Google+

სიახლეები

02.04.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენს საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს - საქართველოს აქვს პოტენციალი, რადგან ეს ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა“

საწარმო, რომელსაც დღეს ვხსნი, მართლაც ძალიან შთამბეჭდავია, რადგან საქართველოში ასეთი თანამედროვე ქარხანა არც ერთ სფეროში არ გვაქვს.

ლუდისა და სასმელების გამოშვების თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ხაზია ევროპაში.

ამ საწარმოს მშენებლობა 7 თვეში დასრულდა და ერთ თვეში პროდუქციაც გამოუშვეს. ანუ 8 თვე დასჭირდა იმას, რომ ქარხანას სრული სამუშაო ციკლი აეწყო.

მინდა ყველას ვუთხრა, რომ აქ ჩვენი 700 თანამოქალაქეა დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ 700 ოჯახს გაუჩნდა მარჩენალი და ხვალინდელ დღეს 700 ოჯახი ხვდება უფრო წელგამართული; 700 ადამიანს აქვს დილით წასასვლელი, უკეთესი ცხოვრების რეალური შესაძლებლობა და პერსპექტივა.  

მე ყველანაირ, მათ შორის, პატარა ქარხნებსაც ვხსნი.

ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, საქართველოში ეკონომიკა ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებული, ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება.

შარშან ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7 პროცენტი იყო, წელს კი ამაზე მეტს ველოდებით.

ხშირად ამბობენ: როდესაც სააკაშვილი სიტყვით გამოდის, მას თავი შვეიცარიაში, ამერიკაში ან გერმანიაში ჰგონია, რადგან სურათს ვარდისფრად ხატავსო.

მსოფლიოს  ბევრი ლიდერისგან და ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, მე ძალიან ბევრს დავდივარ. ამიტომ, ძალიან კარგად ვიცი, როგორი გაჭირვებაა დღეს საქართველოში.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ჩვენი ხალხის 52 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო, მაგრამ მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ორნახევარჯერ შემცირდა. თუმცა, უდავოა, რომ ესეც მნიშვნელოვანი რაოდენობაა.

რა თქმა უნდა,  ამ ხალხს ვაზღვევთ, დამატებით დახმარებას ვაძლევთ, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა და ეს ძალიან კარგად ვიცი.

საქართველოში ჯერ კიდევ არის უმუშევრობაც.

ბოლო ორი წლის განმავლობაში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დასაქმების პრობლემა ისევ მკვეთრად დგას. ქვეყანაში ძალიან ბევრია ოჯახი, რომლის არც ერთი წევრი არ მუშაობს და ესეც ძალიან კარგად ვიცი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთი გამოსავალია - უფრო მეტი კონცენტრაცია.

როდესაც ვლაპარაკობ, რომ საქართველო უნდა გახდეს სინგაპურისა და კორეის მსგავსი წამყვანი ქვეყანა, არც ვფანტაზიორობ და არც თავს ვიტყუებ - ამას წლები, ათწლეულები დასჭირდება.

მინდა ყველას გავახსენო, რომ კორეაში 70–იან წლებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი წელიწადში 100 დოლარი იყო. საქართველოში ეს მაჩვენებელი დღეს რამდენიმე ათასია, ხოლო კორეაში უკვე - 25 ათასი. კორეამ განვითარება 50–იან წლებში დაიწყო, სიღარიბის დაძლევა კი - 80-იან წლებში. ამისათვის მათ 30 წელი დასჭირდათ.

ჩვენ რამდენიმე წელიწადში შევძელით ვითარების შემობრუნება.

ამბობენ, რომ სადაც სიღარიბე და უმუშევრობაა, როგორც წესი, იქ არის კორუფცია, განუკითხაობა და, შესაბამისად, უუნარო მთავრობა.

საქართველოში სიღარიბეც არის და უმუშევრობის მნიშვნელოვანი დონეც, მაგრამ აქ არც კორუფციაა და არც განუკითხაობა, საქართველოში არის წესრიგი და ქვეყანას ჰყავს ეფექტიანი  მთავრობა.

ამიტომ, დანარჩენ პრობლემებსაც ამით უნდა მოევლოს.

იცვლება ფსიქოლოგია, განსაკუთრებით კი, ახალი თაობებისა.

ალბათ, გახსოვთ, სად აბარებდნენ 90–იან წლებში ახალგაზრდები. მეტროში, ავტობუსებსა და ქუჩებში გამოკრული იყო განცხადებები – საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი,  საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი, მსოფლიო მენეჯმენტის ფაკულტეტი და ა.შ.

ყველა ამ ფაკულტეტებს ირჩევდა, რადგან საქართველოში რეალური ეკონომიკა არ იყო. რამდენიმე წლის წინათ, ლაპარაკი დავიწყეთ იმაზე, რომ იურისტები ამ რაოდენობით აღარ არის საჭირო - ამ დარგის სპეციალისტები გვჭირდება ცოტა და კვალიფიციური.

არც ეკონომისტები გვჭირდება ამ რაოდენობით - ესეც გვჭირდება ცოტა და კვალიფიციური.

ჩვენ არ გვჭირდება ზოგადი მენეჯმენტის სპეციალისტები - გვჭირდება ძლიერი  მენეჯერები - ისიც ცოტა, კვალიფიციური და გამოცდილი.

მათ ნაცვლად, გვჭირდება ინჟინრები, ტექნოლოგები, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები, აგრონომები - სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის გადამწყვეტია.

ასევე გვჭირდება მშენებლები, ფიზიკისა და გამოყენებითი ფიზიკის სპეციალისტები.

წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე დიდი კონკურსი საინჟინრო დარგებზეა.

სამხედრო–საინჟინრო ფაკულტეტებზე, ერთ ადგილზე 70 კაცი მოდის.

ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ საქართველო ჩვენი ელექტრონიკითა და ცეცხლის მართვის სისტემით, ოდესმე უნიკალურ ქვეითთა საბრძოლო მანქანას აწარმოებდა? და ამას მხოლოდ საქართველო აკეთებს.

ქართული ანდაზაა: "გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო". ჩვენ გაჭირვება გვაჩვენეს, მაგრამ არსად არ გავიქეცით - მივხვდით, რომ ჩვენი ქვეყანა კი არ უნდა მივატოვოთ, არამედ უნდა გავმაგრდეთ, გავძლიერდეთ, ძალა მოვიკრიბოთ, წელში გავიმართოთ და პრობლემები გადავწყვიტოთ.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიდი რაოდენობით იხსნება ტექნიკური სასწავლებლები.

რამდენიმე დღის წინათ, 1000-ლარიანი ვაუჩერები დავარიგე. ყველა ადამიანს შეუძლია  გადამზადება სხვადასხვა მიმართულებით – ტურიზმის, წარმოების, ტექნოლოგიებისა და სამშენებლო სფეროებში.

პატარ-პატარა ბიზნესებითაც კი ძალიან სწრაფად უნდა განვვითარდეთ.

ჩვენ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში 8–9–10 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა  გვჭირდება, რომ წამყვან ქვეყნებს დავეწიოთ. ამას აუცილებლად მივაღწევთ.

ძალიან კარგად ვიცი ქვეყანაში რა პრობლემებიცაა. მაგრამ ხელს არ ჩავიქნევთ - ქართველის ხასიათში ეს არ არის. ჩვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ.

ჩვენი ეკონომიკა და განვითარების ტემპი დღეს ამ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობა არის გარანტი იმისა, რომ ეკონომიკური განვითარება კვლავაც გაგრძელდება, რადგან ხალხის განწყობა ასეთია.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოება ძალიან გაიზარდა.

წელს კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით.

ბოლო წლების განმავლობაში მცხეთაში 4–5 ქარხანა გავხსენი, მაგრამ ბევრად მეტი და ყველგან გვჭირდება. გვჭირდება გადამამუშავებელი წარმოებები.

რეგიონებში ბევრს დავდივარ და ცუდი ამინდების მიუხედავად, ასეთი ფუსფუსი არასდროს არ მინახავს.

ხალხი უფრო აქტიურად ამოქმედდა. ყველა ფიქრობს სოფლის მეურნეობის რომელი ახალი კულტურა შემოიტანოს, რისი გადამამუშავებელი საწარმო  შექმნას და რომელ ბიზნესს მოკიდოს ხელი.

ხალხი მიხვდა, რომ ყველაფერი მის ხელშია და ეს არის ზუსტად ის, რისი დანერგვაც სურდა მთავრობას ბოლო წლების განმავლობაში.

საბოლოოდ, ჩვენს საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს, მათ შორის ვერც უცხოელები. ჩვენ უნდა გავხსნათ და ავაშენოთ საწარმოები.

ყველაზე მეტად ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა და ამიტომ ჩვენვე უნდა შევქმნათ ახალი საწარმოებიც და ახალი სამუშაო ადგილებიც.

ეს მიწაც მთლიანად ჩვენვე უნდა დავამუშაოთ, პროდუქციაც ჩვენვე უნდა გავიტანოთ ექსპორტზე და ჩვენვე უნდა გავხდეთ კონკურენტუნარიანი.

ასეთი ქარხნებიც აუცილებლად უნდა გავხსნათ და ახალი ტექნოლოგიებიც უნდა შევქმნათ.

პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ასეთი ქარხნებით უნდა გაჯერდეს.

მართალია, საქართველოს ბაზარი პატარაა, მაგრამ მთელი რეგიონისთვის ეკონომიკური აქტივობის ცენტრია, რადგან აქ არ არის კორუფიცა, არის ეფექტიანი მთავრობა და გვყავს კვალიფიციური, შრომისმოყვარე საზოგადოება.

ამ მიმართულებით მუშაობას კვლავაც გავაგრძელებთ, რადგან კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი.

მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა 10 პროცენტზე ნაკლები უნდა გახდეს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი. ეს  პრობლემა მთლიანად არ გაქრება, როგორც, ვთქვათ, სინგაპურში, სადაც არ არის უმუშევრობა, მაგრამ უკვე დავადგებით ამ გზას. ჩვენ არ ვართ სინგაპური და ნამდვილად ვერ ვიქნებით ვერც 2015 წელს, მაგრამ იმ დროისათვის, ბავშვებმა, რომლებიც ამ პერიოდში იბადებიან არათუ უნდა დაავიწყდეთ, არამედ არც უნდა ნახონ სიღარიბე.

თუ ჩვენ სწორად ვიმუშავებთ და გავაგრძელებთ დაწყებულ საქმეს, ეს ასეც იქნება.

ამიტომ, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ქარხნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა.

უახლოეს წლებში ჩვენ გვეყოლება 4-დან 7-მდე მილიონი ტურისტი. რატომ უნდა შეძინონ მათ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქცია? რატომ უნდა გამოვკვებოთ ისინი უცხოეთის სათბურებში ან სხვაგვარად მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით? საქართველოშივე შეიძლება ყველაფრის გაკეთება.

ვინმეს შესახვეწი და ხელგასაწვდელი არაფერი არ გვჭირს.

ყველაფერი თავად უნდა შევქმნათ, ჩვენვე უნდა მოვიყვანოთ, თავადვე უნდა ავაშენოთ,  ახალი ტექნოლოგიებიც ჯერ ჩვენ მოვიგონოთ, შემდეგ უცხო ქვეყნებსაც გავუზიაროთ და დავანერგინოთ.  

საქართველოს აქვს პოტენციალი, რადგან ეს  არის ძალიან ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა.

ჩემო მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ დღეს ვულოცავ საკუთარ თავსაც.

დიდი მიღწევაა, რომ კიდევ ერთი ახალი საწარმო შეგვემატა.

დღეს გაჩნდა არა უბრალოდ ახალი საწარმო, არამედ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო საწარმო ამ მიმართულებით.

მინდა, თითოეულ აქ დასაქმებულს წარმატება ვუსურვო, თითოეულ ჩვენგანს კი - ბევრი ასეთი ქარხნისა და საწარმოს გახსნა.

ყოველი საწარმო გვაახლოებს უკეთეს მომავალთან და გვაშორებს ჯერ კიდევ არსებულ სიღარიბესთან, გაჭირვებასთან და უმუშევრობასთან.

მოვა დრო, როდესაც საბოლოოდ დავემშვიდობებით უმუშევრობას და გაჭირვებას და ეს დღე ბევრად უფრო ადრე დადგება, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მანამდე კი, ყოველდღე მუხლჩაუხრელად უნდა ვიმუშავოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.

ვიყოთ რეალისტები და, ამავდროულად, ოპტიმისტებიც.

ეს ქარხანა იძლევა ამის საშუალებას.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)