Google+

სიახლეები

04.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის მოსახლეობას სიტყვით მიმართა

მოგესალმებით ყველას!

მინდა, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. 
უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ზუგდიდის მასშტაბურ რეკონსტრუქციას. 
აქამდე ყველანი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე - გზებისა და წყალგაყვანილობის შეკეთებაზე ვიყავით კონცენტრირებული, მაგრამ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზუგდიდი სამეგრელოს ცენტრი და გულია თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. 
სწორედ ამიტომ,  ვიწყებთ აქ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მთელს ზუგდიდში გამოიცვლება წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც ზუგდიდისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ათწლეულების განმავლობაში. 
ასევე ვიწყებთ ძალიან დიდი და ლამაზი მოედნის, სასტუმროებისა და კაფე–ბარების მშენებლობას, ზოგადად, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას. 
ერთი სიტყვით, ზუგდიდის ცენტრი იქნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი. 
იმის გათვალისწინებით, რომ ვითარდება მესტია და, ზოგადად, სვანეთი, ასევე მთელი შავი ზღვისპირეთი, ხოლო გზა ამ ტურისული ცენტრებისკენ სწორედ აქ გადის, ზუგდიდი უმნიშვნელოვანეს ფუნქციას შეიძენს ტურისტებისთვისაც და კომფორტული ქალაქი გახდება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაც. 
სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ ხვალიდან დაიწყება. 
ძველი სტადიონის ნაცვლად, აქ აშენდება "ინგირის" ახალი სტადიონი. ასევე, გავაკეთებთ სხვა სპორტულ კომპლექსებს. თქვენ იცით, რომ ზუგდიდელ ბავშვებს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედნის აშენებას დავპირდი. მართალია, ინვესტორებმა რამდენჯერმე გადადეს ეს საქმე, მაგრამ ჩვენ მას საკუთარი ძალებით გავაკეთებთ და დანაპირებს პირნათლად შევასრულებთ. 
მიმაჩნია, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ზუგდიდი საუკეთესო ქალაქი იქნება, ხოლო აქ ცხოვრება - ძალიან საამაყო და კომფორტული.  
მეორე საკითხი, რომელიც არა მარტო ჩემთვის და თქვენთვის, არამედ  საქართველოს ყველა რეგიონისთვის გახდება ძალზე მნიშვნელოვანი, ახალ ინიციატივას შეეხება. 
თქვენ იცით, რომ მთელ მსოფლიოში ზღვისპირეთის განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა. ახალი კომერციული, სავაჭრო, ინდუსტრიული ცენტრების 80 პროცენტი ზღვისპირეთში ვითარდება. 
ტრადიციულად, ასეა მთელ მსოფლიოში და, ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. თავის დროს, სწორედ ამგვარად განვითარდა კოლხეთი, ასე ვითარდებოდა ძველი ქართული სამეფოები და მათგან წარმოიქმნა ძველი მითებიც, რომლებიც ჩვენ გვიკავშირდება. 
ათასწლეულების განმავლობაში, სწორედ, ეს იყო საქართველოს იდენტურობა.
საქართველო ახლა ძალიან კარგი პოზიცია უკავია. საკრედიტო რეიტინგები მთელ მსოფლიოში იწევს დაბლა. საქართველო კი ერთადერთი არანავთობმწარმოებელი ქვეყანაა, რომლის საკრედიტო რეიტინგიც იზრდება. ე.ი. აქ არის შესაძლებლობა, რომ ჩაიდოს ინვესტიციები,
ყველა მნიშვნელოვანი კვლევის თანახმად, კორუფციასთან ნომერ პირველი მებრძოლი ქვეყანა ვართ მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით,  მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ ეკონომიკური თვალსაზრისით. 
საერთაშორისო გამოკვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ჩვენ გვყავს მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე ეფექტიანი ადმინისტრაციული აპარატი ახალი ზელანდიის შემდეგ. 
ჩვენ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ ევროპაში, რაც რამდენიმე წლის წინათ წამოუდგენელი იქნებოდა. 
ერთი სიტყვით, საქართველოს აქვს ყველა მონაცემი იმისთვის, რომ აქ დიდი ინვესტიციები განხორციელდეს და დიდი სავაჭრო ბრუნვა გვქონდეს. 
აქ უნდა შეიქმნას ძალიან ბევრი სამუშო ადგილი, დიდი ინდუსტრია, დიდი ლოჯისტიკური ცენტრები და ყველაფერი ის, რისი კეთებაც კარგად გვეხერხება, განსაკუთრებით, სამეგრელოში. 
ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ მოგვეხერხებინა ეს და გადავწყვიტეთ, რომ ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას.
თბილისის შემდეგ, ლაზიკა სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, როემლსაც, ჩემი ვარაუდით, 10 წელიწადში, მინიმუმ, ნახევარი მილიონი მოსახლე ეყოლება. იგი გახდება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და მთავრი ცენტრი მთელ შავ ზღვაზე. 
მომავალი წლის გაზაფხულიდან ანაკლიის გაყოლებაზე დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს ახალი პორტის მშენებლობისთვის. იქ არის ღრმა წყლები და საუკეთესო კანიონი, რაც ხელსაყრელი ბუნებრივი პირობაა საზღვაო პორტის მშენებლობისთვის. 
გზებსა და წყალგაყვანილობის სისტემას გავიყვანთ ყველგან. დაჭაობებულ ადგილსაც დავაშრობთ - ასეთი მხოლოდ ერთი ადგილია და მისი დაშრობა პრობლემას არ წარმოადგნეს. 
მომავალ წელს, ახალი ქალაქის მშენებლობაზე რამდენიმე ათას ადამიანს დავასაქმებთ. 
ასევე, მსოფლიო მასშტაბით გამოვაცხადებთ კონკურსს როგორც ქართველი, ისე უცხოელი არქიტექტორიებისთვის. 
ჩვენ არაჩვეულებრივი შენობები ავაშენეთ ბათუმში და დღეს ის საუკეთესო ქალაქი ხდება. ძალიან სწრაფად ვითარდება ფოთიც - თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფართოვდება და შენდება დიდი აეროპორტი, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს და, მათ შორის, ჩვენს ახალ ქალაქს, ლაზიკას მოემსახურება. 
ჩვენი ამოცანაა ის, რომ ფოთის, ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისისა და საქართველოს ყველა დიდი ქალაქის აღმშენებლობის შედეგები ერთ დიდ ცენტრში, დასავლეთ საქართველოსა და, მათ შორის, სამეგრელოს ყველაზე დიდ ქალაქში - ლაზიკაში გავაერთიანოთ.  
ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, რომ სიღარიბე ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ. 
ჩვენ დიდი გარღვევა გვჭირდება იმისათვის, რომ აქ გაჭირვება აღარ იყოს.
ჩვენ ჩქარი ტემპებით ვვითარდებოდით, წელსაც საქართველო რეგიონში ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ტემპით ვითარდება, მაგრამ დასახულ მიზნამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რადგან წლების განმავლობაში განვითარების ძალიან დაბალი დონე გვქონდა. 
ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკება ევროპისა და აზიის რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან, რათა ამ ახალი ქალაქის მშენებელობაში ჩადონ ფული. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, მათ შორის, უცხოეთში წასულ ხალხს და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ და ჩვენთან ერთად ააშენონ საქართველოს ახალი სიამაყე, ახალი ქალაქი. ლაზიკა გაკეთდება ისე, როგორც არ გაკეთებულა არც ერთი ქალაქი საქართველოს ისტორიის ერთ მოკლე პერიოდში. 
ეს მოხდება აქ - დასავლეთ საქართველოში, აქ - შავი ზღვისპირეთში და აქ - სამეგრელოს გულის გვერდით, ზუგდიდის გაგრძელებაზე.  
ასე რომ,  წინ კიდევ დიდი მშენებლობები გველოდება და მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს განსახორციელებელი. 
ეს არის ის, რაზე უკვე დავიწყეთ მუშაობა. გახსოვდეთ, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, იმას ყოველთვის ვაკეთებთ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორი წლის წინათ ანაკლიაში რაიმე გაკეთდებოდა. მომავალ ზაფხულს ყველაზე კარგი აკვაპარკი იქნება აქ, აშენდება უამრავი ახალი გასართობი ობიექტი და ორი დიდი სასტუმრო. 
ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ სვანეთში შესაძლებელი იყო რაიმეს გაკეთება. იქ ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავი იქნება წელსვე, განსაკუთრებით კი, ორ წელიწადში.  
თეთნულდზე ახალ სათხილამურო კურორტს ვაშენებთ, სადაც უამრავი ადამიანი დასაქმდება. 
ნახეთ, როგორ ვითარდება სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონები.
თბილისიდან აქ მოვა ავტობანი, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის მასშტაბით. ის უერთდება როგორც სტამბულის, ისე ბაქოს ავტობანს. ასეთივე მნიშვნელობისაა სწაფი რკინიგზა, რომელიც აზიაში გადის. ამგვარად, ამ ყველაფრის ცენტრში ჩვენ ვართ. 
დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ განათლებული ხალხი გვჭირდება და სწორედ ამიტომ  უნდა ავაშენოთ საუკეთესო სკოლები, რომლებიც კომპიუტერიზებული კლასებით იქნება აღჭურვილი. ჩვენ ვქმნით და მომავალ წელს გვექნება საუკეთესო უნივერსიტეტებს. 
ერთი სიტყვით, ჩვენ გვჭირდება ნახტომი, რომელიც სწორად დაგეგმილი და კარგად გათვლილი, მასშტაბური აღმშენებლობით არის შესაძლებელი.  
როგორ ფიქრობთ, რატომ დაგვარტყა რუსეთმა აფხაზეთში?! იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, რომ ყველზე დიდი პერსპექტივა მოსახლეობის შესაძლებლობის, განათლებისა თუ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, აფხაზეთში იყო.
ამ ფაქტმა საქართველო, პრაქტიკულად, ხერხემალში გაწყვიტა. 
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ შევქმნით ახალ ქალაქს, რომელიც მყარი საფუძველი იქნება იმისა, რომ საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს. საქართველოს არსებობა, რა თქმა უნდა, წარმოუდგნელია აფხაზეთის გარეშე, მაგრამ ამისთვის გვჭირდება განვითარება და მოძრაობა. 
ჩვენ აუცილებლად გაგვიჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიციები აღვიდგინოთ და დღევანდელი პოზიციები შევინარჩუნოთ. 
ამისთვის კი, მუდმივი განვითარება, მუდმივი მოძრაობა და მუდმივი წინსვლაა საჭირო. 
ამის სათქმელად მოვედი მე დღეს ზუგდიდში და დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. 
 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)