Google+

სიახლეები

16.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი: "2013 წელი ქვეყნისთვის ისტორიული შანსის წელიწადია. თუ სწორად გამოვიყენებთ, რიგ კორექტირებას მოვახდენთ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში... ყველაფერი პრაქტიკულად მზად იყო, და არჩევნების ჩატარების წესმა უფრო მეტად გააძლიერა ეს შანსი".

სტრასბურგში დღეს საქართველოს პრეზიდენტსა და სტრასბურგის მერს რონალდ რიესს შორის შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობა და საერთო ევროპული ფასეულობები იყო. შეხვედრისას, ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სტრასბურგში წინასაახალწლოდ მიმდინარე საქართველოს დღეების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ფრანგი ხალხი დიდ პატივს სცემს ქართულ კულტურას და, შესაბამისად, საკმაოდ დიდია ინტერესი ყველა იმ კულტურული ღონისძიებების მიმართ, რომლებსაც ამ დღეებში სტრასბურგი მასპინძლობს. 

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სტრასბურგის საშობაო ბაზრობის სპეციალური და საპატიო სტუმარი საქართველოა. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ადგილობრივებს ევროკავშირის ქვეყნების გარდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიც გავაცნოთ. წელს ამ ბაზრობაზე ქართული სამზარეულოა წარმოდგენილი, რომლის გაცნობის შემდეგ ევროპელებს კიდევ უფრო დიდი ინტერესი გაუჩნდებათ საქართველოს მიმართ. საქართველოში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ევროინტეგრაციის გზაზე. წლევანდელ გამოფენას საქართველოს ელჩი მასპინძლობს და არ გამოვრციხავ, რომ მომავალ წელს პირადად ვესტუმრო თქვენს ქვეყანას“, - აღნიშნა რონალდ რიესმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერთან სტრასბურგის საახალწლო ბაზრობასაც ეწვია, სადაც წელს ქართული პროდუქციაა გამოფენილი. საქართველოს კვირეულის გამართვა, შარშან მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში ვიზიტისას დაიგეგმა, რომელიც საახალწლო ბაზრობის გარდა, სხვა კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს.
 
საახალწლო ბაზრობის დათვალიერების  შემდეგ, ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა საქართველოს კულტურის დღეების მნიშვნელობაზე სტრასბურგში და იმ ისტორიულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულად გამართული არჩევნების შედეგად, მომავალ წელს ევროინტეგრაციის მხრივ ეძლევა. 

„სტრასბურგში გამოფენის გამართვის იდეა შარშან გაგვიჩნდა, როდესაც აქ ევროსაბჭოს  მოწვევით ვიყავით და შვეიცარიის ბაზრობა ვნახეთ. მაშინ ვთქვით, რომ არავის არ ჩამოუვარდებოდით და ჩვენც შეგვეძლო წარმოგვედგინა საკუთარი პროდუქცია. ჩვენი ელჩის ძლისხმევით გავაკეთეთ ქართული ბაზრობა და ქართული კულტურის დღეები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ევროპაში ჩვენთვის ისტორიული შანსის წელიწადი იწყება. თუ ამ შესაძლებლობას კარგად გამოვიყენებთ - ნოემბერში ვილნიუსის სამიტი იგეგმება - საქართველოს გაუჩნდება რეალური შანსი და პერსპექტივა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ბოლო წლების მუშაობის შედეგია. წელს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზუსტი გეგმა და უახლოეს წელიწადნახევარში დავასრულოთ  მოლაპარაკება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რათა ნებისმიერ ქართველს, ნებისმიერი პასპორტით შეეძლოს ევროპაში შესვლა. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენი პროდუქცია უნდა შემოვიდეს ევროპაში და არ უნდა მივტიროდეთ ერთი და იმავე ბაზარს, რომლიდანაც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგვაგდონ. ჩვენ გვაქვს პროდუქცია, რომელიც შეგვიძლია ევროპაში გამოვიტანოთ. მომავალ წელს, შესაძლოა, გვქონდეს ასოცირებული წევრობის შესახებ ხელშეკრულებაც. აი, ეს არის 2013 წელი - ისტორიული შანსის წელიწადი საქართველოსთვის. თუ ამ შესაძლებლობას სწორად გამოვიყენებთ და თუ გარკვეულ კორექტივებს შევიტანთ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, ყველაფერს მივაღწევთ. პრაქტიკულად, ყველაფერი მზად იყო და არჩევნების გამართვის წესით ეს შანსი კიდევ უფრო გაძლიერდა. რვა წლის წინათ საქართველოს შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა. ამათთვის ჩვენ ღვთისგან მიტოვებული ქვეყანა ვიყავით, სადაც მხოლოდ 120 ათასი ტურისტი ჩამოდიოდა. წელს საქართველოს ეწვევა 4 მილიონი სტუმარი. ეს არის იმის შედეგი, რომ ძალიან ბევრი ფული ჩაიდო საქართველოს ეკონომიკაში. მარტო ამ ბაზრობაზე მოვა, დაახლოებით, 500-600 ათასი ევროპელი და გაიგებს საქართველოს შესახებ. სწორედ ამიტომ მინდოდა ეს ბაზრობა. კარგია, რომ ყველაფერი მოესწრო და ყველას, ვინც ამისთვის იზრუნა, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, უპირველესად კი, საქართველოს ელჩს სტრასბურგში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)