Google+

სიახლეები

06.05.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარას ესტუმრა

დღეს, აჭარის რევოლუციის 4 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ჩავიდა და პომპეზურ ღონისძიებებს, მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯობინა. პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა დასაქმების პრობლემებსა და არჩევნების სამართლიანად ჩატარების აუცილებლობაზე. სოციალური პროექტები, მოსახლეობის დასაქმება და აჭარის განვითარება - ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა და რომელთა განხორციელება, მისი თქმით, მუხლჩაუხრელი შრომითაა შესაძლებელი.

"მალე ბათუმი სოჭზე განვითარებული და ლამაზი უნდა იყოს. მაქსიმუმ წელიწადნახევარში, რუსთავთან, ქუთაისთან და ფოთთან ერთად, ბათუმი საქართველოში ას-პროცენტიანი დასაქმების ქალაქად უნდა გახდეს და აქ სამუშაო ადგილების დეფიციტიც კი უნდა შეიქმნას. ხშირად ამბობდნენ, რომ არ იყო საჭირო ქალაქის გალამაზება, განათება, სამშენებლო სამუშაოები, ბულვარის გაახლება, მაგრამ, უპირველესად, ეს ინვესტორთა მოსაზიდად უნდა გაგვეკეთებინა, რათა მათ ჩვენთან მუშაობის მეტი ხალისი ჰქონდეთ და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ეს არის ჩემი მიზანი. ჩვენი ამოცანაა, რომ თითოეული უცხოელი, თუნდაც ერთი საათით, ჩამოვიყვანოთ ბათუმში და არა იმიტომ, რომ გავართოთ და ბულვარში ყავა დავალევინოთ, არამედ იმისთვის, რომ ინვესტიციის ჩადების სურვილი გაუჩნდეს. ასე ჩნდება სავაჭრო ცენტრები, ასე დაიწყო შერატონის მშენებლობა, ასე გაჩნდა ფარმაცევტული ქარხანა და შოკოლადის ფაბრიკა. ახლა ავტობუსების ქარხნის მშენებლობას ვაპირებთ..." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეხვედრისას ბათუმელებიც აქტიურობდნენ და ამბობდნენ, რომ დასაქმება აქაური მოსახლეობის მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ქალბატონმა პრეზიდენტს მიმართა და აღნიშნა, რომ პროფესიით პედაგოგს, ორი შვილის დედას, 40 წლის ასაკში სამსახურის შოვნის იმედი გადაეწურა, რადგან მას ასაკობრივი ნიშნით იწუნებენ. ქალბატონის თქმით, არ შეიძლება არ აღინიშნოს წინსვლა და უამრავი გაკეთებული საქმე, თუმცა სამსახურის პრობლემა მისთვის ძალზე მტკივნეულია.

"ვიცი რომ ეს პრობლემა არის და არავის არა აქვს უფლება ასაკეს გამო პროფესიონალი დაიწუნოს. ამას წინათ ზესტაფონში ვიყავი და 15 წლის შემდეგ აღორძინებული "საქკაბელის" დირექტორად, 77 წლის კაცი დანიშნეს. უნდა ნახოთ როგორი ენთუზიაზმით მუშაობს ეს კაცი და როგორ შესციცინებენ ახალგაზრდები, რომლებსაც 20 - 30 წელი დასჭირდებათ მას რომ მიუახლოვდნენ. ამას წინათ კაჭრეთში ვიყავი, იქ 70 წელს მიტანებულმა ფერმერმა ახალი ტექნოლოგია დანერგა და მარტო იქაურები კი არა, სტაჟორები სამხრეთ აფრიკიდანაც ჩამოჰყავს. თქვენ პროფესიით პედაგოგი ბრძანდებით, საქართველოში კი ბევრად მეტი პედაგოგი გვჭირდება, რათა სასწავლო პროცესის დივერსიფიკაცია მოხდეს. მე აღვნიშნე, რომ განათლების სფეროში სერიოზული პრობლემა შეგვექმნა, რადგან მთელი რიგი საგნების სწავლება შემცირდა და მთელი რიგი პროფესიები გაუქმდა. გაუქმდა ბავშვებისა და პედაგოგების სტიმულირება, რაც ყველაზე მთავარია. ბოლო ოთხ წელიწადში შობადობის ზრდის მიუხედავად, დემოგრაფიული თვალსაზრისით იმდენად დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენთვის ყველა ასაკის ადამიანს ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ასაკის ადამიანი ბოლო თაობის წარმომადგენელია, რომელსაც განათლებითა და კვალიფიკაციით მაღალი დონე აქვს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქუთაისის ქუჩაზე იყო, სადაც მან ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატთან თემურ ჩარკვიანთან ერთად წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები სიმბოლურად დაიწყო. ეს არის 6-წლიანი პროექტი, რომლის განხორციელების შემდეგ მთლიანად შეიცვლება წყალკანალიზაციის სისტემა - სანიაღვრეები, სასმელი წყლის მილები და მიწისქვეშა კომუნიკაციები. ბათუმელებისათვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

"როდესაც პროექტი დამთავრდება, პირველად, ბათუმის ისტორიაში, წყალი 24 საათის განვალობაში იქნება. ფულიც გვაქვს და რესურსებიც მობილიზებულია. ძველ ბათუმში აღნიშნული სისტემა 120 წლის წინათ გაკეთდა და მას შემდეგ მსგავსი სამუშაოები არ განხორციელებულა" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ბათუმიდან საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში გაემგზავრა, სადაც სიმბოლურად გახსნეს ჩაის ფაბრიკა, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანია უკვე დასაქმებული.

მიხეილ სააკაშვილი ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებულ ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამრთლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მისთვის ღირსების საკითხია. მისი თქმით, ეს ყველასთვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს.

"ცაგერის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გადაწყვიტა, რომ ზემოქმედება მოეხდინა ადგილობრივი მართველობის ორგანოების თანამშრომლებზე და ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ორი დღით ადრე, ყველა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელი მკაცრად გავაფრთხილე არ ჩარეულიყვნენ არჩევნების პროცესში, არ დაეკავებინათ არც ერთი კანდიდატის პოზიცია და თითოეული ადამიანისთვის დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცათ. მგონი, ყველა უნდა მიხვდეს, რომ ასეთ თემებზე ლაპარაკისას, არასდროს არ ვხუმრობ. საქართველოში თავისუფალი არჩევნების ჩატარება ჩვენი ღირსების საკითხია და ყველა, ვინც ამას ხელს შეუშლის, პასუხს აგებს. ამ ადამიანმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნა თავად გადაწყვიტა, თუმცა მე უკვე მიღებული მქონდა გადაწყვეტილება, ამის შესახებ ჩვენი პარტიის ხელმძღვანელობას ვუთხარი კიდეც და თანახმაც არიან გამოძიება ბოლომდე მივიყვანოთ. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ყველას გასაგონად: ნურავინ ნუ შეეცდება პროცესების არევას, ნურავინ ნუ შეეცდება საარჩევნო პროცესში უკანონო შეჭრას. თავისუფალი არჩევნები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ქვეყნის გრძელვადიანი პერსპექტივის საკითხია. ამას კბილებით დავიცავთ, რათა საქართველოს ნათელი მომავალი ჰქონდეს. ეს არის ჩემი მოწოდებაც, თხოვნაც და გაფრთხილებაც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)