Google+

სიახლეები

06.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მშენებარე ობიექტები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში შავი ზღვის ბიზნეს ცენტრის მშენებლობის გახსნას დაესწრო. ფუნდამენტში კაფსულა სიმბოლურად მოსკოვში მოღვაწე ბათუმელმა მომღერალმა დიანა ლაბაძემ ჩადო. მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ბიზნესცენტრის მშენებლობას მნიშვნელოვანი პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ბათუმი უნიკალური საზღვაო კურორტის გარდა, საქართველოს ფინანსური ცენტრიც გახდება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბიზნესცენტრის ამოქმედება ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს. 

„დღეს უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. აქ ძალიან ბევრი რამ მიებმება ფოთისა და ბათუმის პორტებს, ზოგადად, საპორტო ინფრასტრუქტურას და ინვესტიციებს ყველა სხვა მეზობელი ქვეყნიდან. ამიტომ ამ ულამაზესი და დიდი ბიზნესცენტრის მშენებლობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დამატებით, ათი ათასობით ადამიანი დასაქმდება სწორედ იმის გამო, რომ აქ ეკონომიკური აქტივობა გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ბათუმი არა უბრალოდ ზაფხულის, ადრეული შემოდგომისა და გვიანი გაზაფხულის ქალაქი იქნება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი. ეს არის ჩემი პროექტი. თბილისი, რა თქმა უნდა, საქართველოს დედაქალაქია, საქართველოს მთავრობის ქალაქი, ქუთაისი იქნება საპარლამენტო ქალაქი, ხოლო ბათუმი უნდა იყოს საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფინანსური ცენტრი. ეს შენობა ბათუმის ბულვარის დასაწყისში შენდება. ამასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში ვიღაცები ჩხუბობდნენ და ამ შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ. კარგად მესმის იმ ხალხის, ვინც ნერვიულობს იმის თაობაზე, რომ ბულვარი დაცული იყოს. როდესაც პრეზიდენტი გავხდი ბულვარი კილომეტრი და რვაასი მეტრი იყო, ახლა კი, რვა კილომეტრი და ორასი მეტრია.  ამას ემატება კიდევ ათი კილომეტრი და საბოლოოდ, 18 კილომეტრს მიაღწევს. აქ უკვე ათობით ათასი ხე დაირგა და კიდევ ასობით ათასი დაირგვება. იმის გასაგონად ვამბობ, ვისაც ნერვებს უშლის ახალი ცენტრები და ზოგადად, აღმშენებლობა, რომ ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ამ ყველაფერს ზურგზე ვერ მოვიკიდებ და ვერსად ვერ წავიღებ. ეს ყველაფერი აქ დარჩება. არის ხალხი, ვისაც აღმშენებლობა მოენატრა, სურს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი მშენებლობები დასაქმების თვალსაზრისით და თავისი შვილების ხვალინდელი დღისთვის  და ყველა ნორმალური ადამიანი, პრაქტიკულად, მთელი საზოგადოება მხარს უჭერს მსგავს პროექტებს. ჩვენ ამას ამ ხალხისთვის ვაკეთებთ, ამ ხალხის სახელით და მისი უკეთესი მომავლისთვის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

შავი ზღვის ბიზნესცენტრის მშენებლობის გახსნის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მშენებარე ანბანის კოშკი მოინახულა და მშენებლობის პროცესით დაინტერესდა. პრეზიდენტის თქმით,  ეს კოშკი ბათუმის სიმბოლო - ბათუმის ეიფელი გახდება, რომელიც სხვადასხვა ადგილიდან, მათ შორის, ზღვიდანაც გამოჩნდება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული ანბანი გენეტიკური კოდის მატარებელია და კოშკსაც სწორედ ამიტომ აქვს დნმ-ის ფორმა. „ალფაბეტ თაუერის" მშენებლობის დასრულებას, პროექტის ავტორები ივლისში გეგმავენ.

„ეს არის ბათუმის ეიფელის კოშკი. ჩემი და ლევანის [ვარშალომიძის] ერთობლივი იდეა იყო, რომ კოშკს ქართული ანბანი გაგვეყოლებინა, როგორც  ჩვენი გენეტიკური კოდი, ჩვენი დნმ. თუ შეხედავთ ანბანი ისეა გარშემორტყმული, როგორც დნმ-ის სტრუქტურა და ადის ძალიან მაღლა - ცაშია ატყორცნილი. ეს კოშკი გამოჩნდება ძალიან ბევრი ადგილიდან: ზღვიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან... ის ძალიან სწრაფად აეწყობა და დასრულებული სახე ივლისის ბოლოს ექნება. ვისაც საქართველოს განვითარება ოდნავ მაინც უხარია, ის დაინახავს, რომ აქ ყველაზე უნიკალურ ქალაქს ვქმნით არა მარტო  შავი ზღვისპირეთის მასშტაბით, არამედ ერთ-ერთ საუკეთესოს - მთელ მსოფლიოში. ამას ყოველგვარი  გაზვიადებების გარეშე ვამბობ. წარმოიდგინეთ, ბათუმში შემოსასვლელი გვირაბიდანვე რომ დაინახავთ ცაში ატყორცნილ ცათამბრჯენებს - წარმოუდგენელ სილამაზეს. ეს არის უნიკალური. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს და არც გაზი, მსგავს შენობებს კი ისეთ დიდ ქვეყნებში აკეთებენ, როგორიც ჩინეთია და დუბაი, რომელსაც ბევრი ნავთობი აქვს. სადმე რომ ამდენად შეზღუდული რესურსების მქონე პატარა ქვეყანაში მსგავსი რამ კეთდებოდეს, ასეთ შენობებს აშენებდნენ და ავითარებდნენ, თანამედროვეობაში არ ვიცი. ამას შევძლებთ ჩვენ -  ქართველები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ანბანის კოშკიდან პრეზიდენტმა განახლებული დელფინარიუმში გადაინაცვლა და დელფინების წარმოდგენას მეუღლესთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან და უმცროს ვაჟიშვილთან, ნიკოლოზთან ერთად დაესწრო. დელფინარიუმი მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოფიციალურად გახსნა, თუმცა სანახაობას მნახველები 1 ივნისიდან ეყოლება.   

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილი ევროპის მოედანზე გამართული კონცერტს დაესწრო, რომელზეც ცნობილ მომღერლებთან ერთად, ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)