სიახლეები
01.03.2008
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში მიემგზავრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2 მარტს პოლონეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება.
უწინარეს ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ლეხ კაჩინსკის პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება. ამ შეხვედრების დასრულებისთანავე საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტები ჟურნალისტებისათვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ამავე დღეს იგეგმება საქართველოს პრეზიდენტისათვის პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოს „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის ჯვრის ორდენის" გადაცემის ცერემონია, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან დონალდ ტუსკთან და პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან ბოგდან ბორუსევიჩთან.
საქართველოს პრეზიდენტი სამშობლოში 3 მარტს დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური