Google+

სიახლეები

03.09.2010
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობის წევრებთან ანაკლიაში

მივესალმები პარლამენტის უმრავლესობის წევრებს საქართველოს ულამაზესი ადგილიდან - ანაკლიიდან.

აქ  ყოველთვის მზიანი ამინდია, ლამაზი, როგორც დანარჩენ საქართველოში, წარმოუდგენლად კარგი კლიმატითა და საუკეთესო სანაპიროთი. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ადგილი არ ვითარდებოდა, იყო აქ განთავსებული საბჭოთა დროის სამხედრო ბაზა.

დღეს აქ შენდება რამდენიმე ძალიან დიდი სასტუმრო, გაკეთდა საქართველოს საუკეთესო სანაპირო და ბულვარი განმუხურში. რაც მთავრია, არის წარმოუდგენელი ენთუზიაზმი ადგილობრივ ხალხში,  თანამშრომლებში.

თქვენ ხედავთ, რომ აქ მშენებლობა მიმდინარეობს, ყველგან ყველაფერი დახუნძლულია მუშებით, გზაშიც რომ გამოვიარე მუშაობენ. დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, რომელზეც მრავალი წელია ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ვერავინ ვერ მოკიდა ხელი.

თქვენ იცით, რომ ხელშეწყობის მიმართულებითაც გადავდგით ნაბიჯები. როგორც მეუბნებიან, კერძო ინვესტორმა დაიწყო მშენებლობა, გადაიხადა რამდენიმე მილიონი დოლარი ამ მიწაში. იცით, რომ აქ არის შავი ზღვის ყველაზე კარგი აკვატორი იმ გაგებით, რომ მთელ შავი ზღვისპირეთში   ყველაზე ღრმა ნაწილია, აქ არის ყველაზე დიდი ჩაღრმავება. მართლაც, ოქრო ადგილი შავი ზღვის პორტის ასაშენებლად. არ ცდებოდნენ არც ბერძნები და არც თურქები, როდესაც ციხე-სიმაგრეები ააგეს.  სავაჭრო პორტის შესაქმნელად, ეს საუკეთესო ადგილია. 

წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სესია, რომელზეც რეალურად უნდა ჩამოვაყალიბოთ  საქართველოს  ახალი კონსტიტუცია, რის მისაღებადაც   პარლამენტი ემზადება. ემზადება იმისათვის, რომ ფუნდამენტურად ჩამოაყალიბოს თამაშის ახალი წესები საქართველოში და პოლიტიკაში. სანამ ამ საკითხებზე გადავიდოდეთ, მინდა გითხრათ რომ, რა თქმა უნდა,  ეს ადგილი, ჩვენი ანაკლია და  განმუხური საოკუპაციო ზონიდან  სულ რამდენიმე ასეულ მეტრშია. ეს არის ყველაზე ნათელი დასტური იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ ყველაფერი დაგვიშავა, რისი დაშავებაც შეეძლო. მისი იქით, მას უკვე აღარაფერი აღარ შეუძლია. ეს ადგილი არის ყველაზე ნათელი დასტური იმპერიალისტური ძალების ლიმიტისა - რა შეუძლიათ  და რა არა.

მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ მათ საქართველოს  90-იან წლებში შიდა აშლილობის სამოქალაქო ინსპირაცია მოუწყეს. სამწუხაროდ, ჩვენ წამოვეგეთ ყველაფერ ამას. მათ მოგვიწყეს ენერგობლოკადა ვარდების რევოლუციის შემდეგ.

ჩვენ გაგვიკეთებია ბევრი ისეთი რამ, რაც არ დაემსგავსებოდა იმას, რაც მანამდე გვქონდა -ის, რომ ადამიანებს ეცხოვრათ ნორმალურად, ჩვენ შვილებს ჰქონოდათ მომავალი. აღმოჩნდა, რომ ეს წინააღმდეგობაში მოვიდა იმასთან, რაც დამკვიდრებულია მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში და პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, მემკვიდრეობა რუსეთის იმპერიალისტური სივრცის და არ არის შემთხვევითი, მეგობრებო, ის, რომ თქვენ მოძრაობთ უკრაინაში, შუა აზიაში, სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში და  ყველამ იცით, რომ განვითარების მოდელის თვალსაზრისით, ისინი ამბობენ, რომ არსებობს ის, რაც ჩვენ გვაქვს, რაც არის რუსულის გამეორება, და არსებობს ის, რაც შექმნა პატარა საქართველომ, ყველაზე განადგურებულმა, ყველაზე კორუმპირებულმა, ყველაზე კრიმინალიზირებულმა,  უიმედობით ყველაზე უფრო  დაავადებულმა ქვეყანამ  პოსტ-საბჭოთა სივრცეზე - ასე იყო საქართველო 2003 წლამდე.

ახლა საქართველოში ჩამოდიან უმაღლესი დონის მთავრობის წარმომადგენლები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, სამსახურის უფროსები, რომლებიც რვეულითა და კალმისტრით დადიოდნენ ჩვენ  სამსახურებში და სწავლობდნენ, თუ როგორ მოახერხა ეს ყველაფერი საქართველომ, მილიონნახევრიანი ტირაჟით გამოქვეყნდა სტატიები საქართველოზე. უამრავი ტელეგადაცემა მიეძღვნა საქართველოს თემას მოლდოვაში.

ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა პიროვნებამ ჩვენ ხელმძღვანელობას უთხრა, ჩვენ გვჭირდება ახალ მოლდავაში "ქართველების მთავრობა". ეს იყო გადატანითი და პირდაპირი მნიშვნელობით. ისინი თვლიან, რომ არსებობს რუსული მოდელი და არსებობს ის, რაც საქართველოშია. მათ სურთ ჩვენი მოდელის გამეორება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთ იცის იმპერიის ხელმძღვანელობამ და ეს ყველაფერი მას უქმნის სასიკვდილო საფრთხეს.

გახსოვთ, პოლიციის რეფორმაზე მედვედევის გამოსვლა, რომელშიც, ერთი სიტყვაც კი არ იყო საქართველოზე ნახსენები. მის გამოსვლაში საუბარი იყო იმაზე, რაც საქართველომ გააკეთა. მან განაცხადა, რომ მილიციას უნდა დაარქვან პოლიცია, თითქოს ეს რამეს ცვლიდეს. ერთი სიტყვით, ეს არის იდეოლოგიური დაპირისპირება.  წარმოიდგინეთ, რუსეთი არის "ძველი ბიჭი, უბნის ყოჩი."  მის ხელმძღვანელობას აქვს კრიმინალური ავტორიტეტი. უცებ გამოჩნდა  საქართველო - "ხუთოსანი ბიჭი თუ გოგო", რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეზე იღებს კარგ ნიშნებს, ყველას მოწონს, ყველა თავზე  უსვამს ხელს , ყველას უნდა რომ დაეხმაროს, ყველას უნდა რომ გზა გაუხსნას. რა თქმა უნდა, ამ ძველ ბიჭს არ ეპუება. ერთხელ წამოარტყა იმან თავზე, მეორედ წამოარტყა, მესამედ კიდევ ხელი გაკრა, შეაგინა, შეაფურთხა, ბოლოს გადაწყვიტა, რომ კარგად მისცხოს და ამ ძველ ბიჭს ამ ხუთოსანმა შეუბრუნა ხელი და კარგი მაგარი პანღურიც ამოარტყა.  ამასობაში უბანში შემოიხედა "პოლიციელმა", ამ შემთხვევაში "მსოფლიო თანამეგობრობამ" და ყველა გააჩერა. ძველმა ბიჭმა ხომ იცის, რომ მდგომარეობა გაუფუჭდა უბანში ე.წ. "პალაჟენია", მათი სიტყვით რომ ვილაპარაკოთ. ყველა ხედავს, რომ ეს "ხუთოსანი ბიჭი" ისევ დადის სკოლაში, შესაძლოა ხელი და ფეხი გაბინტული ჰქონდეს. ის ისევ იღებს ნიშნებს, ისევ აგრძელებს ზრდასა და განვითარებას. ამასობაში, "ამ ძველ ბიჭს" უკვე დანარჩენებიც აღარ ეპუებიან. დანარჩენები ფიქრობენ, თუ  ეს  გადაურჩა და კისერი არ მოტეხა, ჩვენ რას გვიზამს. რაც დრო გადის, ეს პროცესი მით უფრო შეუქცევადი ხდება. ეს "პატარა ბიჭი" იზრდება, ვაჟკაცდება და ძალაც ემატება. რა თქმა უნდა, "ძველი ბიჭის" მენტალიტეტიდან გამომდინარე, ეს  სრულიად მიუღებელი სიტუაციაა. რა უნდა ვქნათ ჩვენ?  იგივე უნდა გავაგრძელოთ .როდესაც კრიმინალს, კანონიერ ქურდს  ზურგს აჩვენებ, ჩათვლის, რომ მისი გეშინია, აი, მაშინ არის შენი საქმე წასული. მაშინ არის დამთავრებული შენი არსებობაც.  ამიტომ ამ საჩუქარს ჩვენ მათ არასოდეს არ გავუკეთებთ.

თუ ომამდე ის მუშაობდა მათზე, ახლა ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც დრო მუშაობს საქართველოზე. ეხლაა არის სიტუცია, როცა ისინი მიბაძვის რეჟიმში არიან. დააკვირდით კარგად, ეს ნამდვილად ასე ხდება, თუმცა  მიბაძვა არ გამოუვათ.  როგორც ამ ქვიშაზე არ აშენდება სასტუმრო, სანამ საფუძველს არ გაუკეთებ, ისევე შეუძლებელია ფეოდალურ ქვეყანაში აშენდეს თანამედროვე 21-ე საუკუნის საზოგადოება. ჩვენ ბოლო წლებში მოვახერხეთ საქართველოს რეფორმირება ისე, რომ სახელმწიფოებრივი მშენებლობისთვის აქ უკვე არის ნაყოფიერი ნიადაგი.

ეს ქმნის სრულიად უნიკალურ სისტემას ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. იმ ძალას, რომელიც ჩვენ გვემუქრება  ასევე  სხვა სახის პრობლემებიც აქვს.

გუშინწინ ვესაუბრე ნავთობის სფეროში ერთ-ერთი არაბული ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვან მოღვაწეს. ეს კაცი გვეუბნება, რომ  7-8 წელიწადში რუსეთის ნავთობის მოპოვება მაქსიმუმ 2,5-ით შემცირდება. მათ გათვალეს ყველაფერი მოკლე დისტანციაზე და არ ჩადეს ინვესტიციები ნავთობის სფეროში. დღეს თუ  რუსეთი მსოფლიო ბაზარს მიჰყიდის 11 მილიონის ღირებულების ნავთობს, 6-7 წელიწადში ეს ციფრი გახდება 5 მილიონი და შეიძლება 3-4 მილიონიც კი. გაზის ახალი ტექნოლოგიებიდან გამომდინარე,  6-7 წელიწადში პოლონეთს ექნება მეტი საექსპორტო გაზი, ვიდრე აქვს რუსეთს, აღარ ვლაპარაკობ ამერიკელებზე და სხვა ქვეყნებზე. ეს ციფრი, ის რაზეც დგას ამ ქვეყნის სიმდიდრე უჩინარდება და ამას ვერავინ ვერ ჩაანაცვლებს. მეგობრებო, დრო მუშაობს  ჩვენზე. ამიტომ,  ჩვენ ახლა კონცენტრაცია გვაქვს მხოლოდ ერთ თემაზე. პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შეუქცევადობა, განვითარება, განვითარება და განვითარება. მათ ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენეს. არ უნდოდათ სხვებს დაენახათ ჩვენი წარმატება. შარშანდელი მიტინგები თბილისში ფუნდამენტურად ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული მოქმედება იყო. ამანაც ვერაფერი ვერ გააკეთა. ავსტრიის პოლიციამ გამოაქვეყნა 42 გვერდიანი ანგარიში, სადაც დადასტურებულია, რომ ამას აფინანსებდა რუსულ-ქართული მაფია ევროპიდან, ეს აიტაცა გერმანულმა პრესამ, რომელიც ჩვენდამი დიდი სიმპათიით არასდროს გამოირჩეოდა რუსოფილური ტენდენციების გამო და ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. რაც დამფინანსებელი ჰყავდათ, ის ესთეტიკა ჰქონდათ. საქართველოში, გარდა ოკუპაციისა,  ჯერ კიდევ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. როდესაც ვლაპარაკობთ მოდერნიზაციაზე, უნდა გვესმოდეს,  ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავთ ინფრასტრუქტურაზე, გზებზე. აქ კერძო ინვესტიციით ფოთის აეროპორტი შენდება, უნდა გავაკეთოთ ხიდი, რომელიც განმუხურსა და ანაკლიას  ერთმანეთთან შეაერთებს. ეს ყველაფერი სახელმწიფო ფულია. ჩვენი მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება  ქამრების მოჭერის ბიუჯეტი. არა იმიტომ, რომ კრიზისია, საქართველომ ყველაზე კარგად გაიარა ეს ეტაპი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მძიმე კრიზისია, ასევე ევროპის ქვეყნებში, რუსეთში, სადაც პატარა გამოცოცხლება ისევ ჩამოვიდა ნულზე. ჩვენ იმიტომ კი არ გვჭირდება ქამრების მოჭერა, რომ ძალიან ცუდად ვართ, უბრალოდ იმის გამო,  რომ ძალიან კარგად გვქონდეს საქმე. ეს ეხება ყველაფერს, ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო განწილადებას დროში, თუმცა არავის ისე არ უხარია გზების შენება, აეროპორტების კეთება, სხვადასხვა კომუნიკაციების, სკოლების, როგორც მე და მაქსიმალურად გზის გახსნა კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორმა მაქსიმალურად უნდა ჩაანაცვლოს სახელმწიფო აპარატი. ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისათვის მთავარი წყარო. ეს ეხება ასევე ქამრის მოჭერას, მათ შორის მინისტრებს. მაგალითად, ხელფასებმა  სახელმწიფო აპარატში პრინციპში სულ უნდა მოიმატოს, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ მინისტრმა იფრინოს ბიზნეს კლასით.  ყველამ იფრინოს ეკონომ- კლასით. არ არის აუცილებელი, რომ უამრავი მანქანა იყიდოს. მაგალითად, სანდრას მშობლები 6 თვეა რიგში დგანან და ელოდებიან 8000  ევროიან მანქანას.  არც ერთი მანქანა, ეს ეხება პარლამეტსაც, უზენაეს სასამართლოსაც, გარდა წარმომადგენლობითი ოპერატიული მიზნებისა 15000 ევროზე მეტი ღიერებულების სახელმწიფო აპარატმა არ უნდა შეიძინოს. უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი ყველანაირ ხარჯებზე. არის ხარჯები, რომელიც სახელმწიფოსთვის აბსოლიტურად აუცილებელია. წარმომადგენლობითი ხარჯები, რაც ფუფუნებასთან არის დაკავშირებული, ხელფასები, რაც უნდა გაიზარდოს კიდევ ერთხელ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მინისტრისთვის საკმარისზე მეტი პრივილეგია ამ ისტორიულ მომენტში საქართველოს მთავრობაში ყოფნაა. ბოლომდე წარმატებული მთავრობა იქნება მაშინ, როცა ქვეყანა იქნება ბოლომდე წარმატებული. ეს არ არის არც აკვიატება და არც  ჩემი ახირება. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენისთანა ქვეყანაში მთავრობის წარმომადგენლების ცხოვრების წესი.

ახლა გადავდივართ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ქვეყნის მართვას და კონსტიტუციურ რეფორმას. მოგახსენებთ, რომ გარდა იმისა, რომ  მედვედევის გამოსვლა წავიკითხე, ზაფხულის განმავლობაში ფრენასაც ვსწავლობდი. ხანდახან ადამიანს აქვს  მცდელობა, რომ მოეშვას,  რაღაც სხვა გააკეთოს.  მითუმეტეს, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ ავიაციის განვითარებაზე.  იცით, რომ  მესტიასა და ფოთში აეროპორტებს ვაშენებთ, რამდენიმე იაფ ავიაკომპანიასთან დავიწყეთ სერიოზული მოლაპარაკება. ქუთაისში, ახალციხეში ვიპოვეთ ადგილი და პირველად ისტორიაში, ახალციხეში და თუშეთში აშენდება ისეთი  აეროპორტი, რასაც ნამდვილად ჰქვია აეროპორტი.

დავუბრუნდები ფრენის საკითხს.  ყველაზე უფრო კარგი და ადვილი ფრენა არის მაშინ, როცა მფრინავი დაუჭერს გემოს, როცა დამოუკიდებლად ხდება  თვითმფრინავის მართვა, როდესაც ბუნებრივი მდგომარეობა აქვს თვითმფრინავს, შეგიძლია გაუშვა ხელი და სწორ   მიმართულებას აიღებს. თავისით მიგიყვანს ადგილზე და იქ პატარა კორექტირებით თვითონ დაგსვამს მიწაზე. ზუსტად ასევეა სახელმწიფოსა და საზოგადოების მართვა.

კონსტიტუციის მთავარი მიზანია დაარეგულიროს ურთიერთობები მთავრობას, პარლამენტსა და რაც მთავარია, საზოგადოებას შორის. პრიორიტეტი ამ დარეგულირებაში ეძლევა საზოგადოების დაკვეთას.

მთავრობა ყოველდღიურად იქნება პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე, პარლამენტი კი, ხალხის წინაშე.

2003 წელს ჩვენს ქვეყანას ესაჭიროებოდა სერიოზული რეფორმები. ბევრი ჩვენგანი იყო ამ პოლიტიკური კლასის წარმომადგენელი. თითქმის ყველაფერი იყო გახრწნილი. არ იყო საერთო პოლიტიკური ღირებულება.

არავის არ სჯეროდა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ყოფილიყო არაკორუმპირებული მთავრობა, ნორმალური სახელმწიფო სექტორი,  ხალხის ნდობა. ყოველთვის იყო ცინიზმი ქვეყნისადმი და ერთადერთი კითხვა:  გვეშველება რამე?  ყოველთვის ნაგულისხმევი იყო პასუხი - ჩვენ  მაინც არაფერი  გვეშველება.

რამდენიმე მთავარ საკითხზე თანხმდება პოლიტიკური კლასი. პირველი ის, რომ გაჩნდა საერთო სახელმწიფოებრივი შეგნება და მენტალიტეტი, არა კუთხური და ფეოდალური. როცა ვლაპარაკობ კუთხურზე, არ ვგულისხმობ  სამეგრელოს, სადაც იყო ასევე ნაწილი კუთხურობის და შეიძლება დღესაც არის. ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ მთავრი კუთხურობა იყო საქართველოს დედაქალაქში და პოლიტიკურ კლასში. იქ იყო მთავარი პრობლემა და არა სამეგრელოში, აჭარაში, კახეთში, ჯავახეთში ან საქართველოს ნებისმიერ სხვა რეგიონში. მთავრი პრობლემა იყო თბილისის ცენტრში და რუსთავლეზე. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მთავარ საკითხებზე ვერ თანხმდებოდნენ. ერთადეთი პრივილეგია იყო ის, რომ მე თუ აქ ვარ, ყველა დანარჩენი მზად არის მე მემსახუროს.  ზუსტად კუთხურობის და ცენტრის სეპარატიზმი,იზოლაციის პირდაპირი გამოხატულებაა. ის, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს დანარჩენი საქართველო, რომ ყველა დანარჩენი უნდა გამოვხშიროთ იმ პრინციპით, რომ შესახედავად არ მოგვწონს, "ლ" ებით საუბარი არ მოგვწონს, სხვა საკითხებით არ მოგვწონს.

აი, ეს გადავლახეთ ჩვენ ყველამ ერთად, მეგობრებო. დღეს საქართველოში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უკვე არის ბათუმში და ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. საკონსტიტუციო სასამართლო დაკავდა თავისი ნამდვილი საკითხებით. ზუსტად ასევეა პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხი. გეოგრაფიულად ეს არის საქართველოს ცენტრი და აფხაზეთი გეოგრაფიულად თბილისიდან აღარ იქნება ისე მოწყვეტილი, როგორც აქამდე იყო. ქუთაისიდან გზა შეიძლება ყველა მიმართულებით გაკეთდეს. საქართველოს დეპუტატების უმეტესობა უნდა  ასახავდეს მოსახლეობის პროპორციას. ეს პარლამეტი ყველაზე მეტად ასახავს ამას. ძალიან ბევრი წარმომადგენელი უნდა იყოს რეგიონებიდან.

პირველი პრინციპი, რომელიც შემოვიდა ჩვენს პოლიტიკურ სფეროში, არის სახელმწიფო მენტალიტეტი. შეიქმნა საერთო ეროვნული ინსტიტუტები, ისეთი, როგორიც არმია და პოლიციაა. აბსოლუტურად თავისუფალი ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კუთხურობისგან, ყოველგვარი მიკერძოებისგან,  მიუხედავად  ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის, რადგან ამას  არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის. ეს არის პირველი საერთო ეროვნული ინსტიტუტები, რომელიც ჩვენ საქართველოში საუკუნეების განმავლობაში შევქმენით.

მეორე, მთავარი პრინციპი არის ის, რომ კორუფციაზე ბრძოლა დგას უფრო მაღლა, ვიდრე პოლიტიკური ან პიროვნული ლოიალობა. ირაკლი ოქრუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო, ბევრი, მათ შორის აქ მჯდომიც, როგორც კი მას პრინციპები შეეცვალა, მოხდა მისი გარიყვა. მერე ვითომ ოპოზიციაში იყო, სინამდვილეში კი ის ოპოზიციაში იყო სინდისთან და პრინციპებთან. ამიტომ ის  გარიყული იქნა პოლიტიკური კლასიდან.

როგორც კი, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ წამოგვიყენა ის პირობები, რომელიც ცდებოდა  გუნდური თანამშრომლობის პრინციპებს,  ყველა  ერთად შევიკრიბეთ და ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამის მიღება იყო შეუძლებელი. ყველაზე მეტად მე ვიყავი გაკვირვებული.

არ არსებობს უფრო მეტი პატივი და ლოალობა, ვიდრე ლოალობა შენი ქვეყნის მიმართ. ეს ნიშნავს არაკორუმპირებულ, აბსოლუტურად ყოველგვარი პირადი მოტივებისგან დაცლილ ქმედებას. 

ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პრონციპები, რომელიც ეხება საერთო კონსესუსს. რა არის სახელმწიფოს მოდერნიზაცია, რა არის დასავლური კურსი და რა არის ამ დასავლურ კურსში ფასეული. ის კი არ არის მთავარი, რომ ჩვენ ყოველთვის მოგვწონდეს ყველა ევროპელი, ან  თუნდაც ამერიკელი მოკავშირეების ყველა ქმედება. რა თქმა უნდა, არა. ევროპა შედგება სხვადასხვა ხალხისგან, ევროპაში არის მართლა ძალიან ბევრი ჩვენი თავგადაკლული მეგობარი, ევროპაში არის ხალხი, რომელიც მზად არის გაიყიდოს ფულზე, მართალია უმცირესობა. როცა პატარა ქვეყანას ეხება მოქმედებები,  სახეზეა ხოლმე  ზარალი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ფასეულობები არის ერთი. საბოლოო ჯამში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ევროპული კულტურის ქვეყანა. აი, ამ ადგილზე დაიბადა ევროპული ცივილიზაცია, ყოველ შემთხვევაში, მისი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განშტოება.

ჩვენ მივაღწიეთ იმ პრინციპს, რომ სიმდიდრე და პოლიტიკა გამიჯნულია ერთმანეთისგან. აქ სხედან დეპუტატები, რომელთაგანაც შეიძლება დიდ ნაწილს არ უჭირდეს, მაგრამ თქვენი შემოსავლები არანაირ კავშირში არ არის თქვენს თანამდებობასთან. ეს ძალიან კარგად იცის რაულ ჯანაშიამ, რომელმაც ყველაფერი დაკარგა იმიტომ, რომ საქართველოს დეპუტატობას დათანხმდა და რუსეთში ქონების უმეტესობა დაატოვებინეს. ეს იცის ბევრმა თქვენთაგანმა ისევე, როგორც აქ სხედან დეპუტატები, რომელნიც მთელი ცხოვრება არიან ქვეყნის სამსახურში და ნამდვილად ერთი გრამით არ მომატებიათ მათ ოჯახებს არც სიმდიდრე და არც კეთილდღეობა. აქ არის თერჯოლის დეპუტატი. მას ცოტა ხნის წინ, ბრწყინვალების ორდენი მივანიჭეთ. ზოგს ეს ფაქტი გაუკვირდა. კითხეთ ზურა ბუცხრიკიძეზე  თერჯოლელებს, როგორ ცხოვრობს წლების განმავლობაში, არადა წლების განმავლობაში ის საქართველოს პარლამენტშია.

არ არსებობს იმაზე მეტი ღირებულება, ვიდრე ხალხის სამსახურში ყოფნა. რომ ნახოთ პოსტ საბჭოთა ქვეყნების პარლამენტები, მთავრობები  პორშეების დიდი რიგი დგას.  იქ, როგორც კი, პარლამენტში ხვდებიან, გარეთ ეს ყველაფერი აისახება -  სახლები საფრანგეთის სამხრეთში და იტალიაში.  როცა ასეთი პოლიტიკური კლასი გყავს, რომელიც ასე მდიდრულად ცხოვრობს, რეალურად ქვეყანა ჭამს საკუთარ სხეულს, საკუთარი თავის კანიბალიზმით არის დაკავებული.  ჩვენ ეს ავიცილეთ თავიდან საქართველოში. საირმის გორა იყო ამის კლასიკური მაგალითი. აღარ არსებობს საირმის გორა და არც   ფულის პოლიტიკასთან მიბმის და ერთმანეთში გადახლართვის პრინციპი.

 ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური კლასი, რომელიც მზად არის გაიზიაროს მთლიანობაში პასუხისმგებლობა  აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედებაზე და ყველამ ერთად კოლექტიურად მართოს ქვეყანა. ეს იყო 6 წლის წინ აბსოლუტურად გამორიცხული. მაშინ უნდა წასულიყავი კომპრომისზე, რომ რაღაცისთვის მიგეღწია, ამის აუცილებლობა საქართველოში აღარ არის.

აუცილებელია და საჭიროა იმ სიტუაციის შექმნა, სადაც ჩვენ შევძლებთ, რომ პარლამენტმა დააკომპლექტოს საქართველოს მთავრობა.  დღეს, როგორც პრეზიდენტს, მაქვს  ქაღალდზე დაწერილი ფართო უფლებამოსილება. ერთი რამე რაც ვისწავლე,  არის ის, რომ თავისუფალ საზოგადოებაში და ჩვენ ვართ თავისუფალი საზოგადოება, რამდენი უფლებამოსილებაც არ უნდა დაწერო ქაღალდზე, რამდენი რამეც არ უნდა მიისაკუთრო და თქვა, რომ აი , ესეც შემიძლია, ესეც და უთხრა ხალხს, რომ მე 5 წლით ვარ არჩეული, გამომიარეთ 5 წლის შემდეგ,  5 წლის შემდეგ დაგეხმარებით, როგორც ერთ ფილმში იყო ნათქვამი , არ შემაწუხოთ 5 წელი, მაშინ შეგაწუხებენ და მერე როგორ. პოლიტიკა გადადის ქუჩაში და ყველა ფიქრობს მუდმივ რყევებზე. იმის მაგივრად, რომ მოხდეს ყველას ინტეგრაცია პარლამენტში და პარლამენტში ყველამ მიიღოს მონაწილეობა დებატებში, მათ შორის ოპოზიციამ  მთელ რიგ საკითხებზე ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა გაიზიაროს. ამიტომ არის ეს სისტემა უფრო სწორი დღევანდელი საქართველოსთვის და არ იქნებოდა სწორი 6 წლის წინანდელი საქართველოსთვის.

მინდა ყველას შევახსენო, რომ 6 წლის წინ, საჯაროდ განვაცხადე, რომ ჩვენ შევქმნიდით საპარლამენტო მთავრობას, რომელიც არასოდეს არ ყოფილა საქართველოში, სხვათაშორის ეს ახსენა, ასევე, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელმაც. ახლა ხშირად ამბობენ, რომ აი, მცდელობაა კონსტიტუციის ერთ პიროვნებაზე მორგების, სიტყვა "პუტინიზაცია" იხმარება. ჯერ ერთი "პუტინიზაციისთვის" საერთოდ არ არის საჭირო ამის გაკეთება. პუტინს საერთოდ ქაღალდზე არანაირი უფლებამოსილება არ აქვს. რუსეთის პრემიერ-მინისტრი ძალიან სუსტი ხელისუფალია კონსტიტუციით, მაგრამ ყველაფერი არის მის ხელში დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე.

საუბარი არის იმაზე, რომ აღარ მოხდება არც ერთ ხელში, ცალკე აღებული ხელისუფლების კონცენტრაცია. მოხდება კოლექტიური ხელისუფლების ჩამოყალიბება. საუბარია იმაზე, რომ კატეგორიულად არ  ვიზიარებ ვენეციის კომისიის, ზოგადად მომწონს ეს კომისია და კონსტიტუციური მოდელი, იმ მოწოდებას, რომ პრეზიდენტის ხელისუფლება საქართველოში დავასუსტოთ და გადავაქციოთ ის ,იგივე ვთქვათ, ბევრი ევროპული ქვეყნის პრეზიდენტის მსგავსად. როგორიცაა, მაგალითად, იტალიის პრეზიდენტს სუფთა სიმბოლური როლი აქვს, ასევე, გერმანიის პრეზიდენტს და საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ ავლაბრის სასახლეში იჯდეს და ხანდახან უცხოურ დელეგაციებს ჩამოართვას 5 წუთით ხელი. საქართველო არის ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე მყოფი ქვეყანა და პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი პრეზიდენტის ხელისუფლება. მე ვარ პირველი და  არ ვაპირებ პრეზიდენტად კენჭის ყრას. თუმცა, ბევრ სხვა ქვეყანაში ასეთი რეფერენდუმი ჩატარდა, მათ ამას მიაღწიეს და სხვათაშორის, ყველა გამოკითხვით ნათელია, რომ ეს საქართველოში ადვილი გასაკეთებელია. კატეგორიულად ვაცხადებ, ეს არ უნდა გავაკეთოთ. უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტის სიძლიერის გარეშე საქართველო, განსაკუთრებით, კრიზისის პირობებში, იქნება ძალინ რთულ სიტუაციაში. ამიტომ ამ საკითხში ჩვენ ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებს ბოლომდე ვერ გავიზიარებთ.

აქ რჩება ასევე ძალიან სერიოზული უფლებამოსილებები საგარეო პოლიტიკაში, სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, მარეგულირებელ კომისიებთან მიმართებაში ურთიერთობები. ერთი სიტყვით, პრეზიდენტის ხელში რჩება ეკონომიკის, სამართლის პოლიტიკის მთავარი მიმართულებების უმნიშვნელოვანესი ბერკეტები, მაგრამ მთავრობა ყოველთვის იქნება საპარლამენტო. ყოველდღიურად პარლამენტის წინაშე იქნება მთავრობა ანგარიშვალდებული და პარლამენტი ყოველდღიურად ხალხის წინაშე. ერთი სიტყვით, მთავრობა პასუხისმგებელი  იქნება ხალხის წინაშე. პრეზიდენტი იქნება 5 წლით, მთავრობა  შეიძლება უფრო ხშირად შეიცვალოს და ამ ორის გაყოფა იქნება ზუსტად ასე, იმიტომ, რომ დღეს როცა შეცვლას ითხოვ, ითხოვენ პრეზიდენტის შეცვლას, არ არსებობს გამიჯვნა ინსტიტუციონალურად მთავრობის და პრეზიდენტის.

იმ სისტემაში, რომელიც შემოთავაზებულია, პრეზიდენტი რჩება სტაბილურად, მთავრობა შეიძლება შეიცვალოს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კრიზისის გადაწყვეტის შესაბამისად.  მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს პოლიტიკური სისტემის დაცვას, პოლიტიკური სისტემა იყოს ხელუხლებელი და დაცული. ეს არის ჩადებული ამ კონსტიტუციურ მოდელში. ამიტომ ყოველგვარი ხელოვნური  მცდელობა, რომ აი, ეს ასუსტებს პრეზიდენტს და ზოგიერთი ევროპელი ფიქრობს, რომ ეს დაასუსტებს საქართველოს, არ მოხდება. იქნება ძლიერი პრეზიდენტი,  იქნება ძლიერი პარლამენტი, რომელიც დააკომპლექტებს და გააკონტროლებს მთავრობას.

აი, ეს არის ის, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი რეფორმები იყოს შეუქცევადი. დღეს თუ დააკვირდით, არა მხოლოდ ჩვენ, ყველანი ვიღებთ თამაშის წესებს, მათ შორის ოპოზიციის პასუხისმგებლიანი ნაწილიც,  რომელიც, ასევე, იღებს ამ თამაშის წესებს. მათი ხმები დამოკიდებიულია იმაზე, რომ მინიმუმ უნდა მიიღონ ამ თამაშის წესები. საზოგადოება ასე აძლევს მათ ხმას. მათ მაქსიმუმ უნდა აჩევენონ, რომ უკეთესად განახორციელებენ ამ წესებს, ვიდრე ამ თამაშის წესების შემქმნელები, ანუ ყველანი ჩვენ. დადგება მომენტი, რა თქმა უნდა, თუ მთავრობა გაქსუვდა, მოდუნდა, თუ გაუტკბა კომფორტული ცხოვრება, ამასაც დაუმტკიცებენ თავის ხალხს. ამიტომ ეს ჩვენი პრობლემაა, თუ ჩვენ გვინდა დიდხანს ყოფნა, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ფორმაში, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ხალხთან ყოველდღიური კავშირი და ხალხის მეშვეობით და ხალხთან ერთად ვმართოთ ჩვენი ქვეყანა.

მინდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. ეს არის განათლების რეფორმა და განათლების მოდერნიზაცია. როცა ვლაპარაკობ მოდერნიზაციაზე, მთავარი გზა გადის განათლებაზე, როცა ვლაპარაკობ ,რომ საქართველო უნდა იყოს ანგარიშგასაწევი ქვეყანა, მთავარი ანგარიშის გაწევა არის ის, რომ ჩვენ მსოფლიო ცივილიზაციაში შეგვაქვს ჩვენი წვლილი. ახლა რუსეთი აწერს ხელშეკრულებას ხელს, სომხეთთან და უკრაიანსთან მოაწერა ბაზების განლაგებაზე ხელი. პირდაპირ გეტყვით, საერთოდ არ მანერვიულებს ეს ყველაფერი.  გვანერვიულებს მოკლევადიანად, როგორც საფრთხეც დგას, მაგრამ გრძელვადიანად, საერთოდ არაფერს არ მოუტანს ეს ამ ქვეყანას. თავისი დაჟანგული ბაზები როგორც გავიდა საქართველოდან, ასევე ბევრად უფრო ადრე გავა იმ ქვეყნებიდან, სადაც ის აწერს ხელს, აღარ ვლაპარაკობ ჩვენ ტერიტორიებზე.  მთავარი, რაც მათ დაკარგეს, არის ის, რისი მიზიდულობის ცენტრიც იყო რუსეთი იმპერიული სივრცისთვის. ეს არის ტექნოლოგიები, განათლების ცენტრები, ადამიანები სამკურნალოდ მიდიოდნენ მოსკოვში, საუკეთესო უნივერსიტეტები იყო მოსკოვში, საუკეთესო კულტურის დღეები და საუკეთესო აუდიტორია იყო მოსკოვში. ეს ყველაფერი დაიკარგა და აორთქლდა, ეს ყველაფერი გაიცვალა დაჟანგულ ბაზებზე და მუქარით და ცემა -ტყეპით მოპოვებულ გავლენაზე. ვითომ ამით მოპოვებულ სიყვარულზე, ამიტომ ჩვენი ამოცანა დღეს არის საქართველოს განსაკუთრებულობა რუსეთის იმპერიაში. ყოველთვის იყო ეს. ჩვენ არ გვქონდა არც ძალა და არც რამე სხვა, ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული კულტურა, განსაკუთრებულად განათლებული ხალხი. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი იმპერიის სახელით გამოდიოდა, ზოგიერთი მათგანი ბირთვული რაკეტებითაც გვიბრაგუნებდა ბოლო წლებში. ბირთვული იარაღი  სოფელ მერხეულის ერთმა მკვიდრმა შეუქმნა, ჩვენდა საუბედუროდ და მსოფლიოს გასაუბედურებლად დაუტოვა ამ ქვეყანას, მაგრამ ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის, რომ უკვე , როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ, ჩვენი დამოუკიდებლობის ბაზაზე  მეტად მოახდინოს  ამ ყველაფრის გათვითცნობიერება. ჩვენ მოგვიწევს არაპოპულარული რაღაცეების თქმა. როცა მე ვლაპარაკობ, რომ უნივერსიტეტის დიპლომის გაცემა არ შეიძლება უცხო ენის ცოდნის გარეშე, მე რა, არ ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეს ყურში ძალინ ცუდად ხვდება, იმიტომ რომ დღესაც გვყავს ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩემ ოჯახში, რომლებსაც აქვთ უნივერსიტეტის დიპლომები, განათლებული ხალხია, მაგრამ არ აქვს უცხო ენის ცოდნა,  ჩვენ უმუშევრების გამოშვება გვინდა და პრეტენზიული ადამიანების, რომ მაქვს უნივერსიტეტის განათლება, თუ გვინდა ხალხი, ვინც მსოფლიოში ჩაეწერება?  უნდა იყოს თუ არა საქართველო მსოფლიოს ნაწილი, თუ რაღაც სახის იზოლირებული ქვეყანა. ჩვენი ისტორიიდან და განლაგებიდან გამომდინარე, დღევანდელ მსოფლიოში თუ არ იცი ცოდნის მთავარი ენა -ინგლისური , ვერ განვვითარდებით. ჩინეთი, იაპონია ძლიან სწრაფად  ვითარდება, მაგრამ ინგლისურის გარეშე არ ხდება არაფერი. თუ მინიმუმ ინგლისური  არ იცი, არ არსებობს განვითარება და  რეალურად შეუძლებელია მსოფლიოში შენი ცოდნის გამოყენება. ამიტომ ამას დრო უნდა, ამას უნდა გარდამავალი პერიოდი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ უნივერსიტეტის დიპლომი, დამადასტურებელი უმაღლესი განათლების, არ გაიცემა თუ არ იცი ინგლისური და ამ დიპლომს ფასი არ ექნება მსოფლიოში. ამის თქმა არის არაპოპულარული, მაგრამ ხალხმა ხომ ყველაზე კარგად იცის, რომ ამას არც პირადი ანგარებით, არც რაღაც აკვიატებით და ახირებით არ ვამბობთ, ვამბობთ იმისათვის, რომ გვინდა ჩვენ და ჩვენს შვილებს ქონდეთ მომავალი.

ჩვენ ხომ არ გვაქვს ბევრი ფული, მაგრამ პირველ კლასელებს ვაძლევთ კომპიუტერებს არა იმიტომ, რომ ისინი  ხმას მოგვცემენ ორი წლის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, ან სამი წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში,  არც მათი მშობლები არ მოგვცემენ ამის გამო ხმას, მაგრამ ჩვენ ვაკეთებეთ ამას იმისათვის, რომ ეს ბავშვები 10 -15 წლის შემდეგ შექმნიან სრულიად სხვანირ საქართველოს და გააგრძელებენ იმას, რასაც ჩვენ ვქმნით.

 საქართველოში ჩამოყვანილი 3 ათასი მასწავლებლის რიცხვი,  10 ათასამდე ავა. ეს მასწავლებლები გარდა იმისა, რომ ცოდნას მოიტანენ ენაში, ძალიან ბევრი კარგი ადამიანია, მათ შორის ისინი მთელი სქართველოს ელჩები გახდებიან დანარჩენ მსოფლიოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ჩვენ ჩავიხუტოთ და მათგან მაქსიმალურად ყველაფერი მივიღოთ.

მე ისინი შევადარე ყივჩაღებს, არა იმიტომ, რომ ისინი გარეგნულად ან მანერებით გვანან ყივჩაღებს. ყივჩაღები არც განათლებით გამოირჩეოდნენ და არც არაფრით, მაგრამ ყივჩაღებმა მაშინ საქართველოს მოუტანეს მოდერნიზაცია, მაშინ საქართველოს ჭირდებოდა ჯარის შექმნა და ჯვაროსნებიც, დარწმუნებული ვარ, ამაში გვეხმარებოდნენ . მათ საქართველოს მოუტანეს მოდერნიზაცია. რამდენი იყო ვერავინ ვერ თანხმდება, ისტორიკოსებს უყვარდათ სხვადასხვა ციფრების დასახელება ,დაახლოებით ,40 ათას კაცზე იყო საუბარი. ზოგი ამბობს 40 ათასი ოჯახი, ზოგი ამბობს, რომ მაქსიმუმ იქნებოდა 15 ათასი. მე ვემხრობი იმას, რომ ,ალბათ, ნაკლები იყო სინამდვილეში, იმიტომ, რომ საქართველოში როცა ვლაპარაკობთ, რომ 100 ათასი ან 200 ათასი გამოგვყავდა ჯარი, ეს არის სრული სისულელე, ასეთი ჯარი არ გვყოლია. იყო უფრო მოკრძალებულ ციფრებზე ლაპარაკი და ბევრი ისტორიკოსი საკრალურ ციფრებს ხმარობდა ხოლმე, რომ ეჩვენებინათ რაოდენობა. ამას ისტორიკოსი კი არა, ბევრი პოლიტიკოსი აკეთებს ზუსტად დღეს ,დღევანდელ მოვლენებზე. ასე, რომ ნამდვილად არ ვაპირებ "ქართლის ცხოვრების" ავტორების გაკრიტიკებას, მაგრამ ,რეალურად, ეს ხალხი არის, ასევე, ჩვენი მოდერნიზაციის ნაწილი. რეალურად, ეს არის ის,რაც მოგვცემს საშუალებას როცა კორუფცია აღარ იარსებებს უმაღლეს სასწავლებლებში, როცა რეალურად გაფილტრულია ბევრი რაღაცა, როცა რეალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს პროცესი, ყველას გვესმოდეს, რომ აი, ეს არის ეროვნული ამოცანა, ეს არის აქ მისასვლელი გზა, თუ  გაგვიჭირდება, ქამრები უნდა შემოვიჭიროთ, ყველა შეიძლება ვერ მივიდეთ, მაგრამ ვინც მივალთ, ყველანი ვიცხოვრებთ უკეთეს ქვეყანაში.

აი, ეს არის ჩვენი შემდგომი გამოწვევა და შემდგომი  წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებში.  მინდა გთხოვოთ, რომ ვიყოთ ერთმანეთთან მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმში. ჩვენ არც ერთმანეთს უფროს უმცროსობის, მხოლოდ ასაკშია ჩვენს შორის განსხვავება,

ჩვენ არც დამსახურების მიხედვით ვიყოფით, იმიტომ რომ ზოგიერთს ჰქონდა პირადად ჩემზე მეტი დამსახურება სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ყველანი ვართ ამ ქვეყნის პარტნიორები და გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ცხოვრება. ყველამ იცით, რომ ჩემი ხელმძღვანელობისა და პირადად, გადაწყვეტილების მიღების ჩემი  სტილი არის კოლექტიური. ძალიან ხშირად მე აღმოვჩენილვარ უმცირესობაში. რაც უფრო ბევრი თქვენგანი ჩაერთვება და რაც უფრო ერთად ვიაზროვნებთ, უფრო მეტი სასარგებლო აზრი მოგვივა თავში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენი ქვეყანა არის  პერსპექტივების ქვეყანა. ამას წინათ, ერთ ინვესტორს ვეკითხებოდი, რატომ დებენ ამდენ ფულს საქართველოში, რატომ ჩამოდის ამდენი უცხოელი. უახლოეს მომავალში  გვეყოლება უფრო მეტი ტურისტი,  ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. მან მითხრა, ჩინეთის და დუბაის გარდა,  ეს არის ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც რაღაც ძალიან საინტერესო ხდება.  ბევრი თქვენგანი დადის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,ზოგი ბიზნეს- კლასით, ზოგი ეკონომ- კლასით, თქვენ ყველამ იცით, რომ ნამდვილად, საქართველო არის ცოცხალი ქვეყანა. ყოველ კვირას, მე მიყვარს ბათუმში ჩასვლა ამ პერიოდში,იმიტომ, რომ ვიცი, რაღაც ახალი მოხდა. ევროპაში 10 წელიწადში ერთხელ რომ ჩახვიდე,  ყველაფერი იგივე დაგხვდება, შეიძლება გარდაცვლილი იყოს ადამიანი. აქ ყოველთვის რაღაც ხდება. წარმოუდგენელი ლტოლვაა ადგილობრივების პროგრესისადმი, სიცოცხლისადმი, ყველაზე საუკეთესო სტანდარტის დანერგვისადმი, რაც არსებობს მსოფლიოში. აქ, ანაკლიაში, სამეგრელოს ისტორიულ შუაგულში, ეს არის შესაძლებელი, ეს არის შესაძლებელი დანარჩენ საქართველოში. ყველაზე მეტად ეს უნდა იყოს აქ რთული. ამიტომ არის, რომ ზოგიერთი ადგილი მეტად ვითარდება,ზოგიერთი ნაკლებად. ერთი ქალაქიდან იწყებოდა აღორძინება არა მხოლოდ ქვეყნების, მთელი რეგიონების, არამედ ზოგჯერ მთელი მსოფლიოსი. საქართველოში რამდენიმე სამუშაო  წერტილია.  მინდა, რომ ეს ვერავინ ვერ შეაჩეროს და ჩვენ ყველამ ერთად ვთქვათ,  ჩვენმა თაობამ, ჩვენმა პოლიტიკამ, ჩვენმა პარლამენტმა, ჩვენმა კონსტიტუციამ და ჩვენმა საქართველომ მოახერხა მაგალითის მიცემა, პირველ რიგში, საკუთარი ხალხისთვის, საკუთარი ისტორიისადმი და შემდეგ, დანარჩენი რეგიონისადმი.  თუ გადამეტებაში არ ჩამოგვერთმევა, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ და ახლა დროა,  დავიკაპიწოთ ხელები და შემოდგომაზე ფართოდ განვიხილოთ კონსტიტუცია. რაც მოვისმინე, თელავში იყო კომენტარები ამ კონსტიტუციაზე, ყველაფერს ვერ ვადევნებდი თვალყურს და მომიტევოს ყველამ, თუ რამე გამომრჩა. ხალხი არის მომზადებული დიდი ცვლილებებისთვის.

დიდი მადლობა!

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)