Google+

სიახლეები

06.01.2013
საქართველოს პრეზიდენტი საშობაო წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი საშობაო წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.მიხეილ სააკაშვილმა სამებაში შეკრებილ მრევლს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ მისი უწმინდესობისთვის კიდევ ერთხელ მიმელოცა იუბილე. მინდა, თითოეულ ჩვენგანს ვუსურვო, რომ ყოველ ახალ წელს უკეთესი განწყობით ვხვდებოდეთ, ყოველ შობას მეტი ოპტიმიზმით ვხვდებოდეთ. მსურს, წლევანდელი წლისთვის ვისურვო, რომ არ დავუშვათ იმ ყველაფრის ძირის გამოთხრა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით ვაშენებდით. არ დავუშვათ ის ნგრევა, რომლითაც გვემუქრებიან და წარსულთან დაწყებული არასასურველი პაემანი საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს. ჩვენ მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. შობა არის მომავლის ზეიმი, ახლის დასაწყისის სიმბოლო. ჩვენ აღარასდროს აღარ უნდა დაგვაბრუნონ წარსულში. დაგვეხსნას წარსული და გაგვიშვას მომავალში. მომავალში კი საქართველოს სერიოზული გამოწვევები აქვს. მე რეალისტი ვარ, მაგრამ ამავდროულად, ოპტიმისტიც. ვფიქრობ, ყველანაირ დროებით სიძნელეს დავძლევთ, საქართველო ყველა შესაძლო რისკს გადალახავს და განვითარებას გააგრძელებს, რადგან ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს! კიდევ ერთხელ ვუსურვებ ბედნიერ შობა-ახალ წელს თითოეულ ჩვენ თანამოქალაქეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სამების საკათედრო ტაძარში, საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ .



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)