საქართველოს პრეზიდენტი „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
ყველას მოგესალმებით!
რამდენი წელია, ამ ლამაზ შენობას ვუყურებ. ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ამ მასშტაბის ვერ წარმომედგინა. ესაა გიგი უგულავას მიერ გამოგონილი გამოთქმის კლასიკური მაგალითი: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“, ეს კი არის ძველი შენობის ახალი სიცოცხლე, რომელიც „საქართველოს ბანკმა“ მოიტანა. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ. სხვათა შორის, ეს შენობა მსოფლიო ჰაბიტატის სტილის ერთ-ერთ მთავარ შედევრად ითვლება. თუკი საბჭოთა დროიდან რაიმე კარგი შემოგვრჩა, პირველ რიგში, ეს და კიდევ ერთი-ორი შენობაა და კარგად შეესაბამება იმ აღმშენებლობის ეპოქას, რომელსაც საქართველოში ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით.
ბოლო წლებში აღმოვაჩინეთ, რომ ქართველებს ბანკირობა და საბანკო საქმე კარგად გამოსდით. არ ვიცი ეს სისხლში საიდან მოხვდა, ალბათ იმის დამსახურებაა, რომ აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი პუნქტი ვიყავით. ჩვენთან ძველთაგანვე არსებობდა შენახვის ინსტიტუტი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პირველი ბანკირები იყვნენ სვანეთში. ილია ჭავჭავაძემ ეროვნული საქმის აღორძინება სწორედ საადგილმამულო ბანკის შექმნით დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფაქტია, რომ ქართველებს ეს საქმე გვეხერხება, ხოლო ჩვენ შორის ერთ-ერთი საუკეთესოები "საქართველოს ბანკის" ხელმძღვანელები და მისი თანამშრომლები არიან. მართლაც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ. სხვათა შორის, ამასწინათ "Financial Times"-ის სტატია წავიკითხე, სადაც „საქართველოს ბანკი“ სამ რუსულ კომპანიასთანაა შედარებული და წერია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკი ლონდონის ბირჟაზე. მე მქონდა პატივი, 2007 წელს "საქართველოს ბანკი" წარმედგინა ლონდონის ბირჟაზე. ეს პირველი ქართული კომპანია იყო, რომლის ფასიანი ქაღალდებიც იქ მოხვდა, ახლა კი "Financial Times"-ი უკვე მის წარმატებებზე წერს. აღნიშნავენ, რომ პირველი ვაჭრობა ძალიან წარმატებული იყო. არსებობდა რთული პერიოდი, რადგანაც მსოფლიოში კრიზისი იყო. ამჟამად, "საქართველოს ბანკს" სამ რუსულ კომპანიას ადარებენ და ამბობენ, რომ ისინი ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ ქართული ბანკი ნამდვილი ბანკია და ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეფუძნება. ამ დროს კი რუსული კომპანიები ეფუძნებიან რესურსებს, რომლის უკანაც საკმარისი ინტელექტუალური რესურსი არ დგას. მათ აქვთ ბუნებრივი, მაგრამ არ გააჩნიათ ორგანიზებული რესური და საერთო სისტემა, რომელსაც ეკონომიკა ეფუძნება. ეს ყველაფერი ჩვენ 2003 წლის შემდეგ მოვიშორეთ თავიდან.
დღესდღეობით, მსოფლიოში რთული სიტუაციაა. ევროპაში დიდი ეკონომიკური მიწისძვრაა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიწისძვრის ბიძგებს ვგრძნობთ. მიუხედავად ყველაფრისა, ამ რყევამ ჩვენთან არანაირი ეკონომიკური ნგრევა არ უნდა გამოიწვიოს, რადგანაც ქართული ეკონომიკა და ჩვენი განვითარება ბოლო წლების განმავლობაში სწორი მიმართულებით მიდის. ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, რომელიც არ ეფუძნება სპეკულაციასა და პირამიდის სქემებს, რომელშიც არის ძალზე დაბალი საბიუჯეტო დეფიციტი, რომელსაც მომავალ წელს კიდევ უფრო შევამცირებთ. ჩვენ გვაქვს ეკონომიკა, სადაც ერთიან ეროვნულ პროდუქტთან ვალის დაბალი შესაბამისობაა. ახლა ვალი უფრო ცოტაა, ვიდრე 2004 წელს, მაშინ, როდესაც მე პრეზიდენტი გავხდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვალები ავიღეთ, მაგრამ ერთიანი ეროვნული პროდუქტი ბევრად მეტი გვაქვს. მართალია, საქართველო ჯერ არ არის მდიდარი ქვეყანა, მაგრამ გვაქვს მზარდი ტენდენცია. დადებითია ის ფაქტი, რომ პირველად ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენთან უმუშევრობის მაჩვენებელმა დაიკლო. პირველ წლებში უმუშევართა რიცხი გაიზარდა, რადგანაც სახელმწიფო აპარატიდან უამრავი ადამიანი დავითხოვეთ. მათ შორის ბევრი ნომინალურად დასაქმებული იყო, რადგანაც ხელფასი, რომელიც გაიცემოდა სახელმწიფო აპარატში, რა თქმა უნდა, არ ამართლებდა დასაქმების დასახელებას. ბოლო 2 წელია, რაც უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა. 2008-2009 წლებში უმუშევრობის დონე 18 პროცენტიდან 20-მდე გაიზარდა, შემდეგ კი 16 პროცენტამდე ჩამოვიდა, ამჟამად კი ეს ციფრი 14-ს გაუტოლდა. ჩვენი საბოლოო მიზანი უმუშევრობის მაჩვენებლის 10 პროცენტზე დაბლა დაწევაა, რასაც მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმით ვვარაუდობთ. როდესაც მოდერნიზაციის გეგმაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი განვითარება საარჩევნო ციკლებს არ მივუსადაგოთ. რა არჩევნებიც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა მიმდინარეობდეს, უნდა განვაგრძოთ განვითარება. ბოლო წლებში ჩვენ იმდენი ქარტეხილი გამოვიარეთ, რომ იმუნიტეტი გამოგვიმუშავდა.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პოლიტიკური პროცესები და ეკონომიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. არ უნდა განმეორდეს ისეთი ავანტურა, როგორიც 2009 წლის აპრილში ან 2007 წლის ნოემბერში იყო და ეს არ აისახოს ეკონომიკურ პროცესებზე, არ უნდა გამოიწვიოს მასობრივი დესტაბილიზაცია და ქუჩის მიტინგები, რადგანაც, ყოველმა ჩვენგანმა კარგად ვაჩვენეთ, რომ ხალხი რეფორმებს, სტაბილურობას და იმ კურსს უჭერს მხარს, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. ხალხი პოლიტიკურად მომწიფდა და ძალიან რაციონალურია. კარგად ესმის, რას ნიშნავს ეკონომიკის განვითარების აუცილებლობა. მით უმეტეს, როცა მსოფლიოში არსებული ეკონომიკური რყევებია.
ჩვენ შევინარჩუნეთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უმუშევრობის დაძლევაზე, საჭირო არის ხალხის მომზადება და გადამზადება, ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი უახლოესი წლების განმავლობაში, ამიტომ ინგლისურის სწავლების პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთნ ერთად" რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს პირველ რიგში დასაქმების პროგრამაა.
თბილისში ასი ათასზე მეტი ადამიანი გაივლის ინგლისურისა და კომპიუტერული პრაგრამების გადამზადების კურსს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ძირითადად 45-დან 60 წლის ასაკამდე ქალბატონები ჩაერთვებიან, გაივლიან გადამზადებას ინგლისურ ენასა და კომპიუტერში, რადგან ეს არის ის, რაც ელემენტარულად ზრდის დასაქმების შანსს. იგივე პროცესებით ვგეგმავთ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც რეგიონებში გვაქვს. ზუსტად იგივეს ვაკეთებთ ქუთაისში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლად. გადამზადების და პროფესიული უნარჩვევების ამაღლების მიზნით, რამდენიმე ათეული ტექნიკური სკოლის პროგრამა გვაქვს შემუშავებული, რომელიც ზუსტად იმ პროფესიის ადამიანებს გადაამზადებს, რომლებიც ახლა ყველაზე მეტად არიან საჭირო თანამედროვე ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა ახალი ქართული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნების, რომელიც ბათუმში განთავსდება. იმედია, მომავალ წელს დავიწყებთ უკვე ამ გეგმის განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროექტების და რეფორმის შედეგად ჩვენ გვექნება ბევრად მეტი ინტელექტუალური პოტენციალი შემდეგი წლების განმავლობაში.
ერთი კარგი რამ, რაც რუსულმა ემბარგომ გვასწავლა არის ის, რომ დღეს არ ვართ იმ მდგომარეობაში რომელშიც 2006 წლამდე ვიყავით, როცა ერთი ქვეყნის ბაზარზე ვიყავით დამოკიდებული.
არავის არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ რეგიონის ზოგიერთ სხვა ქვეყანას, როდესაც 2009 წელს, ჩვენ მინუს 3 პროცენტი ვარდნა გვქონდა მათი ეს მაჩვენებელი 15-20 პროცენტს შეადგენდა. რატომ? იმიტომ, რომ ისევე როგორც ჩვენ 2006 წლამდე ნემსის წვერზე იყვნენ შემომსხდარი, ერთი ქვეყნის ეკონომიკაზე, ერთი ქვეყნის ბაზარზე, ერთი ქვეყნის ინვესტიციებზე და იმ ქვეყანას როგორც კი შეერყა პოზიციები, მაშინვე ჩაიყოლია ზოგიერთი რეგიონალური ქვეყანა. ამიტომ იყო, რომ 2006 წელს ჩვენ დიდი დარტყმა მივიღეთ: კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ გაყიდეს პროდუქცია, დააკლდათ შემოსავალი, გაჩერდა ეკონომიკური პროცესები, მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი ძალებით სიძნელეების გადალახვა და წელში გამართვა. ამიტომ დღეს ჩვენ აღარ გვყავს ერთი ცალკე აღებული წამყვანი ინვესტორი, აღარ ვართ ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული, ჩვენ ახლა ვართ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით განვითარებული. ჩვენ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაზე უფრო წინ ვართ წასული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც. ხალხი შედის ევროკავშირში იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურა განავითაროს, ჩვენ კი როდესაც ამ ორგანიზაციაში შევალთ, რაც უკვე ჭეშმარიტებაა და რაზეც ყველა საუბრობს, იმ პოზოციებით გავწევრიანდებით, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა, ევროკავშირის წევრიქვეყნებისგან განსხვავებით, საკუთარი ძალებისა და, რა თქმაუნდა, დონორებისა და მეგობრების თანადგომით უფრო განვითრებული გვექნება.
რაც მთავარია, წლის ბოლომდე იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს განვაახლებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ხვალ, ევროკომისიის საგარეო საქმეთა მინისტრს ქეთრინ ეშტონს ველოდები, შეხვედრისას ამ თემას განვიხილავთ, რადგან როგორც არასდროს ახლა ისე გვჭირდება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების პროცესის დაჩქარება. ევროპული ბაზარი ჩვენისთანა ქვეყნისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვანია შუა აზიის, დსთ-ს ქვეყნების ბაზარი, აუცილებელია ყველა მიმართულებით განვითარება, მაგრამ ბაზარზე რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი ქვეყნის პროდუქტიულობა უნდა ავამაღლოთ. მინდა ავღნიშნო მთავარი პრობლემა, რომ ეკონომიკის ყველა სექტორში პროდუქტიულობის დაბალი დონეა. ეს ერთი მხრივ, ცუდი ამბავია, მაგრამ, რადგანაც დაბალი დონიდან ვიწყებთ, ეფექტური ქმედებებით სწრაფად შეგვიძლია ავამაღლოთ ეს მაჩვენებელი იმის მიუხედავად, რა ცუდი პროცესებიც არ უნდა იყოს მსოფლიოში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც რუსეთიდან კაპიტალი გაედინება, ამ პოტენციალის ათვისებაზე თქვენი ბანკისა და სხვა ეკონომიკური სტრუქტურების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩასაფრებულები. რუსეთის ლიდერმა რამდენი ახალი სახეც არ უნდა წარმოადგინოს, ამ პროცესის შეჩერება იქ შეუძლებელია. ყველამ იცის, რომ მათ კარგი მომავალი არ ელოდებათ. ამიტომაც გაედინება კაპიტალი. ეს კაპიტალი კი იქ უნდა წავიდეს, სადაც ამისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. ასეთი ადგილი კი საქართველოა, რომელიც რეგიონში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით ლიდერ პოზიციებზეა, ახალი ზელანდიის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე ეფექტური სახელმწიფო აპარატი ჩვენ გვაქვს. ეს მონაცემები არ არის ჩემი მოგონილი, ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციები წერენ, რომლებიც, სხვათაშორის, ყოველთვის საკმაოდ უსამართლოდ გვეპყრობიან. მათი მხრიდან ამის აღიარება კი იმის დასტურია, რომ ეს მართლაც ასეა. ეს ჩვენი შანსია იმ პირობებშიც კი, როდესაც სხვებს ცუდად მისდით საქმე. ჩვენ სხვა ქვეყნიდან გადინებული კაპიტალის საქართველოში დაბანდება უნდა შევძლოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა მალე გახდება ამ რეგიონის, მთელი შუა აზიისა და ევროპისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტიურობის ცენტრი.
2003 წლამდე ჩვენ ვხელმძღვანელობდით იმ კონცეფციით, რომ საქართველო არის დერეფანი. მე არ მომწონს ეს კონცეფცია. მსურს, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი მოთამაშე, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და მთელი რეგიონისთვის ადგენს სტანდარტებსა და თამაშის წესებს. ეს არ არის ზედმეტად ამბიციური განცხადება. ამ ბანკმა, ისევე როგორც სხვებმა, შეძლო პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო ყოფილიყო , ამ პარალელის გავლება შეიძლება ჩვენს ქვეყანასთანა ანუ ჩვენ ვახერხებთ, რომ შევქმნათ საკუთარი სტანდარტები და გვქონდეს ყველაზე მაღალი განვითარების დონე ამ რეგიონში. მინდა კიდევ ერთხელ გავავლო პარალელები,რომ საქართველოს კეთილდღეობა ამ კომფორტული ოფისებიდან იქმნება. რა თქმა უნდა, ქართველების უმეტესობა ასეთ თბილ ოთახებში არ ზის, ამ ბანკის თანამშრომლების მსგავსად მაღალი შემოსავალი არ აქვთ, მაგრამ მე საშუალო ფენაზე ვსაუბრობ. ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს იმის განცდა, რომ გლობალური პროცესების ნაწილი ვართ. ეს გრძნობაც განვითარების პროცესშია, მაგრამ, საბოლოოდ, ყველა უმუშევრისთვის, პენსიონერისთვის, სოციალურად დაუცველისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ხელის გამართვა, თქვენ, საქართველოს ეკონომიკის სხვა ლიდერებთან ერთად იქნებით ფლაგმანი, იმისათვის, რომ ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ წავიყვანოთ.
ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ჩვენი მთავარი სიმდიდრეა ჩვენივე ინტელექტი, ჩვენი ნიჭიერება, ჩვენი ქვეყნის მომავლისა და განსაკუთრებულობის უსაზღვრო რწმენა. ეს არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს.
ამ შენობის მსგავსად ჩვენ ყველანი გადაჯაჭვულები ვართ - ძალა ერთობაშია თითოეული ქართველის, ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის ყველა მოქალაქის განცდაა, რომ მართლაც, ძალა ერთობაშია. ჩვენ ერთად მივაღწევთ დანიშნულების ადგილს.
დიდი მადლობა.