ენერგიულად მოკიდა ხელი ახალ სამსახურს.

იცით, რომ მან ნულიდან შექმნა პოლიციის აკადემია, მაგრამ ის პოლიციელი არ არის. მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ იგი ძალიან კარგი მენეჯერია და ძალიან განათლებული ადამიანი, რომელსაც ახლებური ხედვა აქვს.

ჩვენ მუდმივად გვჭირდება განახლება, რეფორმებს ვერაფერი ვერ შეაჩერებს. შეიძლება ადამიანს რაღაც ერთ ეტაპზე ჰქონდეს სწორი ხედვა, მაგრამ რეფორმები წინ მიდის, ცხოვრება წინ მიდის და ასეა ყოველთვის - ფეხი უნდა ავუწყოთ ცხოვრების მოთხოვნებს.

ჩვენ არა გვაქვს უფლება, უკან ვიხედებოდეთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიხედებოდეთ წინ.

ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენც და ბავშვებსაც კარგი სწავლისთვის, რომლებსაც საქართველოში აწყობილი კომპიუტერები გადაეცემათ.

ძალიან ვამაყობ ამით.

ოთხი–ხუთი წლის წინათ გადავწყვიტეთ, რომ აგვეწყო სამხედრო წარმოება, რადგან ყველამ შეწყვიტა ჩვენთვის იარაღის მოცემა.

ახლა გამოაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე იმუშავა ამერიკამ. ოთხი წლის წინათ არავინ არაფერს არ გვაძლევდა. ეს მართლაც გარღვევაა.

ამერიკა ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ აკეთებს მსგავს რაიმეს.

როდესაც ჩვენი იარაღის გამოშვება დავიწყეთ, ჩვენი განათლებული კადრები ვიპოვეთ, მათ შორის, ბევრი უცხოეთიდან დავაბრუნეთ. გამოვუშვით ანტისატანკო იარაღი, ქვეითთა საბრძოლო მანაქნები, უპილოტო საჰარეო საფრენი აპარატები, ნაღმტყორცნები.

როდესაც ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამირება დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ საქართველოში არიან პროგრამისტები და ამ საქმის სპეციალისტები - მართალია, ბევრი არა, მაგრამ მაინც არის.

შემდეგ გამოვუშვით ბიზნესთვითმფრინავები...

ეს არის ზღვაში წვეთი ჯერ. ე.ი. ჩვენ გვაქვს ნიჭი, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ის 5 წლის ბავშვები, რომლებიც ლეპტოპს იღებენ და რომელსაც თქვენ ასწავლით, ისინი საერთოდ გადაატრიალებენ მსოფლიოს.

შვედეთი საქართველოზე ოდნავ დიდი ქვეყანაა, მაგრამ საუკეთესო თვითმფრინავებს უშვებს, საუკეთესო სატელეკომუნიკაციო აპარატურას.

საქართველო რით არის ნაკლები? ჩვენც გავაკეთებთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება თქვენი დახმარება.

ჩვენი წარჩინებული ბავშვები დღეს კომპიუტერებს მიიღებენ,  საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებლები კი - სერთიფიკატებს. თქვენ ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმის წარმატების პირველი მერცხლები ხართ!

დიდი მადლობა ყურადღებისათვის. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)