საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროფესიული სწავლების ცენტრში "სპექტრი" მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და შემდუღებლის ახალი სასწავლო კურსის პრეზენტაციას დაესწრო. პრეზიდენტი ასევე გაეცნო მიმდინარე სხვა სასწავლო პროგრამებს.
ახალი სასწავლო კურსის შემოღება განაპირობა საქართველოს პრეზიდენტის რეკომენდაციამ, მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვისთვის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების დაწესების თაობაზე. ამ მიმართულებით სასწავლებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიონალებს მოამზადებს და უზრუნველყოფს მათ დასაქმებას.
„ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩვენ წელსაც იმდენივეს ვხარჯავთ, რამდენიც შარშან დავხარჯეთ. მომავალი 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს ჩქაროსნული რკინიგზის მოდერნიზაცია ბათუმის მიმართულებით; ასევე ვაშენებთ ევროპაზე გამავალ რკინიგზას - ეს არის თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, მეორე რამდენიმემილიონიანი მეგაპროექტი. აუცილებელია გავაკეთოთ რკინიგზის მოდერნიზაცია ერევნისა და ბაქოს მიმართულებით. ასევე ვფიქრობ, რომ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, სწორედ იმ სამუშაოებზე, რომელთათვისაც თქვენ ემზადებით, მილიარდამდე დოლარი უნდა დაიხარჯოს. ამას გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტი კეთდება მით უფრო ძნელია ინფრასტრუქტურის მოვლა. ახლა სვანეთში ვაშენებთ გზას, გომბორის გზა უკვე გაკეთდა და ამ გზების ექპლუატაციისთვის მუდმივად არის საჭირო სპეციალისტთა დიდი ჯგუფი. ლარსის გზაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან ხალხმა მრავლად დაიწყო შემოსვლა. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ტურისტული ნაკადი წამოვა. ამ გზას მუდმივად უნდა გაწმენდა, ფერდობებს - გამაგრება. ადრე კი, შესაძლოა, მთელი წლის განმავლობაში ჩახერგილი ყოფილიყო ეს მონაკვეთი. ეს რაც შეეხება გზებს. არის მიმდინარე მშენებლობები და სხვ. ჩვენი სპეციალისტები იმდენად კვალიფიციური უნდა იყვნენ, რომ უცხოეთიდან არ დაგვჭირდეს მათი ჩამოყვანა. ჩვენმა სპეციალისტებმა უნდა იარონ კავკასიის ქვეყნებში, შუააზიასა და სხვაგან. მომავალ წელს ნამახვანისა და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა უნდა დაიწყოს და იმდენივე ქართველი სპეციალისტი უნდა მუშაობდეს მშენებლობებზე, რამდენიც - ენგურ-ჰესის მშენებლობაზე 70-იან წლებში. ამ ჰესებზე, ჩემი გათვლებით, რამდენიმე ათეული ათასი სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანი დასაქმდება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ელექტროენერგიის წარმოებაზე მუდმივად დაგვჭირდება კვალიფიციური სპეციალისტები. მხოლოდ ჰესებზე იმდენი პერსონალი დაგვჭირდება, სულ რომ გააათმაგოთ ხალხის რაოდენობა შესაძლოა მაინც არ გვეყოს. სბჭოთა კავშირის დროს ჩვენ დავდიოდით მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ჰესების ასაშენებლად, ახლა თავიდან უნდა ვისწავლოთ ყველაფერი, რომ საკუთარ ქვეყანაში ჩვენვე ავაშენოთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ გადამზადების ცენტრი სწორედ აფრიკის დასახლებაში გაიხსნა, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ყველაზე მეტი დაუსაქმებელი ადამიანი სწორედ ვარკეთილის, ვაზისუბნისა და აფრიკის დასახლებებშია.
ამას გარდა პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა, რომელთა მიხედვით, საქართველო პირველი ქვეყანაა ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს რეიტინგი ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას შეუწყობს ხელს, რაც, საბოლოოდ, ეს აისახება ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრებაზე.
„მსოფლიო ბანკმა შეაჯამა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თუ რომელ ქვეყანაში გაუმჯობესდა ვითარება ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. საქართველოში ვარდების რევოლუციამდე ადამიანი თვეობით უნდა მდგარიყო გრძელ რიგებში, მიეცა ვინმესთვის ქრთამი, ზოგიერთი წილში უნდა ჩაესვა, შემდეგ მუდმივად უნდა შეემოწმებინა ვიღაცას და ა.შ. ნიშანდობლივია, რომ ვარდების რევოლუცია შვიდი წლის წინათ მოხდა. მსოფლიო ბანკმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაფასა მსოფლიო მასშტაბით. ამ ორგანიზაციამ კვლევა სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ჩვენი პირველი მტკივნეული რეფორმები და ცვლილებები განვახორციელეთ. მიიჩნიეს, რომ მსოფლიოს თითქმის 180 ქვეყნიდან არც ერთს არ ჰქონია ამ მხრივ ვითარების ისეთი გაუმჯობესება, როგორიც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. თუ მკითხავთ, რა არის ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რა მივიღეთ იმის შედეგად, რომ შვიდი წლის წინათ ხალხი იდგა ქარსა და წვიმაში, არ შეეპუა უსამართლობას და მთელი მსოფლიოს გასაგონად აუმაღლებია ხმა, გიპასუხებთ, რომ სწორედ ეს - ჩვენ ვართ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. საბოლოოდ ეს წაადგება ჩვენს მოქალაქეებს, მშრომელ ხალხსა და მათ ოჯახებს. მარტო ეს არ კმარა. კარგი რეიტინგი საკმარისია იმისათვის, რომ აქ ბევრმა ჩადოს ფული, მაგრამ რომ მოვლენ ასაშენებლად აქ უნდა დახვდეთ კარგი კალატოზები, კვალიფიციური დურგლები და შემდუღებლები. სახელმწიფო აპარატის კარგი მუშაობის წყალობით რეიტინგები გავაუმჯობესეთ, დანარჩენი კი, ჩვენმა ხალხმა უნდა შექმნას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
"სპექტრი" მოამზადებს კვალიფიციურ სპეციალისტებს - ფართო პროფილის მშენებლებს; გზის მშენებლებს; დურგლებს; კალატოზებს; მებათქაშეებს; სანიტარულ-ტექნიკური მომსახურეობის სპეციალისტებს; ამზომველ-გეოდეზისტებს; მხაზველ-ამზომველებს; განათებისა და ძალური ქსელების ელექტრო-მემონტაჟეებს; მაცივრებისა და კონდიციონერების ოსტატებს; ავტომექანიკოს-ზეინკლებს; ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორებს; ბუღალტერ-მოანგარიშებს; მდივან-რეფერენტებს; მობილური ტელეფონების შემკეთებლებს; პერსონალური კომპიუტერის მომსახურე და შემკეთებელ მექანიკოსებს და სხვ. ხორციელდება ასევე USAID-ის პროფესიული განათლების პროექტი და "განათლება დემოკრატიისათვის" ნორვეგიის პროგრამა.
ახალი სასწავლო კურსის კლას-კაბინეტები აღჭურვილია CATERPILLAR(CAT)-ის უახლესი სიმულატორებით და LINCOLN ELECTRIC-ის თანამედროვე შედუღების აპარატებითა და ხელსაწყოებით. უნიკალური ტექნიკა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს, USAID-ის პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებშია შეძენილი.
სასწავლებელი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ბიზნესმენებთან, სამშენებლო კომპანიებთან და მეწარმეებთან. "სპექტრის" პარტნიორები და პოტენციური დამსაქმებლები არიან: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კომპანია "აპეკ სერვისი", საგზაო კომპანია "თბილისი", "კასპერ-ჯორჯია" და სხვ.