საქართველოს პრეზიდენტი სერტიფიცირებულ პედაგოგებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეში დღეს იმ პედაგოგებს შეხვდა, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდების ორივე საფეხური წარმატებით გაიარეს, უმაღლესი შეფასებები მიიღეს და საუკეთესოთა 25 პროცენტს შორის აღმოჩნდნენ. ახალი სასწავლო წლიდან სწორედ ამ პედაგოგთა ხელფასი გახდება 1000 ლარი. საქართველოს პრეზიდენტი მათ პირადად გაესაუბრა და წარმატება მიულოცა.
მინდა მოგესალმოთ ყველას.
უპირველეს ყოვლისა, მსურს საკუთარ თავს მივულოცო ის, რაც ყველამ ერთად გავაკეთეთ და რასაც ერთობლივად მივაღწიეთ - საქართველოში პირველად გაჩნდნენ 1000-ლარიანი ხელფასის მქონე პედაგოგები. აქამდე ძალიან მცირე რაოდენობით იყვნენ ასეთი, გარკვეული კატეგორიის პედაგოგები, ახლა კი გაჩნდა შანსი, რომ ყველა ქართველ პედაგოგს მინიმალური ხელფასი ჰქონდეს 1000 ლარი.
პირველი საატესტაციო გამოცდის შედეგად, ასეთი, ჯერჯერობით, მხოლოდ 200 ადამიანი გვყავს, მაგრამ უახლოეს წლებში შესაძლებელია მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს. პედაგოგთა იმ 25 პროცენტს, ვინც ყველაზე კარგი მაჩვენებლით ჩააბარებს საატესტაციო გამოცდებს, 1000-ლარიანი ხელფასი ექნება.
ამის გარდა, თქვენ იცით, რომ მენტორი მასწავლებელი, დამატებით, 160 ლარს იღებს და თუ საატესტაციო გამოცდა მაღალ დონეზე აქვთ ჩაბარებული, როგორც თქვენ, საერთო ჯამში, 1160 ლარს მიიღებენ.
ეს მართლაც კარგი ამბავია თითოეული ქართული ოჯახისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავს სკოლაში.
5 წლის ასაკის ბავშვები უკვე იწყებენ სწავლას და მათ კომპიუტერებს ვურიგებთ, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მინდა გითხრათ, რომ წელს ჩემი უმცროსი ვაჟიშვილიც შეგვყავს სკოლაში, რომელიც 5 წლისაა (თუმცა, თავის დროს მეც 5 წლის ასაკში შემიყვანეს). ჩემმა შვილმა ჰოლანდიურიც იცის და ინგლისურიც, ამიტომ შეგვეძლო ჰოლანდიაში, ამერიკაში ან ინგლისში შეგვეყვანა ნებისმიერ სკოლაში, მაგრამ ის საქართველოში, ჩვეულებრივ ქართულ საჯარო სკოლაში წავა. მთავარი არსი ისაა, რომ 5 წლის ბავშვები, რომლებიც ჩემ შვილთან, ნიკუშასთან ერთად შევლენ სკოლებში, მინიმუმ ისეთ განათლებას მიიღებენ, როგორსაც მიიღებდნენ, სწორედ, ჰოლანდიაში და იმედი მაქვს, უკეთესსაც კი.
ეს არის მთავარი პრინციპი, რაც ყველამ ერთად უნდა დავიცვათ. ჩვენ არავის არ უნდა ჩამოვრჩეთ, რადგან საჩანჩალო არაფერი არ გვჭირს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ახალი სტანდარტი საქართველოს განათლების სისტემაში.
სკოლებში დღეს საშუალო ხელფასი 380 ლარია. ამას ემატება 75 ლარი საატესტაციო გამოცდის პირველი საფეხურის გადალახვის შემთხვევაში. მეორე საფეხურის დაძლევისთვის - ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნის შემთხვევაში - დაემატება 125 ლარი. დანარჩენ ზედა 25 პროცენტს ეძლევა 1000-ლარიანი ხელფასი.
ამას გარდა, ბევრი კამათის მიუხედავად, ჩვენ შევძელით მე-12 კლასელების სკოლაში დაბრუნება. შემოვიღეთ მკაცრი დისციპლინა, ბარდება რვა გამოცდა და გამოცდების პერიოდი უკვე ახლოვდება კიდეც.
ეს დასაწყისია და წელს, შესაძლოა, ბევრი რამ იმდენად გართულებული არ იყოს, მაგრამ ყველას ეცოდინება, რომ საქართველოში სკოლის ატესტატის მისაღებად, რვა საგანია ჩასაბარებელი. თანაც ლაპარაკია არა რაღაც შორეულ პერსპექტივაზე, არამედ უახლოს კვირებზე.
წელს უკვე ორჯერ მეტმა აბიტურიენტმა შემოიტანა განაცხადი საინჟინრო სპეციალობებზე, მნიშვნელობა დაუბრუნდა საბუნებისმეტყველო საგნებს. მთავარი მოტივაცია, რატომაც საბუთები შემოაქვთ საბუნებისმეტყველო საგნებზე არის ის, რომ ჩვენ ხალხს უნდა დასაქმება.
ჩვენ ხალხს ავუხსენით, რომ ძალიან ბევრი გვყავს უმუშევარი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, იურისტი, ეკონომისტი - გააჩნია როგორი კვალიფიკაციის არიან და ბევრი სხვა პროფესის ადამიანი, რადგან 90-იან წლებში „მოდაში" იყო და ყველას უნდოდა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტობა, სამართალი და ბევრი გაურკვეველი ზოგადი საგანი.
დღეს, რეალურად, დასაქმების პერსპექტივა აქვთ სამშენებლო სფეროს სპეციალისტებს, გეოლოგიისა და მეტალურგიის განხრით, კარგი დონის მენეჯმენტში, მაგრამ მენეჯერმაც უნდა იცოდეს ის კონკრეტული სფერო, რომელშიც საქმიანობს.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, სკოლაში დაბრუნდა საბუნებისმეტყველო საგნები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საინჟინრო დარგები.
სხვათა შორის, ამას წინათ, გაიმართა გამომგონებლების კონფერენცია და წარმოუდგენელი დონის ბავშვები ვნახეთ. თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით.
მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში დაბრუნდა სწავლის მოტივაცია. დაბრუნდა-თქო - ვამბობ, მაგრამ გულწრფელად ვილაპარკოთ და გულზე ხელი დავიდოთ - მე არ მახსოვს ეს ოდესმე ასე ყოფილიყო.
პირადად მე ხუთოსანი ვიყავი და სკოლა ოქროს მედლით დავამთვრე, მაგრამ, მაგალითად, ბიჭისთვის კარგად სწავლა მაშინ სირცხვილად ითვლებოდა. ეს „ძველბიჭური", „ჩაცუცქული" მენტალიტეტი, რომელსაც ხანდახან ქართულ პოლიტიკაშიც ვხედავ, ეს „ბირჟავიკები", რომლებიც მთელი დღე ბირჟაზე დგანან, შემთხვევითი არ არის - ასეთი იყო სოციალური ფონი და დაკვეთა საქართველოში.
ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ დღეს ყოველი მესამე ბავშვი ოლიმპიადაში მონაწილეობს. საბჭოთა დროს მსგავსი მონაცემები არასდროს არ გვქონია. როდესაც მე გავდიოდი-ხოლმე ოლიმპიადებზე - ყველა ოლიმპიადაში ვიღებდი მონაწილეობას - ჩემი თანაკლასელები ცოტა ალმაცერად მიყურებდნენ.
თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ დღეს ჩვენთან არის მწვავე შეჯიბრი, ვინ მიიღებს უკეთეს ნიშნებს და ვინ რის გაკეთებას შეძლებს. ეს არის ჩვენი მომავლის მთავარი საწინდარი.
ჩვენ მოვახერხეთ და მანდატურების საშუალებით სკოლაში დავაბრუნეთ დისციპლინა. რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური ინსტიტუტი, უკეთესი იქნება რომ ყოველივე ეს ავტომატურად ხდებოდეს. ამ ელემენტის შემოტანა კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით თუ რამ განაპირობა ეს - როგორ იქცეოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლებს სცემდნენ, მერხებს მეოთხე, მეხუთე სართულებიდან ყრიდნენ, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ზოგიერთი სკოლის წინ, როგორ ესროდნენ ფეხით მოსიარულე ხალხს საგნებს. „ძველბიჭური" მენტალიტეტისა და „ქუჩური გარჩევების" ბოლო ბასტიონი საქართველოში მხოლოდ სკოლებში იყო დარჩენილი.
ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც დისციპლინა გაუმჯობესდა, ერთიანი სასწავლო გეგმა შეიცვალა; თქვენი მოთხოვნით და სურვილის გათვალისწინებით, სახელმძღვანელოები გავამარტივეთ; ხელფასები, რა თქმა უნდა, ჯერ ყველას არა, მაგრამ ბევრს მოგიმატეთ და კიდევ გემატებათ. ახლა უკვე ყველაფერი თქვენს ხელშია. ჩვენ ყველა პირობას ვქმნით და ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ახალი სტანდარტი ყველამ ერთად უნდა შევქმნათ.
ეს სტანდარტი განაპირობებს იმას, რომ საქართველო იქნება კონკურენტუნარიანი მსოფლიოს მასშტაბით. როდესაც მე ვლაპარაკობ სინგაპურიზაციაზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თავისუფლებები შევზღუდოთ, რა თქმა უნდა - არა. ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ჩვენი პრიორიტეტებია ლიბერალური ეკონომიკა, რომლის პირობებში ყველას თანაბარი პირობები აქვს წინსვლისთვის და განათლება, რადგან გაუნათლებელი ადამიანები ნამდვილად ვერ შექმნიან თანამედროვე ეკონომიკას და ვერც კეთილდღეობას მოუტანენ საკუთარ თავსა და შვილებს.
ჩვენი სახელმწიფო ბოლო თეთრებს მოიკლებს, რათა კვალიფიციურ პედაგოგებს ჰქონდეთ კარგი ხელფასი. გამიხარდებოდა, რომ ყველას დღესვე ჰქონდეს 1000 ლარი, მაგრამ სამართლიანობა ძალზე მნიშვნელოვანია.
1000-1160 ლარი დღეს ზედა ზღვარია. ყველამ ჩააბაროს საატესტაციო გამოცდა, ყველამ აიმაღლოს კვალიფიკაცია და ყველას მსგავსი ხელფასი ექნება. თუ ვერ ჩააბარებს, ვერც ექნება, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შვილებისთვის კარგი განათლება გვინდა.
ჩემ ბავშვობაში მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ყველა ოლიმპიადაში ვიღებდი მონაწილეობას და, როგორც წესი, ვიგებდით-ხოლმე, მაგრამ როდესაც მივაღწევდით რესპუბლიკურ ფინალს, ვეკუას ან კომაროვის სკოლა გამოჩნდებოდა და ეს იყო დასასრული.
სხვათა შორის, კომაროვის სკოლის სტატუსის ნიველირება მოხდა, მაგრამ დროზე უნდა მოვახერხოთ შეცდომების აღიარება და გამოსწორება.
ძალზე მნიშვნელოვანია ის კონცეფცია, რომელიც დღეს იქმნება - შეჯიბრი და კონკურენცია არა მარტო მოსწავლეებს შორის, არამედ მასწავლებლებს შორისაც.
ბავშვებს შორის გაჩნდა კონკურენცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი უფრო მომთხოვნი გახდა საკუთარი თავის მიმართ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ასევე ბევრს ითხოვს მასწავლებლისგან. ამით, რეალურად, თვითონ ბავშვებში გაჩნდება კლიმატი - ვინ არის უკეთესი მასწავლებელი და ვინ - უარესი.
ახლა შემოგვაქვს ინტერაქტიული, დისტანციური სწავლება. მაგალითად, აქ წარმოდგენილმა საუკეთესო მასწავლებლებმა, ვთქვათ, მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლებმა არა მარტო კომაროვში უნდა ასწავლოთ საგანი, არამედ ასევე ჩხოროწყუს, თელავის რომელიმე სკოლის მოსწავლეებსაც უნდა ჩაუტაროთ გაკვეთილები დისტანციურად. ბუნებრივია, უნდა იყოს დამატებითი ანაზღაურება და ეს სხვა მასწავლებლებმაც უნდა ნახონ.
ვთქვათ, საუკეთესო მასწავლებელი არის სოფელ ლესიჭინეში, ჩხოროწყუს რაიონში, მან უნდა ჩაუტაროს დისტანციური სწავლება საქართველოს ყველა მასწავლებელს და აჩვენოს როგორ ასწავლის, მაგალითად, ქართულ ლიტერატურას. ეს არის მეორე, რაც ჩვენ თქვენთან ერთად უნდა გავაკეთოთ.
მაგალითად, მე პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ვსწავლობდი. ქართული ლიტერატურის საუკეთესო მასწავლებელი მყავდა - ელენე სურგულაძე. ვნანობ, რომ მისი გაკვეთილები არავინ არ ჩაიწერა, რათა ყველას ენახა თუ როგორი იყო მაღალი დონის სწავლება მაშინ.
ასევე ფიზიკის მასწავლებელი მყავდა უნივერსიტეტის დოცენტი ოთარ ხაზარაძე და უნდა გენახათ ის როგორ ასწავლიდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა...
ახლა ყველა სკოლისთვის ლაბორატორიები ჩამოგვაქვს. ადრე ასეთ ლაბორატორიებზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო. კომპიუტერები ყველა სკოლაში შედის. ასევე, აბსოლუტურად ყველა სკოლაში შემოგვაქვს ლეგოს სისტემის სათამაშოები სასწავლო ფუნქციით და ისინი ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბავშვისთვის.
სწავლა ხდება სახალისო და საინტერესო, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები იმაშიც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს მეთოდები დავნერგოთ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ კომპიუტერის ცოდნას და არა იმიტომ, რომ ეს ჩვენი ახირებაა.
როდესაც კომპიუტერთან მუშაობა შეგიძლია, შეძლებ ინტერაქტიულად ჩართო სხვები; შეგიძლია სხვებსაც ასწავლო, გაუზიარო შენი ცოდნა და შესაძლებლობები და სხვისი კონკურენტიც გახდე.
არაერთხელ მითქვამს: ბავშვი ან მოზრდილი, კომპიუტერითა და უცხო ენის მინიმალური ცოდნით აქ, ზუსტად ისეთივე კონკურენტუნარიანია, როგორიც კალიფორნიაში, იაპონიაში ან სადმე სხვაგან. უბრალოდ, უნდა მოვინდომოთ ამაში ჩართვა და ჩვენი ნიჭით დავამტკიცოთ რისი გაკეთება შეგვძლებია.
ქუთაისში ცხოვრობს ბიჭი, ცოტნე ტაბიძე, რომელიც ყველა ოლიმპიადაზე იმარჯვებს. ეს ბავშვი თვალებიდან ინტელექტს ასხივებს. ცოტნე ტაბიძე, რომელიც ზის ავტოქარხნის დასახლებაში, ქუთაისში, ზუსტად პარლამენტის მახლობლად, წარმოუდგენლად კონკურენტუნარიანია მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
ეს, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოსულა. იგი კარგი, მშრომელი, არც თუ შეძლებული, თუ არ ვცდები, საკმაოდ ხელმომჭირნე ოჯახის შვილია, მაგრამ ეს ცოდნა მისმა მასწავლებელმა მისცა - ვეკუას სკოლის მასწავლებელმა, რომელიც ყოველთვის კომაროვის სკოლის მასწავლებლის კონკურენტი იყო. ამიტომ, ეს არის ის, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ.
რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სკოლები. 90-იან წლებში, როდესაც ამერიკიდან დავბრუნდი და პარლამენტში დეპუტატად ამირჩიეს, ჩემი ყოფილი სკოლის მეზობლად მოვხვდი და ვნახე რა მდგომარეობაში იყო შენობა. არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა შერჩენილი, ყველგან საკვამურები ჩანდა, ყველაფერი გაშავებული იყო, დენი - არა, მასწავლებლებს ხელფასი - არა, შეშისთვის აგროვებდნენ ფულს... კარგად იცით რაც ხდებოდა.
ახლა ვაშენებთ კარგ სკოლებს. მართალია, ყველა სკოლა კარგი არ არის. სკოლების ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ მე დაგპირდით და გავაკეთებ კიდეც, რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადის ბოლოსთვის საქართველოში გაურემონტებელი და მიტოვებული სკოლა აღარ იქნება - სრულიად სხვა სტანდარტების ასეულობით ახალი სკოლა აშენდება.
ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, პერსპექტივა ძალიან დიდი გვაქვს. თქვენ ახალი ქართული საგანმანათლებლო სისტემის პირველი მერცხლები ხართ, როგორც ხედავთ, სრულიად სხვადასხვა გამოცდილების, სტაჟის, ასაკის, სქესის, შესაძლოა, წარმომავლობისაც. მთავარი ის არის, რომ თითოეული თქვენგანის თვალებში მე ვხედავ სინათლეს, ინტელექტს, მონდომებას და ენთუზიაზმს, რომ ეს ყველაფერი დავაყენოთ ფეხზე.
მოდით, ეს ყველამ ერთად გავაკეთოთ. ყველა დაკვირვებით გვიყურებს მთელი მსოფლიოდან. ზოგი ღიად აღიარებს, ჩამოდის და ჩვენი რეფორმების გადაღებას ცდილობს, როგორც ამას აკეთებს მოლდოვა, ყირგიზეთი, სომხეთი, უკრაინა, როგორც ირკვევა, რუსეთიც, თუმცა ამ ქვეყნის წარმომადგენლები ჩუმად გვითვალთვალებენ და შემდეგ ინსტრუქციებს იძლევიან როგორ უნდა გაკეთდეს ესა თუ ის საქმე. ეს სულ სხვა თემაა. სხვათა შორის, დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ მათაც გადაიღეს. დღეს დიმა შაშკინი ხუმრობდა: ალბათ, მანდატურებსაც შემოიღებენ და „გარადავოის" ან რაიმე ამის მსგავსს დაარქმევენო.
რეალურად ძალიან კარგია, თუ ჩვენი მეზობელი უფრო მოდერნიზებული და ცივილიზებული ქვეყანა გახდება.
საქართველო მართლაც ამ სტანდარტს ქმნის. სრულიად ახალი მენტალიტეტი ყალიბდება და, უპირველესად, მას ქმნით თქვენ. დღემდე ყველაფერი, რაც ჩემშია, 90 პროცენტი სკოლის ასაკში ჩამიდეს ჩემმა მასწავლებლებმა.
ასევეა თითოეული ადამიანი და, ალბათ, თითოეული თქვენგანიც.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.
ასე გავაგრძელოთ მუშაობა და ყველაფერს მივაღწევთ.
ყველაფერი კარგად იქნება.
დიდი მადლობა.