Google+

სიახლეები

10.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რეაბილიტირებული ალაზანჰესი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მდინარე ალაზანზე რეაბილიტირებულის ჰიდროელექტროსადგური „ალაზანი I” დაათვალიერა და კახეთის რეგიონისთვის ამ ჰესის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და საქართველოში ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე   ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი აღმშენებლობის მიმდინარე პროცესსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოკუპაციისა და შანტაჟის მიუხედავად, საქართველოს წინსვლა სახეზეა, რაც, პრეზიდენტის თქმით, განხორციელებული სწორი რეფორმების, დაძლეული კორუფციისა და ხალხის ნიჭიერების დამსახურებაა.

„პოსტ საბჭოთა სირცეზე საქართველო გამოჩნდა, როგორც მთავარი ალტერნატივა. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვინმეს ვეჯიბრებით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაზე ვფიქრობთ. არავისთან შესაჯიბრი არაფერი არ გვაქვს - ტერიტორიები დაგვიბრუნონ და დაგვანებონ თავი. პოსტ საბჭოთა სივრცეზე საქართველო, რომელსაც არ ააქვს ნავთობი და გაზი, აშენებს ახალ ენერგეტიკულ ობიექტებს, გზებს - ყველა მიმართულებით, ალამაზებს არსებულ ქალაქებს და აშენებს ახალ ქალაქს, ანვითარებს ეკონომიკას და აუმჯობესებს საკრედიტო რეიტინგებს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს მაჩვენებლები იკლებს. ე.ი. არსებული გამოწვევების მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, როდესაც სულ გვემუქრებიან და გვაშანტაჟებენ, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიწევს წინ. ეს აიხსნება ორი ფაქტორის კომბინაციით - საქართველოში განხორციელებული სწორი რეფორმებითა და ჩვენი ხალხის უსაზღვრო ნიჭიერებით. ეს ვრცელდება, მათ შორის, ჩვენ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ძირითადი მიზეზი იმისა თუ რატომ შენდება ჩვენთან ყველაფერი არის ის, რომ აქ არ არის კორუფცია. რამდენი ნავთობი და გაზიც არ უნდა გქონდეს, კორუფციის პირობებში, შედეგს ვერ მიაღწევ. სხვა შემთხვევაში არც ეს გაკეთდებოდა და აშენდებოდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ელექტროენერგიის მზარდი მარაგის პირობებში, ქვეყანას აღარასდროს დაემუქრება ხელახლა ჩაბნელება და შემოსავლის წყაროც ექნება. პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ენერგეტიკოსებს, რომლებიც მძიმე ბუნებრივი თუ რელიეფური პირობების მიუხედავად, 24-საათიანი რეჟიმით მუშაობდნენ და მთელი საქართველოს მასშტაბით ენერგომომარაგების უსაფრთხო სისტემას ქმნიდნენ. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა, უმოკლეს ვადაში განხორციელებული პროექტი გამოყო, რომლის წყალობითაც სვანეთის ელექტრომომარაგება უფრო სტაბილური გახდა.

„გრძელდება ჩვენი ბრძოლა მეგავატებისთვის, რათა საქართველო არასდროს ჩაბნელდეს ხელახლა. ქვეყანას და რეგიონს, პრაქტიკულად, ახალი ჰესი დაემატა და ერთი ამხელა ჰესი მდინარის ქვედა ნაწილში შენდება. ეს არის ჩვენი მცირე ჰესების პროგრამა - ჩვენ არა მარტო დიდ ჰესებს, არამედ მცირე ჰესებსაც ვაშენებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა ენერგეტიკოსებმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს. მესტიაში ჩვენ ახალი ხაზი ავაშენეთ, ბევრად უფრო მაღალ უღელტეხილზე გადავიყვანეთ, ვიდრე ოდესმე გაუყვანიათ საბჭოთა კავშირის პერიოდში. 250-მდე ანძა დადგეს მაშინ, როდესაც ყველაზე ცუდი ამინდები იყო. დავალება მაშინ იყო ძალიან ზუსტი -  ახალ წელს მესტია უნდა იყოს უსაფრთხოდ განათებული. მესტიასა და, ზოგადად, სვანეთში ახლა დიდი ტურისტული პროექტები ხორციელდება, უნდა შეიქმნას პატარ-პატარა საწარმოებიც და ბევრად მეტი ელექტროენერგია დაგვჭირდება, ვიდრე აქამდე გვჭირდებოდა. ჩვენი ენერგეტიკოსების მხრიდან, ეს მართლაც დიდი გმირობა იყო. ალაზანჰესი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია კახეთისთვის, რათა რეგიონი დაცული და მომარაგებული იყოს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

ჰიდროელექტროსადგური „ალაზანი I”-ის  რეაბილიტაცია უმსხვილესი ჰოლდინგის ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი”-ს წევრმა ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ”  განახორციელა და ეს ორ ეტაპიანი პროექტის ნაწილია. რეაბილიტაციის პროცესში 100–მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.  პროექტის მეორე ნაწილი ახალი ჰესის „ალაზანი II”–ის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები იანვარში დაიწყება და 2013 წლის შემოდგომით დასრულდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)