საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილი სასტუმრო კემპინსკის მშენებლობაზე მივიდა, რომლის დასრულებას 2013 წლისთვის ვარაუდობენ. პრეზიდენტმა ყურადღება 24 საათიან რეჟიმით მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა და სასტუმროს უნიკალურ არქიტექტურაზე ისაუბრა. მან ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მშენებარე ობიექტიც მოინახულა, სადაც, სავარაუდოდ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. პრეზიდენტის თქმით, 35 სართულიანი ნაგებობა ყველაზე მაღალი იქნება მთელ შავი ზღვისპირეთში. გეგმის მიხედვით, ობიექტის მშენებლობა 2012 წლის აგვისტოში დასრულდება და, პრეზიდენტის თქმით, ეს შენობა მსოფლიოს არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იქნება.
მიხეილ სააკაშვილი აჭარის მთავრობის სახლის მშენებლობაზეც მივიდა, რომელიც ბათუმის ყოფილი პირველი საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ქალაქის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, აჭარაში ადმინისტრაციული და სამთავრობო ობიექტები მეორე ზოლში გადაინაცვლებს, ხოლო პირველი - სანაპირო ზოლი მთლიანად დაეთმობა ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რაც ამ ტერიტორიებისა და, ზოგადად, ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„აჭარის სამთავრობო დაწესებულებები ქალაქის შიგნით უნდა გადავიტანოთ. რადგან ბათუმი მხოლოდ ფასადური ქალაქი არ არის. Royal Caribbean-ის წარმომადგენელმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიაა, ბათუმში ყოფნისას ქალაქის გარეუბანში წაყვანა გვთხოვა. კარიბის კუნძულების სამოთხეში ჩასვლისას, მისი ფასადი ლამაზია, მაგრამ როგორც კი ცოტა გაცდები საშინელ სიღარიბეს ხედავ. ბათუმში ყველგან რაღაც კეთდება, აქ ისეთი ადგილი არ დარჩება, სადაც რაიმე ცუდი იქნება. ეს არ არის დიდი ქალაქი, თუმცა ახალი საზღვრების პირობებსა და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, 200-ათასიანი ქალაქი ხდება. აქ ყველგან რაღაც კეთდება, მთავრობის აპარატიც ქალაქის შიგნით გადმოვიდა და ამ რაიონში გადანაწილდა, ამ უბანში ამას დიდი განვითარება სჭირდება. ქალაქის პირველი ზონა - სანაპირო ზოლი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას დაეთმობა. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ქალაქის პირველ ზონაში განვითარდეს, რადგან სწორედ ეს ქმნის სამუშო ადგილებს, მეტ შემოსავალს და უფრო მეტი პერპექტივა უჩნდება ხალხს. მთავრობის წარმომადგნლები პლაჟთან ახლოს არ უნდა მუშაობდნენ - სამთავრობო ინსტიტუტები ქალაქის სიღმეში უნდა შევიდეს, იქ, სადაც აქამდე ყველაზე დიდი სიღარიბე იყო. ამას თავისთავად მოჰყვება მთელი ქალაქის განვითარება. აღმშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ქუთაისში პარლამენტის გადატანა ამ რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც, ტრადიციულად, უფრო ღარიბი იყო. აჭარაში ეს უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. მაგალითად, უზენაესი საბჭო ჩაქვში გადავიდა. თუ დააკვირდებით, ლევან ვარშალომიძეს მნიშვნელოვანი ობიექტები ისეთ ადგილებში გადააქვს, სადაც განვითარება ყველაზე მეტადაა საჭირო. ეს ძალიან სწორი მიდგომაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ხიმშიაშვილის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც დაათვალიერა, სადაც სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ორბი“ აწარმოებს. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მართლაც რეკორდსმენი კომპანიაა, რომელმაც მუშაობა კრიზისის დროს, ანუ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც მთელ მსოფლიოში გაჩერდა მშენებლობები. პრეზიდენტმა ყურადღება იმ ფაქტზეც გაამახვილა, რომ კომპანია მშენებლობისთვის მხოლოდ ქართულ სამშენებლო მასალებს იყენებს. მისი თქმით, ეს კომპანია ქმნის ადგილობრივ სასწაულს, რომელიც უკვე მსოფლიო მასშტაბის გახდა.
„იცით რატომ გაუძლო საქართველომ კრიზისს? იმიტომ, რომ ასეთი ხალხი გვყავს - საკუთარი ქვეყნის მომავლის რწმენით განმსჭვალული, არც თუ ისე დიდი სახსრებით, მაგრამ ოპტიმიზმით აღსავსე. ბათუმში არ გაჩერებულა, პრაქტიკულად, არც ერთი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ არ დარჩა უმუშევარი ხალხი. რა თქმა უნდა, აქ არ არის 100 პროცენტიანი დასაქმება, მაგრამ მხოლოდ ის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ახლა შენდება, მინიმუმ, 500 ათას სამუშაო ადგილს ქმნის. 300 ათასი სამუშაო ადგილი სასტუმროების მშენებლობებზე იქმნება. ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენიმე მილიონ კვადრატულ მეტრზე, რაც შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, გაცილებით მეტია. ბოლო წლების განმავლობაში აქ უფრო მეტი მშენებლობა მიმდინარეობს, ვიდრე კიევში, სადაც მოსახლეობა 4 მილიონს შეადგენს. ეს ნამდვილი სასწაულია. გაჭირვების მიუხედავად, საქართველო წინ მიდის. ლევანთან ვამბობდი კიდეც, რომ ერთ წელიწადში აქ ასაშენებელი ფართიც აღარ დარჩება. ცოტა მოშორებით, ორი 45-სართულიანი შენობა აშენდება, დღეს მოაწერეს ხელი. იქით შენდება კიდევ ერთი 120 ნომრიანი სასტუმრო; მარიოტი შემოდის, ჰილტონი აშენდება, დღეს რამდენიმე კემპინსკი ნახეთ... როდესაც ამბობენ: ლაზიკა როგორ უნდა აშენდესო, აქ ბათუმში თავისუფალი ადგილი აღარ დარჩება. უახლოეს მომავალში, აქ ეკონომიკურ - ფინანსური ზონის ჩამოყალიბებას ვიწყებთ აქ და ყოველივე ეს ერთმანეთთან კავშირშია. რაც მეტი აშენდება ბათუმში, მით მეტი აშენდება ფოთში, რაც მეტი აშენდება ფოთში, მით მეტი შესაძლებლობა იქნება ახალი ქალაქის გაჩენის. ცალკე ვერავინ განვითარდება, ეს არის ერთმანეთზე გადაბმული განვითარების ციკლი - ასე შენდება საქართველო. საქართველო შენდება დღეც და ღამეც. ჩვენ იმდენი დრო გვაქვს დაკარგული, განსაკუთრებით, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ არ შეიძლება არ წამოვიწიოთ. ძილის დრო არ არის, ამიტომაც ვაშენებთ ძალიან სწრაფად და ტემპს კიდევ უფრო ავაჩქარებთ. აქ უმაღლესი სტანდარტები შემოვიდა, რაც ქმნის სამუშაო ადგილებს, მეტ შემოსავალს, ახალ კომპანიებს, ახალ დასაქმებულებს, ახალ მომხმარებელს და ეს ადგილი დიდი საერთაშორისო ცენტრი გახდება, მათ შორის, ტურიზმის და ეკონომიკის თვალსაზრისით. ამას წინათ კანში აჭარა, ბათუმი და ლევან ვარშალომიძე დააჯილდოვეს, მაგრამ ლევანი ამ დროს იყო ბათუმში მსოფლიოს ყველაზე დიდი საკრუიზო კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებას აწარმოებდა და ჯილდო მე გადმომცეს. ბათუმი მართლაც კოსმოპოლიტური ქალაქი გახდება. რაც უფრო მეტი იქნება მყიდველი, მით უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ ადგილობრივები. ასე ვითარდება ესპანეთი. ბათუმი ახლო მომავალში გახდება არა მხოლოდ კურორტი, არამედ დიდი ფინანსური ცენტრი. მინდა გაითვალისწინოთ, რომ ახლა დილის 4 საათია. ნახეთ როგორი ხმაური ისმის ყველა მხრიდან, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან მშენებლობა მიდის. ამით არის საქართველო გამორჩეული. ჩვენს გარშემო არც ერთი ქვეყანა არ ვიცი, სადაც დილის 3-4-5 საათზე ყველა მხრიდან ისმის გუგუნი და მიდის მშენებლობა. არ შემიძლია ამით და იმ ხალხით არ ვიამაყო, ვინც ამას აკეთებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის მოსახლეობას მოუბოდიშა კიდეც იმ დისკომფორტისთვის, რომელიც მათ ღამის საათებში მშენებლობებით გამოწვეული ხმაურით ექმნებათ. თუმცა კომპანიის მესვეურებსა და მშენებლებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.