Google+

სიახლეები

05.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში დღეს შეხვედრა გამართეს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილე აღნიშნეს. შეხვედრისას მათ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა საკითხი განიხილეს, რომელიც აერთიანებს ორ ერს, უსაფრთხოებიდან დემოკრატიამდე, ეკონომიკა და ხალხთა შორის კონტაქტები.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ იჩენს და ასევე იმისთვის, რომ მუდმივად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას.

მიხეილ სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა უსაფრთხოების საკითხები განიხილეს  და, ამ მხრივ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები დასახეს, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების  გაძლიერებას დაუთმეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისკენ მიმართულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. 

ასევე შეთანხმდნენ, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს დემოკრატიული მიღწევები გახდეს შეუქცევადი.

მათ აღნიშნეს, რომ, ზოგადად, კმაყოფილი არიან ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ინსტიტუციონალურ და სოციალურ სფეროებში არსებული აქტიური თანამშრომლობით.   

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივან კლინტონს ამერიკის მყისიერი გამოხმაურების გამო, რომელიც შეეხებოდა დაგეგმილ არჩევნებამდე და არჩევნების დროს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაზე საქართველოს მოთხოვნას და გამოხატა მადლიერება ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად საქართველოში შეერთებული შტატების ორგანიზაციების  მუშაობისადმი.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის მხრივ, ბოლო პერიოდში დაწყებული მაღალი დონის დიალოგის მნიშვნელობა, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივით. მან ასევე აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური მიღწევები და ქვეყნის როლი, როგორც მოდელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და საჯარო მომსახურების რეფორმებში.

სახელმწიფო მდივანმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ის უმცირესობების მისამართით ახორციელებს და იმ სტრატეგიის მიმართ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას ითვალისწინებს. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები მზად არის ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტები აღიაროს. მიხეილ სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა ასევე განაცხადეს, რომ აუცილებელია ავღანეთში გაგრძელდეს ძალისხმევა. სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მიერ ISAF-ის პროგრამაში  შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მას იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ ჩიკაგოს ნატო-ს სამიტამდე და სამიტის მსვლელობისას გამოიჩინა.  სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისადმი.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)