Google+

სიახლეები

09.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს  შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლისას განაცხადა, ეს ღონისძიება მან 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნის დღეს საგანგებოდ დაამთხვია, რათა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღგვენიშნა ქართველი ერის შეუპოვრობა, სიმამაცე და თავისუფლების სიყვარული. მისი თქმით, უიმედო სიტუაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა 9 აპრილს დაამტკიცა, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში თავისუფლების იდეა ყველაზე მძლავრი იდეაა და ის ყოველთვის გაიმარჯვებს; რომ ეს ერი არასდროს აღარ იცხოვრებს მონობაში და არასდროს აღარ იქნება სხვისი მსახური.  მიხეილ სააკაშვილმა ისტორიიდან ქვეყნის თვითმყოფადობის, კულტურისა და ეროვნულობის შენარჩუნების მაგალითები გაიხსენა და ყურადღება იმ გმირებზე გაამახვილა, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწირეს თავი. მისი თქმით, დღევანდელმა თაობამ მათი თავგანწირვა სათანადოდ შეაფასა და კარგად გაიგო თუ რას ნიშნავს ქვეყნის განვითარებისა და წარმატების უწყვეტი ციკლი.  

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, გამოსვლისას, ყურადღება რუსეთის აგრესიაზეც გაამახვილა და 2008 წლის აგვისტო გაიხსენა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველთა გამბედაობა და სიმამაცე მაშინაც კარგად გამოჩნდა, როდესაც  დამპყრობლის წინამძღოლის ბრძანებით, პარლამენტის წინ გამართული ხალხმრავალი მიტინგი უნდა დაებომბათ.

„ეს იყო ხალხის აღმაფრენის  უმაღლესი მწვერვალი, იმის მაჩვენებელი, რომ გამოწვევისა და საფრთხის წინაშე თავს არ დახრიდით“, - აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლესი ისტორიის არაერთი ტრაგედიის მიუხედავად, საქართველომ შეძლო შეექმნა ეთნიკური, მრავალკულტურული, მრავალრელიგიური, თანამედროვე სახელმწიფო. ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს ვერ წარმოედგინათ, რომ კავკასიაში შესაძლებელი იყო ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც უმთავრესი თანასწორობისა და თავისუფლების იდეა იქნებოდა. თუმცა, მისი თქმით, საქართველომ დაანგრია ეს მითი და სწორედ ამას ებრძვიან ისინი.  

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს აღმშენებლობის თემასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გახდეს განვითარებული, წარმატებული სახელმწიფო.

ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის  25  სამხედრო-მოსამსახურე და ოთხი სამოქალაქო პირი დააჯილდოვა, რომელთა შორის პირველი ქართული საბრძოლო მანქანების შექმნის ინიციატორები და უშუალო მონაწილეები იყვნენ.  უმაღლესმა მთავარსარდალმა სახელმწიფო ჯილდოები მათ პირადად  გადასცა.  

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. 23 წლის წინათ დატრიალებული ტრაგედიის ადგილზე მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან, სანდრა ელისაბეტ რულოვსთან და თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად მივიდა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)