Google+

სიახლეები

09.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდის აეროპორტის ასაფრენი ზოლი გახსნა და მელიტონ ქანთარიას საფლავი მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ზუგდიდს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის აეროპორტის ასაფრენი ზოლი გახსნა. პირველი რეისი თავად პრეზიდენტმა შეასრულა, რომელიც სესნას ტიპის თვითმფრინავს პირადად მართავდა.  

ქვეყნის პირველი პირი ადგილობრივებსაც გაესაუბრა და მათ პირობა მისცა, რომ მალე აეროპორტის შენობაც გაიხსნება, რომელიც იტალიელი არქიტექტორის მიერაა დაპროექტებული. ზუგდიდის აეროპორტიდან კი, რეისები ბათუმისა და მესტიის მიმართულებით შესრულდება. მოსახლეობასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მალე ავტობანის მშენებლობაც დასრულდება.

„კარგია, რომ აქ აეროპორტი შენდება. მომავალი წლისთვის ვიყიდით ფრანგულ თვითმფრინავებს და რეგულარულ რეისებს აქაც დავიწყებთ. იმის მიუხედავად, რომ ფოთში ძალიან დიდი აეროპორტი გვექნება, რეისები ზუგდიდიდანაც განხორციელდება. ამ აეროპორტით ისარგებლებენ, ჯერ  ერთი, ის ტურისტები, რომლებიც ანაკლიაში ივლიან; მეორე, ვინც მესტიაში ვერ დაფრინდება მეტეოროლოგიური პირობების გამო და მესამეც - რეისები განხორციელდება კონკრეტულად ზუგდიდისთვის. ზუგდიდი დიდი ქალაქია, რომელშიც ასი ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ რუკაზეც უნდა იყოს და აეროპორტიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოში 10 აეროდრომს ვაშენებთ. ხალხს დავპირდი, რომ ყველა აეროპორტს თვად გავხსნიდი, ამიტომაც, სპეციალურად ვისწავლე თვითმფრინავის მართვა. მესტიის შემდეგ, უპირველესად, ზუგდიდში გვჭირდებოდა აეროპორტი. ფოთში დიდი აეროპორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ერთ წელიწადში დამთავრდება. ფოთის აეროპორტი საერთაშორისო ხაზებზე მოგემსახურებათ. კავკასიაში ის ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება და თბილისზე ნაკლები რაოდენობის რეისები არ შესრულდება. აქ ადგილობრივი რეისები განხორციელდება: ზუგდიდი-თბილისი, ზუგდიდი-მესტია, ზუგდიდი-თელავი, ასევე ზუგდიდი-ბათუმი და ა.შ. თუმცა, ამასობაში, ავტობანიც მოვა აქამდე და გადაადგილება გაგიადვილდებათ. მოკლედ, ზუგდიდი არ იქნება მოწყვეტილი და გახდება ცენტრი, როგორც უნდა იყოს. ეს არის ჩემი დაპირება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზუგდიდან მიხეილ სააკაშვილი სოფელ ჯვარში გაემგზავრა, სადაც მეორე მსოფლიო გმირის მელიტონ ქანთარიას საფლავი ყვავილებით შეამკო. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, სოფელი ჯვარში მესამე საჯარო სკოლას, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის გმირი სწავლობდა, მელიტონ ქანთარიას სახელი ეწოდა. მიხეილ სააკაშვილმა მისი მემორიალიც გახსნა. ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ქვეყნის პირველმა პირმა სწორედ ქართველი გმირის საფლავთან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.

„ფაშიზმზე გამარჯვებაში ქართველებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს. ესენი იყვნენ ქართველი გენერლები, ქართველი მებრძოლები, რომლებიც ათავისუფლებდნენ ყირიმს, ტექსელსა თუ ბერლინს... მელიტონ ქანთარია, ალბათ, ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედის ყველაზე კლასიკური განსახიერებაა, რადგან მან სიცოცხლე დაასრულა როგორც ლტოლვილმა. დღესაც მისი საფლავი, პრაქტიკულად, დევნილობაშია, რადგან ის არ არის იქ, სადაც მან მთელი სიცოცხლე გაატარა - აფხაზეთის ტერიტორიაზე. მეორე მებრძოლის, ეგოროვის სამშობლო, რომელსაც მასთან ერთად ეჭირა დროშა, დღეს თავად არის სხვა ქვეყნის ტერიტორიის  ოკუპანტი და ეს სხვადასხვა ფორმით აღიარა მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ. საბოლოოდ, ყველა ოკუპაცია დასრულდება და  დამარცხდება. ამავე დროს, კონტაქტები უნდა შევინარჩუნოთ ყველასთნ. გუშინ მივიღე უკრაინის პრეზიდენტის წერილი, რომელმაც ეს დღე მოგვილოცა. ასევე მივიღე ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალიან თბილი, ადამიანური ემოციით აღსავსე წერილი ამ დღესთან დაკავშირებით. ეს ურთიერთობა არ უნდა დავკარგოთ, რადგან ბელარუსის, უკრაინის, ყველა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის  მიწა, რომლებიც ოკუპირებული იყო, მორწყულია ქართული სისხლით. ამიტომ, საბოლოოდ, ყოველგვარი ბოროტება, ყველა ოკუპანტი აუცილებლად დამარცხდება  და დაიხევს უკან. ეს არის მთავარი გაკვეთილი. ეს არის მთავარი რამ, რაც მშვენივრად იცოდა და რასაც, სამწუხაროდ, ბოლოს ვერ მოესწრო მელიტონ ქანთარია. ჩვენ ამას მოვესწრებით!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)