საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბორჯომს ესტუმრა და მშენებარე და რებილიტაციის პროცესში მყოფი პროექტები მოინახულა. მიხეილ სააკაშვილი დღეს ლიკანშიც იმყოფებოდა, სადაც ახალი სასტუმრო-სპა კომპლექსის „რიქსოსის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო. ქვეყნის პირველმა პირმა ყველა ის ობიექტი მოინახულა, რომლებზეც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. იგი მშენებლობაზე დასაქმებულებსაც გაესაუბრა და ყურადღება ბორჯომის ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„მიხარია, რომ ბორჯომში მუშაობის ხმა ისმის. ეს სასტუმრო 1991 წელს დაშალეს, ახალი უნდა აეშენებინათ და აღარ ააშენეს. დარჩა ძველი ულამაზესი სასტუმროები. ლიკანის მეოთხე სამმართველო 6 წლის წინ დაშალეს და არც აქ აშენდა რამე. ყველაფერი იშლებოდა და ახალი არაფერი კეთდებოდა. დასაქმების თვალსაზრისით, აქ მოსახლეობა არ უნდა გვეყოს იმდენი ტურისტი ჩამოვა. ამჟამად 6 სასტუმრო შენდება, რომლებშიც, ვფიქრობ, ათას 500-მდე ადამიანი იმუშავებს, ხოლო მთლიანად, დაახლოებით, 2-3 ათასი ადამიანი დასაქმდება. უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა სასტუმროს გარშემო მცირე და საშუალო ბიზნესი იქმნება. რაც შეეხება მშენებლებს, სპეციალისტები არ გვყავს. მაგალითად, ელიავას ბაზრობასთან უამრავი ადამიანი დგას სამუშაოს მოლოდინით, მაგრამ მათაც არ იციან თავიანთი საქმე. ახლა ყველას ვაძლევთ იმის შანსს, რომ ელემენტარული პროფესია აითვისოს. სამშენებლო სფეროში კვალიფიციური სპეციალისტი ძალიან ცოტა გვყავს, მაგრამ რადგან ცოტა მაინც გვყავს, ე.ი. შეგვძლებია და ბევრს უნდა ვასწავლოთ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ბორჯომის ქუჩებშიც გაისეირნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ქვეყნის პირველი პირი მათ იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებას ხელისუფლება რეგიონში უახლოეს მომავალში გეგმავს.
„სასტუმროების მშენებლობა სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. წარმოიდგინეთ, რამხელა შვებაა ბორჯომელებისთვის ის, რომ ამდენი სამუშაო ადგილი ჩნდება. ასევე, კეთდება კაფეები და რესტორნები. საოჯახო ბიზნესს წამოიწყებს ხალხი. ბორჯომში მარტო ველოტურიზმი გვქონდა, ახლა 5-ვარსკვლავიანი კურორტი გახდება და ხალხი უკეთესად იცხოვრებს. ეს იყო ჩემი ვალი თქვენ წინაშე“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ბორჯომში აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კურორტზე გაკეთდა გზები, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, ხორციელდება ისტორიული შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია და შენდება ახალი სასტუმროები. ამას გარდა, უკვე დასრულდა გაზიფიცირებისა და წყალგაყვანილობის სამუშაოებიც. განახლებული ბორჯომი დამსვენებლებს ერთ წელიწადში უმასპინძლებს.
იმ ობიქტებს შორის, რომელთა სამშენებლო პროცესით მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა, არის ბორჯომ-ლიკანის ახალი საასტუმრო-კომპლექსი "რიქსოსი", რომელიც მე-4 სამმართველოს ტერიტორიაზე შენდება და 36 მილიონი ლარის ინვესტიცია იდება; ახალი, 86-ნომრიანი სასტუმრო "ბორჯომი“, რომელიც სექტემბერში გაიხსნება და სასტუმროსთან ერთად გამაჯანსაღებელი სპა ცენტრიც ამოქმედდება; სასტუმროში „ბორჯომი პალასი", უახლესი აპარატურით აღჭურვილი ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ცენტრიც დაიწყებს ფუნქციონირებას; სასტუმრო "ფირუზა", რომელიც 1832 წელს არის აშენებული და მისი რეკონტრუქცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს; ახალი, ქართული ბრენდის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „რუმს ბორჯომი“, რომლის მესვეურები სასტუმროების მშენებელობას ყაზბეგსა და წყალტუბოშიც გეგმავენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომში 2012 წლის ბოლოს დასრულდება.