Google+

სიახლეები

09.11.2011
საქართველოს პრეზიდენტი: "მომავალი წლიდან საპენსიო პაკეტი 140 ლარს შეადგენს"

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებთან ერთად დღეს პენსიის ზრდისა და პენსიონერთა დაზღვევის საკითხი განიხილა.  მისი განცხადებით,  პენსიის ზრდის პოლიტიკა, დაპირებისამებრ, გრძელდება და  საპენსიო პაკეტი მომავალი წლიდან 140 ლარს შეადგენს.  

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურს,  ანდრია ურუშაძესა და დიმიტრი გვინდაძეს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ პენსიების გრძელვადიანი ზრდა და სადაზღვევო სისტემის დახვეწა, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, ხელისუფლების პრიორიტეტი და 2012 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებაა.   

მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მოითხოვა იმის თაობაზე, თუ რა რესურსი აქვს ქვეყანას იმისათვის, რომ პენსიონრებს 140-ლარიანი საპენსიო პაკეტი შესთავაზოს. როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში 15 000 ლარამდე გეგმიური ოპერაცია 20 პროცენტიანი თანადაფინანსებით ანაზღაურდება, ხოლო გადაუდებელი ოპერაციები ულიმიტოა და ამ შემთხვევაშიც, სახელმწიფოს მხრივ დაფინანსება 80 პროცენტს შეადგენს. რაც შეეხება წამლების ანაზღაურებას, დაზღვევის ფარგლებში, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო მათი ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს.

„15-ლარიანი სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ყველა პენსიონერს ექნება, რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს ითვალსიწინებს: ულიმიტო გადაუდებელ ოპერაციებს, 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით, ნებისმიერი გეგმიურ ოპერაციას 15 000 ლარის ფარგლებში, ასევე 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით და ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას ასევე 20-პროცენტიანი თანადაფინანსებით - ეს ოპერაციები და პროცედურები საზოგადოებას საკმაოდ დიდი თანხა უჯდება; ასევე გათვალისწინებულია უფასო კონსულტაცია ექიმთან და წამლების თანადაფინანსება. დღესდღეობით, ჩვენი პენსიონერების ხარჯის ყველაზე დიდი ნაწილი წამლებზე მოდის, ამიტომ, დაზღვევის ფარგლებში, ლიმიტი 200 ლარით განისაზღვრა და სახელმწიფო  მათი ღირებულების 50 პროცენტს დაფარავს. დაბოლოს, ამ სადაზღვევო პაკეტში ასევე შევა შარდის და სისხლის უფასო ანალიზები. ეს არის ძირითადი, საბაზისო პაკეტი, რომელიც პენსიონერებს 2012 წლის 1 სექტემბრიდან დაურიგდება. ამას გარდა, დაახლოებით, ასეთივე პაკეტით ისარგებლებენ 0-დან 5-მდე ასაკის ბავშვები, რადგან, გარკვეულწილად, ამ მხრივაც არის პრობლემები. ასევე გვაქვს ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ მომავალი წლის 1-ლი სექტემბრიდან 67 წელს გადაბიჯებულ ადამიანებს, საპენსიო პაკეტი 140 ლარამდე გავუზარდოთ, ანუ 15-ლარიან სადაზღვევო პაკეტს დაემატება 125 ლარი. ეს თანხა მოიცავს დანამატებს სტაჟისა და დამსახურების მიხედვით“, - განაცხადა ნიკა გილაურმა პრეზიდენტთან საუბრისას.   

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მომავალ წელს პენსიების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და ნებისმიერი კრიზისის პირობებში უნდა შესრულდეს ის დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ 2008 წლის იანვარში მოსახლეობას მისცა. პრეზიდენტის თქმით, პენსიონერებისთვის ჯანდაცვა და დაზღვევა ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს.

„სახელმწიფო პენსიონერებს გაუმჯობესებულ სადაზღვევო პაკეტს სთავაზობს, რადგან 200 ლარის ფარგლებში წამლების 50-პროცენტიანი ანაზღაურებაც არის გათვალისწინებული. 2008 წელს ჩვენი საარჩევნო დაპირება - 100-დოლარიანი საპენსიო პაკეტის შემოღების თაობაზე - აგვისტოს ომისა და მსოფლიო კრიზისის გამო, დათქმულ ვადაში ვერ შესრულდა. წელს პენსია 100 ლარამდე გაიზარდა და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. ეს დაპირება არ დამვიწყებია და  ნებისმიერი კრიზისის პირობებში, ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, პენსიის ზრდა ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დანაპირები შესრულდეს, მით უმეტეს, რომ ეს თანხა ქვეყნის განვითარებით შემოვიდა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ფული, ასევე მოაკლდება რომელიმე სხვა მიმართულებას - შედარებით ნაკლები დაიხარჯება, მაგალითად, განათლების სფეროში, გზებისა და სკოლების მშენებლობისთვის... უამრავი სხვა ხარჯი აქვს სახელმწიფოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენი პენსიონერები საზოგადოების ყველაზე დამსახურებული და, ამავდროეულად, ყველაზე დაუცველი ნაწილია. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათთვის ორი საკითხია მთავარი - უპირველესად, ჯანდაცვა და დაზღვევა (მათთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია წამლები) და შემდეგ საარსებო თანხა. ადამიანი შიმშილით არ უნდა კვდებოდეს, კომუნალური გადასახადების გადახდის საშუალება უნდა ჰქონდეს და თანხის, თუნდაც, მცირე ნაწილი სახლშიც უნდა რჩებოდეს, მით უმეტეს, თუ მარტო ცხოვრობს.  აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ზრდის ერთი ეტაპი მომავალ წელს უნდა განხორციელდეს და თუ, ღვთის წყალობით, ეკონომიკაც ხელს შეგვიწყობს, მეორე ეტაპი შემდეგ წელს უნდა გაგრძელდეს. ზაფხულში კიდევ ერთხელ უნდა შევიკრიბოთ, ჩვენი ეკონომიკასა და მსოფლიო ტენდენციებს გადავხედოთ, ვიმსჯელოთ რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ბევრი რამ საგარეო ფაქტორზეა დამოკიდებული. დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ - რამდენიმე წლის წინათ პენსია 28 ლარი იყო, დღეს მინიმალური პენსია 100 ლარია, შემდეგი ნაბიჯი კი, 140-ლარიან საპენსიო პაკეტს მოიცავს. 100-დოლარიან საპენსიო პაკეტამდე 25-ლარიანი სხვაობა გვაშორებს. მართალია, ჩემი თვალსაზრისით, საკმარისი არც ეს არის, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, მასწავლებლებსაც უნდა მივცეთ ხელფასი და სხვა პროფესიის უამრავ ადამიანსაც. ხელფასების გაზრდა ყველას სჭირდება. მაგალითად, სკოლის მასწავლებელს ჩვენ გავუზარდეთ ხელფასი, მაგრამ მუსიკალურ სკოლებში პედაგოგები 100 ლარს იღებენ. დღევანდელ პირობებში, 100 ლარი ხელფასი არ არის, თანაც ბევრ სხვა სექტორში აქვთ მსგავსი ანაზღაურება. ყველაფერს უნდა მივხედოთ, თუმცა ყოველივე ეს დამოკიდებულია ეკონომიკაზე. აქედან გამომდინარე, ფული შემდეგ ისევ ეკონომიკაში უნდა ჩაიდოს, რომ უფრო მეტი შემოსავალი მივიღოთ. ყველაზე მეტად სწორედ ის მინდა, რომ პენსიონერების დახმარება და ეკონომიკის განვითარება დაბალანსებული იყოს“, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს.  

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში დაზღვეულთა საერთო რაოდენობა 670 ათასი იქნება, რომელთაგან თითოეული სადაზღვევო პაკეტის ღირებულებაზე (15 ლარი)  გაცილებით მეტს მიიღებს.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)