მიხეილ სააკაშვილი კომპიუტერული ცოდნის გავრცელების საზოგადოების პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციას დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ ამ ინიციატივის მნიშვნელობაზე ესაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა საქართველოს გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა განათლებაა, რაც თავის მხრივ, იმის მთავარი გარანტია, რომ ძველი მენტალიტეტი აღარ დაბრუნდეს. მისი თქმით, ქვეყანამ სწორედ განათლების საშუალებით უნდა იპოვნოს საკუთრი ნიშა და მსოფლიოს ბაზრებზე არსებული ტენდენციები და მიმდინარე მოვლენები კომპიუტერის საშუალებით უნდა აკონტროლოს. საამისოდ კი, კომპიუტერისა და ინგლისური ენის ათვისება, მას აუცილებლად მიაჩნია. პრეზიდენტმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საქართველოში ყველა მოქალაქე თანასწორია, ყველაფერი მერიტოკრატიული პრინციპით ხდება და ადამიანის წინსვლა მის შრომისმოყვარეობასა და ნიჭზეა დამოკიდებული. კომპიუტერის ცოდნა და მისი გამოყენება კი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჩვენს ქვეყანას ბევრად უფრო წარმატებულს გახდის და ხალხის კეთილდღეობაზე აისახება. კომპიუტერული ცოდნის გავრცელება იმის საფუძველი გახდება, რომ საქართველომ განვითარებადი ქვეყნების სიიდან პირველი რიგის ქვეყნებს შორის გადაინაცვლოს.
ქვეყნის პირველმა პირმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოება, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა, მიზნად ისახავს საქართველოს სოფლების კომპიუტერებითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას. მისი თქმით, სოფლების 80 პროცენტი აღიჭურვება ინტერნეტით, ხოლო თბილისი სრულად დაფარება WI-FI სისტემით. მან იმედი გამოთქვა, რომ 2015 წელს სკოლის მოსწავლეების 100 პროცენტს თუ არა, 90 პროცენტს მაინც ექნება საკუთარი კომპიუტერი.
მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ის პედაგოგები, რომლებიც ქართულ ენას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ასწავლიან, კლასიკური გაგებით არიან წერა-კითხვის გამავრცელებლები. პრეზიდენტმა ასე შეაფასა ის უცხოელი მასწავლებლებიც, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ინგლისურ ენას ასწავლიან. თუმცა აღნიშნა, რომ ახლა მთავარია, კომპიუტერის ცოდნა გავრცელდეს არნახული სისწრაფით.
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ რეგიონის მასშტაბით სწორედ საქართველოში აშენდა „ინტელის“ პირველი ქარხანა და დაპატენტდა Police Pad-ები; ჩვენს ქვეყანაში გაიხსნა კომპიუტერებით აღჭურვილი ულტრათანამედროვე საკლასო ოთახები, რომელთა მსგავსი მალე ყველა სკოლაში გაკეთდება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელი არაფერია.
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებსაც ურჩია, შეზღუდონ მივლინებების რაოდენობა საზღვარგარეთ და ზოგიერთი პროცესი კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით მართონ. მისი თქმით, ქვეყანაში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, ამით კი საბიუჯეტო თანხაც დაიზოგება.
საქართველოს პრეზიდენტმა ამ პროექტში ჩართვისკენ ყველა მოქალაქეს მოუწოდა და განაცხადა, რომ დღეს საშვილიშვილო საქმე კეთდება, რისთვისაც ყველა მოქალაქის ძალისხმევაა საჭირო.
ამ მოძრაობას დღეს თავად საქართველოს პრეზიდენტიც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის რანგში შეუერთდა და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მე-19 საუკუნეში განხორციელებული იდეის „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თანამედროვე ვერსია - კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების ოფიციალური დოკუმენტი გააფორმა. მიხეილ სააკაშვილმა დეკლარაციას ხელი საკუთარი ID ბარათის მეშვეობით, ელექტრონულად მოაწერა.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირველ ეტაპზე საქართველოს 300-მდე სოფელშია კომპიუტერული ცენტრების შექმნა დაგეგმილი. ამ ცენტრებში მოსახლეობას - მილიონამდე ადამიანს ექნება შესაძლებლობა ისწავლოს ინტერნეტით სარგებლობა, მათ შორის, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება და უფრო მეტიც, საკუთარი პროდუქციის Online გაყიდვა.
პროექტის მიზანია რეგიონის მოსახლეობისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების შესაძლებლობის მიცემა, რათა მიღებული ცოდნა ბიზნესსაქმიანობაში პრაქტიკულად გამოიყენონ. კომპიუტერული მომსახურების ცენტრებში ადგილობრივი ინსტრუქტორები იმუშავებენ, რომლებიც საგანგებოდ გაივლიან ტრენინგსა და კონსულტაციას.
დაინტერესებული პირებისთვის კონსკურსი 15 ივნისიდან გამოცხადდება.