დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში ახალი სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა. როგორც მედპერსონალთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ახლადგახსნილ საავადმყოფოს პაციენტების სიმრავლის გამო, უკვე გაფართოება სჭირდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა განვითარდა და მკურნალობა უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა.
ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მათ მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი მარნეულში ახალი სავაჭრო ცენტრის გახსნას დაესწრო, რომელიც სუპერმარკეტ „სმარტს“, „სმარტ კაფესა“ და სხვა სავაჭრო თუ მომსახურების ობიექტებს მოიცავს. პრეზიდენტი ადგილზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა და ის პროდუქცია დაათვალიერა, რომელიც სავაჭრო ცენტრში გაიყიდება. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახლადგახსნილ მარკეტში ქართული წარმოების მაღალი ხარისხის ჩაიც იყიდება. მისი თქმით, ადგილობრივი წარმოების გაზრდა დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის. „ვისოლის“ მიერ აშენებულ ცენტრში, დღესდღეობით, 80-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა „სმარტის“ სუპერმარკეტების გაფართოების შემდეგ, კომპანია სამი ათასამდე ადამიანის დასაქმებას ვარაუდობს.
დღესვე პრეზიდენტმა კიდევ ერთი ახალი შენობა, მარნეულის პოლიცია მოინახულა, რომელიც უკვე უახლესი ტექნოლოგიით მუშაობს და პოლიციის თანამშრომლებსაც გაესაუბრა.
დაბოლოს, ქვეყნის პირველი პირი მარნეულის იუსტიციის სახლის მშენებლობის პროცესითაც დაინტერესდა. ახალი იუსტიციის სახლი, სხვების მსგავსად, თანამედროვე დიზაინით იქნება გამორჩეული და მისი მშენებლობა წელსვე დასრულდება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობა წარმოუდგენლად სწრაფად მიმდინარეობს. მისი თქმით, ყველაფერი ახალი, ერთად, ახალ ეპოქას ქმნის - ეს პროცესი კი საქართველოში დაწყებულია და მას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის. მიხეილ სააკაშვილმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. კერძოდ, იგი წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისა და გზების მშენებლობის საკითხებსაც შეეხო. მისი განცხადებით, ყოველივე ეს მარნეულს სრულიად ახალ სახეს მისცემს, რომელიც შორს იქნება იმ ღარიბი რეგიონიდან, როგორიც ოდესღაც იყო.
„ახლა, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან მომავალი ყველა ტურისტი საქართველოში ამ გზის გავლით ჩამოდის, წარმოიდგინეთ მომავალ წელს ზაფხულში ექვსასი - შვიდასი ათასი ტურისტი, რომ ჩამოვა დასასვენებლად და ტრადიციულად კატასტროფულად ღარიბ, შეუხედავ ადგილს სრულიად განახლებულს, რომ ნახავს. ჩვენი ქვეყნის სიამაყის საკითხია ის, რომ მსგავსი პროექტები ხორციელდება. რაც არ უნდა ილაპარაკონ, აღმშენებლობის პროცესი კვლავაც გაგრძელდება და დაწყებულს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.