Google+

სიახლეები

04.05.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ნორჩი გამომგონებლების გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს „ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო კომპლექსში მოსწავლეთა შექმნილი ინოვაციური პროექტების გამოფენა დაათვალიერა. გამოფენა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის" ფარგლებში გაიმართა. მიხეილ სააკაშვილს საკუთარი გამოგონებები და მოდელები გამარჯვებულმა კონკურსანტებმა, მეშვიდე, მეცხრე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა, თავად წარუდგინეს.  

„ის, რაც აქ ხდება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის მთავარი რეფორმა, რომელსაც საქართველოში განათლების სფეროში ვახორციელებთ.  თუ ჩვენმა ახალგაზრდებმა ბავშვობიდანვე არ ისწავლეს ფიქრი და შეჯიბრი, თუ არ იფიქრეს, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად და რით ვაჯობოთ სხვებს -მეზობელ და შორეულ ქვეყნებს, ჩვენ გვერდით სკოლას, პარალელურ კლასს და რა გავაკეთოთ განსაკუთრებული, ვერ განვვითარდებით. საქართველოში ძალიან ნიჭიერი  ხალხია, მაგრამ ამ წლების განმავლობაში მას ვერ ავლენდნენ. ადრე გვქონდა ახალგაზრდა ტექნიკოსების ცენტრები, იმართებოდა ოლიმპიადები, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაფრი გაჩერდა, სპეციალური სკოლებიც გაუქმდა... ახლა ყველაფერი აღდგა, მათ შორის, სკოლებიც. საქართველოს ყველა სკოლაში უნდა იყოს გამომგონებლების ცენტრი - არა ფორმალურად, არამედ რეალურად. ჩვენ ვაძლევთ მათ ლაბორატორიებს, ლიტერატურას, ინტერნეტის ქსელში ჩართულ კომპიუტერებს და დანარჩენი მათ ნიჭზე იქნება დამოკიდებული. სახელმწიფოს ფუნქციაა ჩვენი ხალხის ნიჭიერ ბუნებას გავუხსნათ გზა. აქ ყველამ ვნახეთ როგორი ნიჭიერები არიან ჩვენი ბავშვები. ეს მართლაც განსხვავებული თაობაა და არ შეიძლება არ იამაყო იმით, რასაც აქ ხედავ.  ტექნიკურ საგნებზე წელს დაფინანსება გავზარდეთ. ჩვენ ფილოლოგებიც გვჭირდება, ისტორიკოსებიც და სხვა პროფესიის სპეციალისტებიც, მაგრამ თუ წარმოებას თავად ვერ შევძლებთ, ჩვენ თვითონ თუ არ შევქმნით რამეს, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ისიც მესმის, რომ, შესაძლოა, ტექნიკური საგნების დაფინანსების გაზრდამ ბევრი გააღიზიანა, მაგრამ აშკარაა, რომ ტექნიკური საგნების წინ წამოწევა საქართველოს წინსვლისთვის არის აუცილებელი. ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების მაგალითს ბევრი სახელმწიფო მიჰყვა. ამიტომ, საქართველო ამ მხრივაც იქნება ნოვატორი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კონკურსის გამარჯვებულთაგან, გრანპრის მფლობელი ინგლისში გაემგზავრება, პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი ჯილდოს სახით 5000 ლარს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი - 3000 ლარს, ხოლო ის, ვინც მესამე ადგილს დაიკავებს - 2000 ლარს.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)