საქართველოს პრეზიდენტმა რთველის მიმდინარეობაზე სასაუბროდ სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში შეკრიბა. მიხეილ სააკაშვილი დეტალებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ რთველის წარმატებით ჩატარება, ღირსების საკითხია.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრეზიდენტს განუმარტა დასაწყისში გარკვეული პრობლემების მიუხედავად, რთველი წარმატებით მიმდინარეობს და დღის წესრიგში უკვე ყურძნის გადამუშავების საკითხი დგას.
„მომავალი წლებისთვის განსაკუთრებული სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ და ხელი შევუწყოთ მცირე, პატარა წარმოებების განვითარებას. აქაურებს თავისი მარნები უნდა ჰქონდეთ, ტურისტული ობიექტები უნდა გახსნან და საკუთარი პატარა ნიშა უნდა იპოვონ ბაზარზე. ღვინის ქარხნების მესვეურებმა თავისი ვენახები გააშენეს, რაღაც ახალ ვენახებს ყიდულობენ და თუ ასეთი პატარა ვენახი აქვს ადამიანს, გარკვეული შემოსავალი მაინც უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავუკეთოთ რეკლამირება ამ ადგილებს და ხელი შევუწყოთ ტურისტების შემოსვლას. რაც შეეხება უფრო დიდ წარმოებას, სხვადასხვა ბაზრებზე გასვლაა მთავარი. მაგალითად, პოლონეთში ვყიდით 200 ათას ბოთლ ღვინოს. ჩემი პროგნოზით კი, პოლონეთში შესაძლებელია 5-6 მილიონი ბოთლის გაყიდვა. თუ კარგ კამპანიას ვაწარმოებთ, სამ-ოთხ წელიწადში ამას თავისუფლად შევძლებთ, უკრაინაში ვყიდით მილიონზე ნაკლებ ბოთლს, როდესაც შეშეიძლება 8-10 მილიონზე ავიდეთ. ამერიკაში გვაქვს ზრდის ძალიან დიდ პერსპექტივა. აქამდე, ბოლო წლების განმავლობაში ვიბრძოდით ზიანის ლიკვიდაციაზე, არ იყო დაცული სავაჭრო მარკა...შეერთებულ შტატებში რუსი წარმომავლობის ადამიანი ასხამდა ჩვენს ღვინოს, პრაქტიკულად, ყველა ქართულ ბრენდს. ახლა კი სამართლებრივი პროცესების საფუძველზე ეს ადამიანი გვერდზე გავწიეთ. წინა მთავრობების დროს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ბულგარეთს და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის კომპანიას მიჰყიდა ხვანჭკარა და სხვა ბრენდები. წარმოუდგენელი „დომხალი" იყო. ამ პრობლემების მოგვარებას 5-6 წელიწადი დასჭირდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად აქტიური კამპანია გვესაჭიროება. სხვათა შორის, ახლა ფული გამოვყავით იმისთვის, რომ ამერიკის დედაქალაქში, ცენტრში გავხსნათ ღვინის ბარი. ამას აუცილებლად შევუწყობთ ხელს. ვარშავაში ჩემს მეგობარს ველაპარაკე და რამდენიმე მაღაზიაში უკვე კარგი ქართული ღვინო გაჩნდა, თუმცა უნდა იცოდე სად მოძებნო. სარეკლამო კამპანიებს ჩვენ მუდმივად ჩავატარებთ. პოლონეთშიც სერიოზული კამპანია უნდა ვაწარმოოთ, ასევე დაწყებული გვაქვს და უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი უკრაინაში. კიდევ უამრავი სხვა ბაზარიც გაგვიჩნდება. ეს არის ჩვენი გზა, რადგან მხოლოდ დღევანდელი გასაღებით, პრობლემას ვერ გადავჭრით. ჩვენს ღვინოს ძალიან სერიოზული რეკლმაირება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან და მარკეტინგის ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს. რჩება პატარა მეურნეობების პრობლემა, რაზეც მომავალ წლებში ცალკე სტრატეგიის შემუშავებაა აუცილებელი. უკვე თითქმის ყველამ იცის საქართველო და ქართული ღვინო. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ინტერესი არათუ არ შეუნელდეთ, პირიქით, გაუძლიერდეთ კიდეც და შემდეგ დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას.
როგორც ბაკურ კვეზერელმა პრეზიდენტს განუცხადა, 14-16 ოქტომბერს ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ვარშავაში გაიმართება მასშტაბური ღონისძიება. ყველა რესტორანში გაიმართება დეგუსტაცია. ყველას, მათ შორის რესტორნების მეპატრონეებს მიეცემათ საშუალება უფრო მეტი გაიგონ ქართული ღვინის შესახებ. კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით კი, ერთ-ერთი პოლონელი ექსპორტიორი, რომელსაც პოლონეთის ბაზარზე აქტიურად გააქვს ბოთლის „ქინძმარაული", ცდილობს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას საკუთარ ქვეყანაში.
მიხეილ სააკაშვილმა გასული წლების რთველი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს არა მარტო კახეთის რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
„ღირსების საკითხია, რომ რთველმა ჩაიაროს ორგანიზებულად, შედეგიანად და, რაც მთავარია, ხალხმა მიიღოს შემოსავალი. ოჯახები უნდა იყოს წელში გამართული ეს არის ჩვენი პოზიცია დღეს!" - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.