Google+

სიახლეები

06.05.2011
ბათუმის ახალ ბულვარში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა

ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო, პატივცემულო სტუმრებო,

დღეს  ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. მიუხედავად იმისა, რომ ცაზე მზე არ არის, მზე გამოჩნდა აქ, ბათუმის ახალ ბულვარზე - მზე გააკეთეთ თქვენ, თქვენი კოლონებით.  

აქაურობა თქვენი აქ ყოფნით გაათბეთ, ისევე, როგორც უკვე რამდენიმე წელიწადია თქვენი მუშაობით, თქვენი არსებობით ასხივებთ საქართველოსთვის, გამოსცემთ სითბოს და კაშკაშა სინათლე შეგაქვთ რეგიონის ბევრ ქვეყანასა და, გაზვიადების გარეშე ვამბობ, მთელ მსოფლიოში.

თუ დღეს საქართველოს ჩვენ გარშემო ბევრი ხალხი შენატრის, თუ დღეს საქართველოს გარშემო შეიქმნა ეს იდეა, ეს თქვენი დამსახურებაა.

არ მინდა ვთქვა „მითი", რადგან ეს რეალობაა, მაგრამ ამდენი ლაპარაკი იმის შესახებ, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, შეუძლებელი შეძლო, ამ ღვთისგან მიტოვებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს მყარი საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, ეს თქვენი დამსახურებაა.

პოლიციის რეფორმა იყო პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. ეს რეფორმა იყო მშობელი ყველა სხვა რეფორმისა და, ჯერ-ჯერობით, ყველაზე მთავარი სიმბოლო ჩვენი გარდაქმნისა, ჩვენი ახალი სახელმწიფოებრიობის შექმნისა.

მთავარი განსხვავება ძველ და დღევანდელ პოლიციას შორის არის არა მხოლოდ  ფორმები, მანქანები, შეიარაღება  ან თუნდაც ხელფასი, არამედ ის, რომ მაშინ პოლიცია იყო კორუმპირებული, ხოლო დღევანდელი პოლიცია სრულად არის გათავისუფლებული კორუფციისგან.

მთავარი განსხვავება, ჩემო მეგობრებო, არის ის, რომ ძველი პოლიცია, საბჭოთა პოლიცია ხალხს მის საკუთრებად მიიჩნევდა. ხალხი იყო დამცირების, გამოძალვის, წამების, მისი მსახურის ობიექტი.

დღეს პოლიცია მიიჩნევს, რომ ის ეკუთვნის ხალხს, ის წარმოადგენს ხალხს, ის იცავს ხალხს, და ემსახურება ხალხს. ამიტომ, ხალხი სიყვარულით გპასუხობთ და თქვენ ამას გრძნობთ თქვენს სამსახურში.

თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები ამას ყოველდღიურად გრძნობთ. დღევანდელ პოლიციელებს ხალხი მოწიწებით და სიყვარულით ეპყრობა, როგორც სამშობლოსა და მათ  დამცველებს.

ჩვენი პოლიციის წარმატება ნამდვილად სახეზეა.

საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველი მებრძოლია კორუფციასთან ყველა ობიექტური საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნით.

დღეს ქართულ სახელმწიფოს, უპირველესად, ებრძვის ის, ვისაც საქართველოში კორუფციის, ორგანიზებული და კრიმინალური დანაშაულის დაბრუნება სურს.

დღეს ჩვენს ქვეყანას ებრძვის ის, ვინც ადგრე განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა. მაშინ მხოლოდ მათ ჰქონდათ პრივილეგიები, მხოლოდ ისინი დადიოდნენ კარგი მანქანებით, მხოლოდ მათ ჰქონდათ სახლში დენი, რადგან გენერატორების შეძენა მხოლოდ მათ შეეძლოთ; მარტო მათი შვილები სწავლობდნენ კარგ სკოლებში და ასევე, სხვა ადამიანების დამცირებისა და შევიწროების პრივილეგია ჰქონდათ.

უპირველეს ყოვლისა, დღეს გებრძვით ის, ვინც ვერ აიტანა, რომ საქართველოში კარიერა კეთდება არა ნაცნობობით, მეგობრობითა და ნათესაობით, არამედ  უნარით - უანგაროდ ემსახურო სამშობლოს, ემსახურო შენს მოქალაქეებს და საქართველოს მომავალს.

დღეს ქართულ სახელმწიფოს ებრძვის ორგანიზებული დანაშაული, რომელიც განიდევნა სახელმწიფოდან.

ჩვენ მოვახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა ჩვენს ქუჩებში, ჩვენ მოვახერხეთ მაფიის განდევნა ჩვენი ციხეებიდან, უფრო სწორად, შევასუსტეთ და მოვსპეთ მათი პოზიციები.

ჩვენ მოვახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის, ქუჩის მენტალიტეტის, ხულიგნობის, „შავი გაგების" განდევნა საქართველოს სკოლებიდან.

დააკვირდით, რა მხრივ გვიტევენ ყველაზე მეტად - უტევენ ჩვენს პოლიციას, მანდატურებს, პენიტენციურ რეფორმას, რადგან ყოველივე ეს განასახიერებს ახალ საქართველოს. ასევე, უტევენ საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის მომავლის იდეას.

ჩვენ მტერს ყველაზე უფრო საშინელ სიზმრებშიც ვერ წარმოედგინა, რომ ამ ადგილზე ქართველები როდესმე შეძლებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებას; ვერ წარმოედგინათ, რომ ქართველები შეძლებდნენ შეექმნათ ისეთი რამ, რაც იმპერიული სივრცის ჩამორჩენილი, მაჩანჩალა დანამატიდან წარმატებულ ქვეყნად გვაქცევდა და იმპერიული სივრცის ჩაგრული ქვეყნებიდან დაწყებული ამ იმპერიის დედაქალაქით დამთავრებული, ყველა საქართველოს რეფორმებსა და წარმატებებზე ილაპარაკებდა; რომ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი, შეძლებდა ისეთი ქალაქის აშენებას, როგორიც არის ბათუმი და აშენებს სხვა ქალაქებსა და სოფლებს; რომ შევძლებდით თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებას.

ამ ქვეყანამ გადაიტანა ყველაფერი: ეკონომიკური და ენერგეტიკული ემბარგო, სხვადასხვა პროვოკაციები, დაბოლოს, მსოფლიოს ყველაზე თავზეხელაღებული და  დიდი სახელმწიფოს თავდასხმა, თუმცა მაინც არ გატყდა წელში.

არასდროს არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც დასავლეთ საქართველოდან სხვების მსგავსად, ერთ-ერთი ჩვეულებრივი მანქანით, ერთ-ერთ ჩვეულებრივ მგზავრად დედაქალაქისკენ  მოვდიოდი, სადაც რამდენიმე ასეული რუსული ჯავშანტექნიკა შემოვიდა. ამ გზას მტერი ინტენსიურად ბომბავდა, შექმნილი იყო საცობები და არასდროს არ დამავიწყდება წელში გამართული, გაღიმებული პოლიციელები, რომლებიც რიკოთის უღელტეხილზე ამ ორომტრიალსა და ბომბების ქვეშ არეგულირებდნენ მოძრაობასა და მოძრაობის წესებს.

არ დამავიწყდება ისიც, რომ მაშინ, როდესაც თბილისიც იბომბებოდა, ბევრი თქვენგანი ისევ საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, ხალხთან სახლებში მომღიმარი სახეებით მიდიდოდით, რათა ჯარიმის ქვითრები გადაგეცათ. ხალხიც მშვიდად იხდიდა ამ ჯარიმას, რადგან ეს იყო ჩვენი გზავნილი - ქართული სახელმწიფო არსებობს და ქართულმა სახელმწიფომ იცის რასაც აკეთებს.

მახსოვს, ჩემს ერთ-ერთ ნაცნობთან მივიდა პოლიციელი, რომელმაც გაუღიმა და უთხრა: „მართალია, ჯარიმა უნდა გამოგიწეროთ, მაგარამ, რეალურად, იმისათვის მოვედი, რომ გითხრათ - ყველაფერი კარგად იქნება, ქართული სახელმწიფო გადარჩება და ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ თავისუფლებას".

ამგვარად, პოლიციის ფუნქცია არის ბევრად მეტი, ვიდრე  უბრალოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

პოლიციას აქვს ზოგადსახელმწიფოებრივი ფუნქცია, თუმცა, ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისითაც, დანაშაული საქართველოში დღეს ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეზე.

საქართველოში დანაშაული უფრო ნაკლებია, ვიდრე გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში...

ეს მხოლოდ ციფრები არ არის.

ჩვენმა ხალხმაც და მეც კარგად ვიცით, რომ 2004 წელს, როდესაც პოლიიცის რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, დღეში 30-40 მანქანას იპარავდნენ. დღეს საქართველოში მანქანებს აღარ კეტავენ, ხალხს შეუძლია შვილები თამამად გაუშვან ქუჩაში, შეუძლიათ ბევრად ლაღად იგრძნონ თავი დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ ხალხმრავალ თუ უკაცრიელ ადგილზე გადაადგილებისას. ეს ყველაფერი გააკეთეთ თქვენ.

სირთულეების მიუხედავად, თქვენი დამსახურებაა ისიც, რომ ეკონომიკა ამ ტემპით ვითარდება.

თქვენი ძალისხმევის დამსახურებაა ის, რომ ყველა საქართველოს შენატრის - ეს თქვენ გააკეთეთ.

დღეს ჩვენ დარწმუნებულებული ვართ ჩვენს მომავალში და ესეც, მათ შორის, ყველა სხვასთან ერთად, თქვენ გააკეთეთ.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არ კეთდება იმის გამო, რომ სამსახურში  თქვენ თბილი ადგილები ან  მაღალი ხელფასები გაქვთ. ხელფასები იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამას იმსახურებთ და გეკუთვნით. საქართველოს სახელმწიფო ყოველთვის ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა ეს ხელფასები გაიზარდოს.

ასევე, ვიცი, რომ ბევრს არ აქვს საბინაო პირობები, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ  პოლიციელებს ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონდეთ.

მთავარი, რისთვისაც თქვენ მუშაობთ არის ის განცდა, რომ ეს ქვეყანა ეთნიკური წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად, ეკუთვნის თითოეულ ჩვენგანს, ყველა თაობის წარმომადგენელს და, უპირველეად, იმ ბავშვებს, რომლებიც აქ, თქვენთან ერთად არიან მოსული.

ეს მიუწვდომელია ჩვენი მტრისთვის და მიუწვდომელია მათთვის, ვინც ებრძვის ჩვენს მომავალს და კანონის უზენაესობას; მათთვის, ვინც მისტირის მაფიოზურ, კრიმინალიზირებულ, ნირწამხდარ, მუხლებზე დაჩოქილ საქართველოს.  

როგორი მტერიც არ უნდა გვყავდეს, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა გაგვიწიოს, როგორი ძლიერი და ორგანიზებული მოწინააღმდეგეც არ უნდა გვყავდეს, ჩვენ მაინც უფრო მეტად ორგანიზებული ვიქნებით, სულიერად მაინც უფრო მტკიცე ვიქნებით და, რაც მთავარია, გვექნება ჩვენი ღირსება. მთავარი, ჩემო მეგობრებო, რაც ამ ქვეყანაში ჩვენ ყველამ, თქვენთან ერთად აღვადგინეთ არის ეს.

ჩვენ ყველამ ერთად დავუბრუნეთ ჩვენ ქვეყანას ის, რაც ყველაზე მეტად არ სიამოვნებს ჩვენ მტერს - ჩვენი ქვეყნის ღირსება.

გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს!

დღეს განსაკუთრებული დღეა თითოეული ქართველისთვის - ეს არის გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული, ეს არის აჭარის გათავისუფლების დღე და ეს არის, ასევე, პოლიციის დღე.

მინდა გისურვოთ წარმატება.

საბოლოოდ, ჩვენ, ყველანი აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დიდი მადლობა!




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)