სიახლეები
06.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა რუსული ოპოზიციის ლიდერს ყვარელში უმასპინძლა
მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი მოჭადრაკე და რუსული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი გარი კასპაროვი ყვარელში, საკუთარ სახლში მიიღო. პრეზიდენტმა კასპაროვს თავისი ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც სკოლებში ჭადრაკის სწავლების შემოღებას გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილმა გროსმეისტერს საქართველოში ამ პროგრამის ხელმძღვანელობა შესთავაზა.
ცნობილმა მოჭადრაკემ აღნიშნა, რომ მან პროექტის პრეზენტაცია უკვე გამართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში - არაბეთის ემირატებში, თურქეთში, საფრანგეთში, ინგლისსა და ბრაზილიაში. კასპაროვის თქმით, საქართველო იდეალური ადგილია ამ პროგრამის განსახორციელებლად, რადგან აქ უკვე დანერგილია ჭადრაკის კულტურა, არიან გამოცდილი ექსპერტები ამ საკითხში და ამასთან, სკოლები უკვე აღჭურვილია კომპიუტერებით, რაც ჭადრაკის დისტანციური სწავლებისთვის იდეალურია.
„გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები სწრაფად განვითარდნენ. ჩვენთან პირველივე კლასიდან კომპიუტერით სწავლობენ, ხოლო ინგლისურს მათ ამერიკელი პედაგოგები ასწავლიან, თუკი ამას ჭადრაკიც დაემატება, ინტელექტუალური ბავშვის იდეალურ კომბინაციას მივიღებთ. ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემა გვაქვს, აღნიშნული პროექტი კი კიდევ უფრო მეტად განავითარებს მას“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.