საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბიზნესდაჯილდოების "მერკური- 2011" ცერემონიალს დაესწრო
მოგესალმებით.
მინდა მივულოცო ვერას [ქობალიას] და მადლობა ვუთხრა მას ამ ინოვაციური მიდგომისთვის, რადგან ადრე ეს შეხვედრები ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი იყო, ყველაფერს სიცოცხლე და ენერგია აკლდა, ახლა კი ერთმანეთს ახალი ტექნოლოგიების ცენტრის ლამაზ შენობაში შევხვდით ახალი სახეებთან ერთად. ახალი სახეები გამოჩნდა, მათ შორის, მუსიკაში და, რაც მთავარია, ძალიან ბევრი - ქართულ ბიზნესში.
მახსოვს, ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი შეხვედრა გავმართეთ ქართულ ბიზნესმენებთან, რათა დაგვემშვიდებინა ისინი და გვეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. პირველი შეხვედრიდან, მგონი, ერთადერთი თემურ ჭყონია შემორჩა - ეს კაცი ყველა მთავრობას შერჩება და ყველგან თავის სიტყვას იტყვის.
სხვა მხრივ, მართლაც, სერიოზული განახლება მოხდა. სხვათა შორის, ეკონომიკის ახალმა მინისტრმა მთლიანად გამოაცოცხლა სამინისტრო. ერთ-ერთი უცხოელი, რომელიც ამ სამინისტროს სტუმრობდა, გუშინწინ მიყვებოდა, რომ კარის კაციდან დაწყებული მინისტრის სამდივნოთი დამთავრებული, სრულიად ახალი ხალხი მუშაობსო. რაც მთავარია, აქ არის ახალი სულისკვეთება და საქმიანი განწყობა. ყველანი დღე და ღამე მუშაობენ, მუდმივად რაღაცას აშენებენ და ახლისკენ მიისწრაფვიან.
სხვათა შორის, ამას წინათ, ერთ-ერთი ოპოზიციონერი გვაკრიტიკებდა ტელევიზიის ეთერში, ამბობდა: სააკაშვილი სტალინივით არის, უძილობა ჭირს, ღამის 3 საათზე შეუძლია რომელიმე მინისტრს დაურეკოს, რომელიც, თავის მხრივ, დეპარტამენტის უფროსს დაურეკავს... ეს რა ცხოვრებაა, ხალხი შაბათ-კვირას უნდა ისვენებდეს, სახლში 6 საათზე მიდიოდეს, დილით ადრე გაღვიძება არ უნდა სჭირდებოდეს... ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რელაქსირებული და კარგი ცხოვრება უნდა გვქონდესო.
ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ძალიან ჩამოვრჩით ცხოვრებას, ბევრი გვაქვს ამოსაქაჩი და დასაწევი, ჯერჯერობით, ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არის კომპანიები, რომლებმაც ბევრი რამ შეცვალეს, მაგრამ ეს კომპანიები, ძირითადად, შეზღუდულ სფეროებში საქმიანობენ, ჩვენ კი ახალი დარგები გვაქვს გასავითარებელი.
ერთი მხრივ, ძალიან დიდი გზა განვლეთ ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს სინგაპურის მსგავსი, არ ვგულისხმობთ არც პოლიტიკური თავისუფლების გაუქმებას, როგორც ისინი ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ და არც საღეჭი რეზინების აკრძალვას, როგორც იქ. ჩვენი ეკონომიკური მოდელი უნდა იყოს ისეთივე ლიბერალური, როგორიც სინგაპურში იყო და ისევე უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, როგორც ამას სინგაპურში აკეთებდნენ, მაგრამ ყოველივე ეს ეფუძნება მოქალაქეთა თანხმობას, ხანგრძლივ პოლიტიკურ პროცესს და სტაბილურობას, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეები მოგვყვებიან.
მთავარი, რასაც ჩვენი მოქალაქეები ჩვენგან ითხოვენ, არის დასაქმება. სამუშაო ადგილებს კი თქვენ ქმნით. გვაქვს რამდენიმე მთავარი სფერო, რომლებშიც შემდეგ წლებში დასაქმების შესაძლებლობა ჩნდება - ეს არის ჰიდროენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.
წელს იწყება ხუდონისა და ნესკრას ჰესების მშენებლობა, დაწყებულია მტკვრისა და ვარციხის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ხრამჰესების ფუნდამეტური გადაიარაღება, და იმედი მაქვს, რომ დაიწყებენ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურსაც, ასევე ათეულობით პატარა ჰესებს. ჯავახეთში ვდგამთ ქარის გენერატორებს, რომლებიც გამოიმუშავებენ რამდენიმე ასეულ მეგავატ ელექტოენერგიას. ენერგეტიკა არის ერთი სფერო.
მომავალ წელს საქართველოში მარტო გზებზე დამატებით დავხარჯავთ 700 -800 მილიონ დოლარს, ე.ი. მილიარდნახევარზე მეტ ლარს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისთვისაც სხვა ქვეყნებს დასჭირდათ ევროკავშირში შესვლა - ევროკავშირში შესვლის მთავარი მიღწევა ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იყო ის, რომ მათ გაუკეთეს გზები.
მართალია, ჯერ არ ვიქნებით ევროკავშირში, მაგრამ საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში ყველა მიმართულებით კარგი გზები გვექნება. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ათეულობით ათას ადამიანს დაასაქმებს.
დასაქმების პერსპექტივა არის მშენებლობის სფეროშიც, რომელიც ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს.
ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა თბილისის მერიას. კერძოდ, გიგი უგულავას ინიციატივით, მიწის ფართობი შეისყიდეს 400 დოლარად და ამის წყალობით, ძალიან ბევრი მიტოვებული მშენებლობის განახლება და დასრულება გახდა შესაძლებელი.
მაგალითად, ბათუმში საერთოდ არ გაჩერებულა მშენებლობები. სხვათა შორის, სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ერთადერთი, რაც ბათუმში არის გაჩერებული, თბილისური დეველოპერული კომპანიების დაწყებული მშენებლობებია. თბილისელმა ბიზნესმენებმა ამაზე უნდა იფიქრონ. თუმცა, ვფიქრობ, ესეც სწორდება, სხვათა შორის, თბილისის მერიის დახმარებით.
საქართველოს სხვა რეგიონებში, მაგალითად, ქუთაისში მშენებლობა დაიწყება იმის ხარჯზე, რომ იქ გადაგვაქვს პარლამენტი. საქართველოს მთავრობა გარკვეულ დროს ქუთაისში გაატარებს, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და უნდა გვყავდეს მობილური მთავრობა, რომელიც მუდმივად გადაადგილდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ესეც ამ რეგიონის განვითარების ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ჩვენ ვცვლით ქვეყნის გეოგრაფიას. ადრე ყველაფერი კონცენტრირებული იყო თბილისში. თბილისი საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრია, რომელზეც მობმულია მთელი ამიერკავკასია, სომხეთი, აზერბაიჯანი. მოკლედ, ის, რეალურად, არა მხოლოდ საქართველოს დედაქალაქია, არამედ კავკასიისაც.
თუმცა მთელი მსოფლიოს განვითარება მიდის ზღვის მიმართულებით. ახლა თურქები ბოსფორზე ბევრად უფრო დიდი არხის აშენებას აპირებენ ხმელთშუა ზღვისკენ და შავი ზღვა გახდება გახსნილი ზღვა. მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში განვითარების 80 პროცენტი მიდის ზღვის მიმართულებით, არაფრით არ შეიძლებოდა, რომ დასავლეთ საქართველოში ცენტრი არ გვქონოდა. ამიტომაც ორ ცენტრს ვქმნით - ბათუმს, როგორც ეკონომიკურ-ფინანსურ ცენტრს, სადაც უკვე დაწყებულია დიდი საოფისე შენობების მშენებლობა და ქუთაისს, როგორც საპარლამენტო დედაქალაქს, სადაც უკვე კონცენტრირებულია მთავრობის ბევრი უწყება.
ეს, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას.
მეორე არის სოფლის მეურნეობა.
დღეს აქ წარმოდგენილი არიან კომპანიები და ძალიან კარგია, რომ მათაც მიიღეს პრიზები.
ამ დარგში დიდი პოტენციალი გვაქვს და სოფლის მეურნეობის პროდუქციის, მინიმუმ, სამამმაგება და გახუთმაგება შეგვიძლია. დღეს რაც ამ დარგში ხდება, კარგი ცხოვრებით არ მოგვსვლია - საქართველოში სოფლის მეურნეობა ძალიან ჩამორჩენილია. ამიტომ, პროგრესის შეჩერება დაუშვებელია.
რეალურად ის, ვინც ცდილობს გააჩეროს მიწების დამუშავება და შეაფერხოს მიწების ეკონომიკური მიმოსვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს პროგრესს.
მიწები ერთი და იგივე ხალხს ჰქონდა ხელში ჩაგდებული - ყოფილ პროკურორებს, ყოფილ გამგებლებს, რაიკომის ყოფილ მდივნებს. არადა, მიწებს დამუშავება უნდა - საქართველომ უნდა გამოკვების საკუთარი თავი.
მათ, ვინც მიწები კორუფციული გზით ჩაიგდო ხელში, მოუწევთ მათი დათმობა იმ ხალხისათვის, ვინც აპირებს ამ ფართობების დამუშავებას და ამით - საქართველოს გამოკვებას.
მესამე არის გრძელვადიანი სფერო, ეს არის ტურიზმი.
მაშინ, როცა საქართველოში ეს მთავრობა მოვიდა, 125 ათასი ტურისტი იყო. შარშან ორი მილიონი სტუმარი გვყავდა, წელს სამი მილიონი გვეყოლება, მომავალ წელს კი - ოთხი მილიონი, ხოლო შემდეგ წელს, იმედია - ხუთი მილიონიც. თუ საქართველოში ტურიზმი ამ ტემპით განვითარდება, შეიძლება, 5 მილიონი ტურისტი 2015 წელზე ადრეც გვყავდეს.
ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ეს არის მთლიანად დასაქმებაზე გათვლილი სექტორი - თანაც გრძელვადიან დასაქმებაზე. მშენებლობები, ინფრასტრუქტურა, ყველაფერი დანარჩენი არის მოკლევადიანი პროექტები, ტურიზმი კი არის დასაქმების გრძელვადიანი წყარო.
თავისთავად, ენერგეტიკა და მშენებლობა შემდეგ წარმოშობს ჰიდროელექტროსადგურებს, ჰიდროელექტროსადგურები - ახალ საწარმოებს. ამას მეტალურგიის განვითრება უნდა მოყვეს, ქიმიური მრეწველობის, ნავთობგადამუშავების განვითარება და ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველომ უნდა აიღოს ის ფუნქცია, რაც აქვს სინგაპურს.
რეალურად, ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ენერგეტიკული ტერმინალი - ენერგეტიკული ცენტრი, ასევე ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობისა და ტურისტული ცენტრი ამ რეგიონში.
ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი რამ, რითაც ყველა შემთხვევაში წაუგებელ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ეს რას ნიშნავს? ვთქვათ, რუსეთში არის ძალიან დიდი კორუფცია და რუსეთიდან გადის დიდი კაპიტალი. საქართველომ უნდა წამოიღოს ამ კაპიტალის ნაწილი, რადგან საქართველოში არ არის კორუფცია და საქართველოში არის ყველაფერი ის, რასაც რუსები ნატრობენ.
თურქეთში ეკონომიკა კარგად არის განვითარებული და იქ არის დიდი, მათ შორის, ჭარბი კაპიტალი. ამ კონკურენციაში, თურქეთთან ჩვენი პატარა უპირატესობები გვაქვს, ამიტომ ჩვენ უნდა ვისარგებლოთ როგორც რუსეთის წარუმატებლობით, ისე თურქეთის წარმატებით, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს თურქული ჭარბი კაპიტალისა და ინვესტიციების მოზიდვის ცენტრი.
იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, შუააზიასა და სხვა ქვეყნებზე, სადაც ჩვენგან განსხვავებით არის ნავთობი და გაზი. თუმცა ჩვენ ის გვაქვს, რაც მათ არ აქვთ - ჩვენთან არ არის კორუფცია, არ არის ბიუროკრატია, მთავრობის მხრიდან არ შეინიშნება სხვადასხვა მსგავსი გადაჭარბებული ძალადობრივი მოქმედებები, ე.ი. ჩვენი მხრივ, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ გავხდეთ ამ რეგიონის ცენტრი.
საბოლოოდ, ყველა ამ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე კარგად გამოიყურება, რადგან ეს არის ქვეყანა, სადაც არის ტურიზმი, ბუნება, სილამაზე, ყველაფერი განსაკუთრებული, რითაც ჩვენ ვამაყობთ.
ერთი სიტყვით, ყველა შემთხვევაში მომგებიან ვითარებაში უნდა ვიყოთ.
რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომაც გვქონდა, ხანდახან ექსესებიც ხდებოდა, ბევრი კარგი ცვლილება განვახორციელეთ, იყო ნაკლებად კარგი ცვლილებებიც, მაგრამ სწორედ იმიტომ ვართ მუდმივ დიალოგში, რომ ბევრი რამ ერთმანეთისგან ვისწავლოთ. მოგვეცით რჩევა იმის თაობაზე, როგორ გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ მუდმივი რეფორმების პირობებში, უკეთესობისკენ სვლა განვაგრძოთ.
ჩემო ძვირფასებო, მთავარია, რომ ახლა გვაქვს ამის უნიკალური შანსი, რადგან საქართველოს ჰყავს რეფორმატორი ხელისუფლება, რომელსაც რეფორმების განხორციელების პროცესში ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა აქვს. წარმოიქმნა ბიზნესთანამეგობრობა, რომელსაც კარგად ესმის თავის სოციალური როლი, უპირველესად, საკუთარ ბიზნესებთან მიმართებაში და შემდეგ, რა თქმა უნდა, ქვეყანასთან მიმართებაში, რადგან რეფორმები საკმაოდ გრძელვადიანია.
ეს მთავრობა ხელისუფლებაში 7 წელიწადზე ნაკლებია. ეს დრო არაფერი არ არის ისტორიული თვალსაზრისით. მენტალიტენტის გამოსაცვლელად, საჭიროა, რომ ის მთლიანად გამოიცვალოს ყველა დონეზე. ვფიქრობ, 15-20 წელიწადი ეს არის მინიმალური ვადა იმისათვის, რომ შევიცვალოთ და შეუქცევადად დავადგეთ მდიდარი ქვეყნის გზას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ დაუშვებლად ღარიბები ვართ.
უახლოეს პერიოდში, PPP - ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი გათვლილი მსყიდველობით უნარზე - ავა ხუთი ათას დოლარზე, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს. 2015 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდება და გახდება 10 ათასი დოლარი.
მთავარი არის ის, რომ საქართველო გადაიქცეს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად მთელ ევროპაში, რადგან, ერთის მხრივ, ჩვენ უნდა გვქონდეს ევროპული პოლიტიკური სისტემა, თავისუფლება, დემოკრატია, პოლიტიკური სტაბილურობა და, მეორეს მხრივ, ლიბერალური ეკონომიკური მოდელი, ისე როგორც სინგაპურშია. ეს აუცილებელია, რათა შევძლოთ დავეწიოთ განვითარებულ ქვეყნებს და გადავლახოთ ის ჩამორჩენა, რომელიც ამ ათწლეულების განმავლობაში გვქონდა.
ამისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი კარგი თანამშრომლობა. ჩვენ უკვე გვაქვს პოლიტიკური სტაბილურობა მტრის ყოველგვარი ხრიკების მიუხედავად და, ვფიქრობ, ამას აღარაფერი შეარყევს.
ჩვენ გვაქვს განგრძობადი კურსი და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ასევე გვაქვს კარგი, ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც ძალაში უახლოეს წლებში შევა, რომელიც ბევრად მეტ ბალანსს ქმნის, ბევრად უფრო კოლექტიურს ხდის საქართველოს ხელმძღვანელობას და ბევრად უფრო აფართოებს საზოგადოების ყველა წარმომადგენლის ჩართულობას. ყოველივე ეს ახლა უნდა მოვაწესრიგოთ, რათა საქართველო დიდი ნახტომით წავიდეს წინ.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ დავკარგეთ და მსოფლიო ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის იდეალურ ფორმაში, თუ კარგად ვიმუშავებთ და მსოფლიოში კატასტროფა არ მოხდა, ჩემი ამბიციაა, მომავალ წელს საქართველო ეკონომიკური განვითარების ორნიშნა ციფრს დაუბრუნდეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენიმე მილიარდი იხარჯება ჰიდროელექტროსადგურებზე, გზებზე, უამრავი სხვა ინვესტიცია შემოდის და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველო როგორმე ათპროცენტიან და მეტ ზრდას დაუბრუნდეს. ჩვენ გვჭრდება რამდენიმეწლიანი ასეთი ზრდა, რათა დავუბრუნდეთ კრიზისამდელ და ომამდელ მაჩვენებელს და სწრაფად მივიდეთ იქ, საითაც ასე გვეჩქარება.
იმისათვის, რომ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ჩამორჩენა გადავლახოთ, კიდევ ბევრი სხვა რამ არის გასაკეთებელი.
იცით ძალიან ბევრს ვაკეთებთ განათლების სისტემაში მისი რეფორმირების გზით. გუშინ პირველად შევხვდი ათასლარიანი ხელფასის მქონე მასწავლებლებს - ასეთი უკვე რამდენიმე ასეულია საქართველოში. დარბაზში რადიკალურად განსხვავებული ხალხი იყო, სულ სხვა ენერგიითა და ინტელექტით, სრულიად განსხვავებული ინტერესებით და ეს ყველა დონეზე ეს უნდა გავრცელდეს.
მთავრობაში, ბიზნესჯგუფებში, განათლებისა და კულტურის სფეროებში, სახელმწიფო ბიუროკრატიაში ყველა დონეზე - არა მხოლოდ მთავრობაში, მათ შორის, ადგილობრივ ხელისუფლებაში და ყველა სხვა სფეროში საჭიროა სისხლის მუდმივად განახლება. ერთი სიტყვით, ახალი სახეებით, ახალი სისხლით, ახალი მოძრაობა უნდა დაიწყოს, რადგან მოძრაობის გარეშე ჩამორჩენა და დაჭაობება გვემუქრება.
ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. საქართველოსა და იმ თაობებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობს, ეს, მართლაც, ისტორიული მისიაა.
კიდევ ერთხელ მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ.
ახლა გამარჯვებულს გამოვაცხადებ - ეს არის კომპანია „სილქნეთი".
„სილქნეთი" მართლაც კარგი კომპანიაა, მაგრამ გიორგი რამიშვილს მადლობა მინდა ვუთხრა ბათუმში სასტუმრო „რედისონის" მშენებლობისთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ვნახე აჭარაში ყოფნისას. ამ სასტუმროს მშენებლობა იმ პირობებში დაიწყეთ, როცა არავის არ სჯეროდა მისი დასრულების, მაგრამ დაწყებული საქმე თქვენ ბოლომდე მიიყვანეთ. ამისათვისაც დიდი მადლობა. ასე გააგრძელეთ.