Google+

სიახლეები

14.11.2012
მიხეილ სააკაშვილი მარტინ შულცს შეხვდა  

მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან გამართა. მათ ქვეყნის დემოკრატიულ განვითრებაზე ისაუბრეს და იმ მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროგრესის შენარჩუნება და გაგრძელება, რაც, მისივე თქმით, ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი. 

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა და მარტინ შულცმა პრესისა და მასმედიის წარმომადგენელთათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მარტინ შულცმა, საუბრისას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ მომავალი წლის ოქტომბრამდე მხარეებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ. იგი არჩევნების შემდგომ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობა და კონსტიტუციის პატივისცემა. ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანაში - გერმანიაში ყოფილ მინისტრებს არ იჭერენ. მან აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან კარგი პარტნიორია რეგიონში და ქვეყანამ კარგი მუშაობის საუკეთესო მაგალითი აჩვენა. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მის რჩევებს გაითვალისწინებენ და ქვეყანა კვლავ გააგრძელებს წინსვლას.

თავის განცხადებაში, მიხეილ სააკაშვილმა ნატო-სა და ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მხრივ მიღწეულ შედეგებს შეეხო. მისი მთავრობის მთავარ მიღწევად საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ის დაასახელა, რომ ქვეყანა დღეს ისე ახლოს არის ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან, როგორც არასდროს ყოფილა. მისი განცხადებით, ეს პროცესი კიდევ უფრო სწრაფად უნდა გაგრძელდეს. როგორც მან აღნიშნა, იგი ჩვეული ტემპით განაგრძობს ქვეყნისთვის ამ თუ  სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას და იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევას არც ახალი მთავრობა დაიშურებს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)