Google+

სიახლეები

15.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ჩიკაგოს ნატო-ს სამიტს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი 20-21 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩიკაგოში ნატოს სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ფორმატის შეხვედრის მონაწილე ქვეყანა იქნება. უკვე განსაზღვრულია ალიანსის მიერ დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ქვეყნებს კონკრეტული სტატუსი აქვს მინიჭებული. ალიანსი ორი დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს: „ძირითად პარტნიორებთან“ (28+13); მომავალ წევრებთან („ასპირანტი პარტნიორები“) (28+4); ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან (28+ISAF)  .

ჩიკაგოში ალიანსის შეხვედრაზე „ძირითად პარტნიორებთან“ (28+13) საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. „ძირითად პარტნიორებთან“ შეხვედრაზე (28+13) მიწვეული არიან ის ქვეყნები, რომელთაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში (საქართველო, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია, შვეიცარია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, იორდანია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი, მაროკო).

ორდღიანი სამიტის მუშაობის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გეგმავს ნატო-ს მომავალ წევრებთან შეხვედრას, სადაც საქართველო ბალკანეთის სამ სახელმწიფოსთან ერთად მიიღებს მონაწილეობას  (28+4 - იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საქართველო).

საქართველო ასევე წარმოდგენილი იქნება ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე სახელმწიფოებთან შეხვედრაზე.

ჩიკაგოს სამიტის მუშაობის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტი ლოს ანჯელესსა და ნიუ იორკს ეწვევა. მიხეილ სააკაშვილი აგრეთვე პრინსტონის უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის მიწვევით,  საჯარო ლექციას წაიკითხავს, მისი გამოსვლა 17 მაისს არის დაგეგმილი. პრინსტონის უნივერსიტეტში, ქვეყნის პირველი პირი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და იმ ცვლილებებზე ისაუბრებს, რომელიც ქვეყანაში ბოლო 8 წლის განმავლობაში მოხდა.  პრეზიდენტის საჯარო ლექციის თემაა: „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია: პრეცედენტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის“. ნიუ იორკიდან პრეზიდენტის სამუშო გრაფიკი ჩიკაგოში გაგრძელდება.

შეერთებულ შტატებში საქართველოს პრეზიდენტი ასევე გამართავს შეხვედრებს პოლიტიკური და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. იგეგმება რამდენიმე საჯარო გამოსვლა წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)