Google+

სიახლეები

28.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მცხეთის ახალი უბანი დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მცხეთას ესტუმრა და ახალი უბანი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა ახალ უბანში დასრულებული და მშენებარე ნაგებობები მოინახულა და აღნიშნა, რომ მსგავსი მშენებლობები ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების დასაქმებას, ისე მცხეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

„9 თვის წინათ აქ იყო დიდი ჭაობი და გეოლოგების პირველი დასკვნით, აქ მშენებლობა შეუძლებელი იყო. ადრე აქ არაფერი არ იყო და ძალიან მალე ახალი ქალაქი პრაქტიკულად ნულიდან ძალიან რთულ ადგილზე აშენდა. ძალიან ლამაზი ქალაქია, თან სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიოტორიაზე მდებარეობს. მართლაც ჩვენ სასწაულების ეპოქაში ვცხოვრობთ და ასეც უნდა გავაგრძელოთ, რადგან ეს ქმნის სამუშაო ადგილებს. ამ ქალაქში ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა და მცხეთელებს ბევრად მეტი სჭირდებათ. წელს აქ უკვე 4-ჯერ მეტი ტურისტი ჩამოვიდა, ვიდრე შარშან და სწორედ ეს არის შედეგი. მომავალ წელს ჩამოვა ათჯერ მეტი და მალე სულ სხვა მდგომარეობა ექნება აქ მცხოვრებ თითოეულ ოჯახს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ახალი უბნის მშენებლობა ერთი წლის წინათ დაიწყო. იანვარში პოლიციის სამმართველოს მშენებლობა დაიწყეს, რომელიც უკვე დასრულდა და მთელ რეგიონს მოემსახურება. რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს „საქპატენტი“, სადაც უკვე 110 ადამიანია დასაქმებული. დასრულებულია სამხარეო ადმინისტრაციის მშენებლობაც, სადაც მცხეთის გუბერნია, საკრებულო და გამგეობა განთავსდება. რამდენიმე თვეში დამთავრდება იუსტიციის სახლის მშენებლობაც.

ახალი უბნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაც, რომელთაგან ორი უკვე დასრულებულია. ასევე შენდება ახალი საცხოვრებელი უბანი „ვილა მცხეთა“.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)