მოგესალმებით ყველას.
ვიცი, რომ ბევრი საქმე გაქვთ, მე მოულოდნელად გესტუმრეთ - გულმა გამომიწია.
ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ხალხი შეხვედრებზე სპეციალურად მოყავთ ავტობუსებით. ფაქტია, რომ აქ მოსვლა ერთი საათის წინ გადავწყვიტე და თითოეული თქვენგანი ადგილობრივი მკვიდრია, რომელიც გარშემო მდებარე კორპუსებსა და სახლებში ცხოვრობს.
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია ის, რომ ჩაწყობით და ძალდატანებით არაფერი ხდება. მთავარი ის არის, რომ არ შემიძლია გვერდი აგიაროთ და თქვენთან მოვდივარ.
თქვენც, შესაბამისად, მხვდებით, რადგან ალბათ გრძნობთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ იცვლება.
ყველაფერი შეძლებისდაგვარად კეთდება, რა თქმა უნდა, ხალხისათვის და არა იმისათვის, რომ მთავრობამ თავი მოიწონოს; კეთდება არა იმისათვის, რომ გამგებელმა მოიწონოს თავი, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი იმსახურებს ბევრად უკეთეს ცხოვრებას.
მახსოვს 3-4 წლის წინათ, მაშინ, როდესაც რეფორმების გატარება დავიწყეთ, ჩემო ძვირფასებო, ამბობდნენ: რა გააკეთა ამ მთავრობამ? ირონიულად აცხადებდნენ, რომ პოლიციის რეფორმა განხორციელდა, გამოცდებზე ფულს აღარ იღებენ, გზები დაიგო, წყალგაყვანილობის ახალი სისტემები დამონტაჟდა...
საინტერესოა, ამ საავადმყოფოებზე რაღას იტყვიან?
სწორედ ეს საავადმყოფოებია თანაწორობის იდეის ყველაზე ნათელი გამოხატულება - მილიარდელს და მილიონერს კი არა, საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბარი უფლება ენიჭება.
ჩვენი პროფესიონალების დახმარებით, შესაძლებელია, პრაქტიკულად, 5-ვარსკლავიანი სასტუმროს დონის საავადმყოფოში მკურნალობა.
ახალი საავადმყოფოები აღჭურვილია ისეთი ტექნიკით, როგორიც ამერიკის, ბრაზილიის, ჰოლანდიისა თუ საფრანგეთის კლინიკებში შეიძლება შეგვხვდეს.
სწორედ ასეთი საავადმყოფო გვაქვს გარდაბანში, ბოლნისში, რუსთავის რამდენიმე უბანში და ეს შემთხვევითი არ არის - ეს ჩვენი ძალიან დიდი მუშაობის შედეგია.
ხშირად, უცხოელებსაც უკვირთ რით აკეთებს საქართველო ყველაფერს, საიდან გვაქვს ამის ფული, მით უმეტეს, რომ არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი.
ვაღიარებთ, არც ერთი გვაქვს და არც მეორე, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ არც კორუფცია გვაქვს.
ეს არის მთავარი.
ის პოლიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა დარბაზებში ხშირად იკრიბებიან და საქართველოს წარსულში დაბრუნებას ცდილობენ, ალბათ დარდობენ, რომ ფულის გამოძალვისა და თქვენი დამცირების საშუალება მოესპოთ. ჩვენ ყველა მათგანს სახელითა და გვარით ვიცნობთ.
თუკი ადრე მხოლოდ ხუთი პალატა იყო ისეთი გარემონტებული, როგორიც ახლა 1000-ობით გვაქვს საქართველოში და თქვენგან მითვისებული ფულის წყალობით, მხოლოდ მათ ჰქონდათ იქ მოხვედრისა და მკურნალობის პრივილეგია, ახლა ეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ახლადაშენებულ და კეთილმოწყობილ საავადმყოფოებში.
ისინი სამკურნალოდ უცხოეთშიც მიდიოდნენ და მარტო მათი შვილები იყვნენ კარგად მოწყობილი.
აი, ეს ცხოვრება, ეს იდეა დავუნგრიეთ მათ და, რა თქმა უნდა, ამიტომაც არ სურთ აწმყო და მომავალი.
სწორედ ამიტომ უნდათ წარსულში დაბრუნება და ამიტომაც არის, რომ ყველა ჩვენი მტერი მთელ ფულს გაიმეტებს იმისათვის, რომ როგორმე უკან დაგვაბრუნონ.
ჩვენ ხალხს წარსულიც აქვს ნანახი და ძალიან კარგად იცის მომავლის ფასიც. უკეთესი ცხოვრების ფასსაც მალე მიხვდება უფრო კარგად, რადგან ჩვენი ბავშვების უმეტესი ნაწილი უკვე დადის გამთბარ, კარგად აღჭურვილ, გარემონტებულ სკოლებში.
ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის, პოლისების მეშვეობით, ძირითადად, საუკეთესო, ისეთ კლინიკებში მკურნალობენ, როგორსაც ჩვენზე 10-ჯერ უფრო მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებიც ნატრობენ.
ჩვენი გზები ყველგანაა. გარდაბანში ყველა ძირითად გზაზე გვაქვს პროგრამა, ყველა ძირითად უბანზე გვაქვს წყლის პროგრამა გარდაბანში და არა მხოლოდ აქ.
თუკი რუსთავში წყალი როდესმე იქნებოდა, თავადაც ვერ წარმომედგინა.
ახლა რუსთაველების 98 პროცენტს წყლის პრობლემა საერთოდ არ აწუხებს..
მათ აღარც ახსოვთ, რომ ეს პრობლემა ჰქონდათ და კიდევ კარგი. არც მინდა, რომ შევახსენო - უბრალოდ ახლა სიტყვამ მოიტანა.
ნამდვილად არ ვაპირებ ეს ვინმეს შევახსენო ან დავამადლო.
ნეტავ ყველას დაავიწყდეს, რომ იყო უგზოობის, უშუქობის, უწყლობის პერიოდი და ის, რომ ძლიან ბევრი რამ გვაკლდა.
ნეტავ, ერთხელ და სამუდამოდ დაგვავიწყდეს უსახსრობის და სიღარიბის პრობლემაც. საბოლოოდ, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.
ჩემო ძვირფასებო, არასდროს არ დამავიწყდება ჩვენი შეხვედრები გარდაბანში. არასდროს არ დამავიწყდება, როგორ მოვდიოდი ბოლო ჩამოსვლისას მთავარ ქუჩაზე 100-ობით, 1000-ობით თქვენგანთან ერთად.
აქ ცხოვრობს ძალიან თბილი, შრომისმოყვარე და განსაკუთრებული ხალხი, რომელიც, ერთ დროს, აქ მთელი საქართველოდან ჩამოვიდა - გარე კახეთიდან, სვანეთიდან, იმერეთიდან, ასევე ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები...
ეს არის საქართველოს მინი მოდელი, რადგან აქ, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შეკრებილია ძალიან მშრომელი, ნიჭიერი, თბილი და კარგი ხალხი.
ეს საკმაოდ რთული ადგილია, რადგან გარდაბანში ჯერ კიდევ დიდია უმუშევრობის პრობლემა. კარგად ვიცი, რომ აქაურობას არც ერთი მთავრობა არ აქცევდა ყურადღებას.
ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორედ ის არის, მივხედოთ მათ, ვინც ყველაზე დაუცველია; გავიხედოთ იქით, საითაც არასდროს არავინ არ იხედებოდა და იქ შევქმნათ ისეთი რამ, რაზეც ვერასოდეს ვერავინ ვერ იოცნებებდა და იფიქრებდა.
მთავარია თავად გვჯეროდეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი და ამ რწმენას ვეღარავინ ვერ შეარყევს.
ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ ჩემთან შესახვედრად მოიცალეთ.
დღეს უკვე მესამე საავადმყოფო და რამდენიმე სხვა ობიექტი გავხსენი, რამდენიმე მშენებარე ობიექტიც მოვინახულე და შემოგვაღამდა კიდეც, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ოდნავადაც არ დავღლილვარ.
თქვენ იმდენად დიდ ენერგიას მაძლევთ, რომ ასი ობიექტიც რომ იყოს გასახსნელი, ყველას სიამოვნებით გავხსნიდი.
მართალია აქ მხოლოდ ერთი რამ - ახალი საავადმყოფო გაიხსნა, ის განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო და ვფიქრობ, არის კიდეც განსაკუთრებული.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!