სიახლეები
05.10.2011
საქართველოს პრეზიდენტმა „მასწავლებლის სახლი“ გახსნა
მიხეილ სააკაშვილმა დღეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი „მასწავლებლის სახლი“ გახსნა. პრეზენტაციას პრეზიდენტთან ერთად 400-ზე მეტი სერთიფიცირებული პედაგოგი დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა მათ სიტყვით მიმართა და ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის აუცილებელლობაზე ისაუბრა. ყურადღება მან ახალი ტექნოლოგიების განვითარების დეტალებსა და მოდერნიზაციის აუცილებლობაზე გაამახვილა. მიხეილ სააკაშვილმა, გამოსვლისას, იმ ახალგაზრდა მასწავლებლებთან გამართული შეხვედრაც გაიხსენა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას, პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ფარგლებში ქართული ენის შესწავლაში ეხმარებიან.
”ეს ახალგაზრდები იქ ახალ საქართველოს წარმოადგენენ და უკვე ძალზე პოპულარულები არიან. ისინი მეტ გამოცდილებასაც შეიძენენ. მე რომ დღეს ვიწყებდე ახალ კარიერას, ერთი წუთით არ ვიყოყმანებდი და სწორედ ასეთ მასწავლებელად წავიდოდი - იმაზე უკეთესი არაფერია, ვიდრე თავად გადაიქცე საკუთარი სახელმწიფოს ფასეულობების, თავისუფლებისა და ერთიანობის იდეის მთავარ მატარებლად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ხარისხიანი, თანამედროვე განათლების სისტემის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საქართველომ მსოფლიო განათლების სისტემაში საკუთარი ნიშა უნდა შექმნას. მისივე თქმით, უახლესი ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიებით აღჭურვილი სკოლები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყანაში განათლების დონის ამაღლებას.