საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა სამშაბათის ტრადიციული ბრიფინგი კვირის მთავარი თემით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტის შესახებ საუბრით დაიწყო.
"საქართველოში, კერძოდ, ბათუმში გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა. საკმაოდ დატვირთული ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი არაერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის მთავარი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ბათუმის იუსტიციის სახლში შედგება. შეხვედრისას საუბარი შეეხება იანვარში ვაშინგტონში ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შეთანხმებებს. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთობლივ პრესკონფერენციას დაესწრონ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კულტურული ღონისძიებებიც,"- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერმა ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის შესახებაც დიალოგის პროცესი გუშინ ბრიუსელში გაიხსნა.
"შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ისტორიული პროცესის დასაწყისი, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ," - აღნიშნა პრესსპიკერმა.
მანანა მანჯგალაძის თქმით, ივნისის დასაწყისში საქართველოში დაგეგმილია ამერიკელ კონგრესმენთა ვიზიტი, ხოლო 12-13 ივნისს კი ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ემონ გილ-მორი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება.
"როგორც იცით დასრულდა 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები, ამიტომაც გარკვეულ სტატისტიკას გაგაცნობთ, თუ როგორ ჩატარდა გამოცდები რვა საგანში და როგორ მიმდინარეობს მზადება ეროვნული გამოცდებისათვის.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეთა მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა ბარიერი (5.5), მაშინ როდესაც გასულ წელს 17-მა პროცენტმა საატესტატო გამოცდები ვერ დაძლია.
საატესტატო გამოცდებში 41 ათასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. საგნების მიხედვით საშუალო რვა ქულა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების წარმატება პირველ რიგში უცხო ენის, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სწავლების გაძლიერებამ, გაზრდილმა მოტივაციამ, სკოლებში „აინშტაინის ლაბორატორიების“ დანერგვამ განაპირობა.
წელს მაღალი აკადემური მოსწრება აჩვენეს არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებმაც. მათგან ბარიერი მხოლოდ 10-მა პროცენტმა ვერ გადალახა, რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, წარმატებით მიმდინარეობს.
სამინისტროს ძალისხმევით საჯარო სკოლები 11 ათასი ახალი კომპიუტერით აღიჭურვა, წელს პირველად, გამოცდები 1500 ახალი "სქულ ბოქსის" თანამედროვე სისტემის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც სტაბილურ, უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფდა.
რაც შეეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზად არის გამოცდების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საგამოცდო პროცესების ორგანიზებულად წარმართვისათვის სრულ მზადყოფნაშია გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, საგნობრივი ექსპერტები და ის ადამიანები, რომლებიც გამოცდების ჩატარებაში მონაწილეობენ.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, სამინისტროში საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ახლო მომავალში საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ახალი ინიციტივის გაჟღერებას გეგმავს, რომელიც განათლების სფეროში რეფორმირებასა და კიდევ უფრო მეტად დახვეწას უკავშირდება," - დასძინა პრესსპიკერმა.
ბრიფინგის მიწურულს მანანა მანჯგლაძემ ჟურნალისტთა აკრედიტაციის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა.
"4 ივნისიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ათი დღით აგრძელებს მასმედიის წარმომადგენელთა რეგისტრაციის ვადას 2012 წლის აკრედიტაციისთვის.
პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია შესაბამისი ინფორმაცია, სადაც მითითებულია აკრედიტაციის მიღების მსურველთათვის აუცილებელი პროცედურული დეტალები. შესაბამისი ანკეტის შევსება შესაძლებელია პრეზიდენტის ვებგვერდზე, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ადმინისტრაციის პრესსამსახურს 4 ივნისიდან 14 ივნისამდე," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.