Google+

სიახლეები

16.01.2013
მიხეილ სააკაშვილი: „პოლიციაში მუშაობს და წესრიგს იცავს ათასობით პრინციპული, საქართველოს ინტერესების დამცველი თანამშრომელი. მე თითოეული მათგანის წინაშე ვიხრი ქედს და ვუხდი მადლობას.“

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევხვდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, რომელიც თავისი ნებით გადადგა , იმის გასაპოტესტებლად, რომ საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებულ პირებს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მის მიერ პოლიციის დატოვება მოხდა თავისი ნებით, ის არავის გაუშვია, მუშაობდა ბოლო დღეებამდე. ეს ღირსეული საქციელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები ვინც დღეს პოლიციაში მუშაობს უღირსები არიან. რა თქმა უნდა, პოლიციაში მუშაობს და წესრიგს იცავს ათასობით წესიერი, გაბედული, პრინციპული, საქართველოს ინტერესების დამცველი თანამშრომელი. მე თითოეული მათგანის წინაშე ვიხრი ქედს და ვუხდი მადლობას.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ არცერთი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ადამიანი, როგორც ეს პარლამენტმა განმარტა, არ ყოფილა პოლიტ პატიმარი. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ბელარუსში ხუთი პოლიტპატიმარია, რასაც ბელარუსი უარყოს. ჩრდილოეთ კორეაში ათი პოლიტპატიმარია. საქართველოში კი, როგორც პარლამენტმა გამოაცხადა, 200 პოლიტიკური პატიმარია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში მთლიანობაში შესაძლოა 200 პოლიტიკოსიც კი არ იყოს, არათუ პოლიტპატიმარი. ახალმა მთავრობამ ის ხალხი გამოუშვა ციხიდან, როგორც გმირები, ვინც ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში სამხედრო ნაწილში მოაწყო ამბოხი, რისი მოწმეც მე ვარ, ამბობდნენ, რომ არ ემორჩილებოდნენ სამხედრო ხელმძღვანელობას, ქონდათ პოლიტიკური მოთხოვნები და შემდეგ შეეცადნენ ცხინვალის მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით მიმალვას, რასაც თვითონაც არ უარყოფდნენ. საქართველოს პარლამენტმა თქვა, რომ ყველა ადამიანს, ვინც თავის თავს უწოდებს პოლიტიკოსს, შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, მათ შორის, შეიარაღებული; შეუძლია ადამიანი დაჭრას ცეცხლსასროლი იარაღით და ის გათავისუფლდება, თუ რაიმე კავშირი აქვს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.

საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ შეგიძლია ჩაიდინო ქვეყნის ღალატი, შეიძლება იყო ჯაშუში, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ემსახურო და იმის გამო, რომ ხარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, რაიმე კავშირი გაქვს, ან თუნდაც ვინმეს იცნობ პოლიტიკურ პარტიაში და მაინც გაგათავისუფლებენ. შესაძლოა, პირდაპირ რუსეთის დაკვეთით გაგიშვან საპატიმროდან. ეს არის ძალზე საგანგაშო პრეცენდენტი.

იცით, რომ საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაუშვა, მათ შორის, გევორქიანი, შკრილნიკოვი და ბევრი სხვა ყოველგვარი პირობის გარეშე. საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, ვინც რუსეთის ფედერაციაშია გასამართლებული, როგორც საქართველოს მზვერავი და იქ იხდის სასჯელს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ისინი არიან მზვერავები. ვიცი, რომ შესაბამის სამსახურებს ჰქონდათ გეგმები, მათი გაცვლა მომხდარიყო რუსეთის ფედერაციის კარგად დადასტურებულ ჯაშუშებზე. ამით საქართველოს პარლამენტმა პრაქტიკულად უარი თქვა ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებაზე რუსეთში, იმიტომ რომ უპირობოდ გაათავისუფლა ეს ხალხი ჩვენი ციხეებიდან. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. ისტორია განსჯის მათ, ვინც ეს გააკეთა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ეთნიკური წარმომავლობის არის ქალბატონი კარინა, ჩემთვის ამას არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, მაგრამ, სწორედ ის, რომ ეთნიკურად სომეხი ადამიანი, რომლის დედა გალინა პერევერზინა, სხვათაშორის, არის ეთნიკურად რუსი და ცხოვრობს ასპინძაში, კარინა საქართველოს პატრიოტად გაზარდა.

კარგად მახსოვს კაპიტან ოგოიანის ისტორია, რომელმაც თავის სპეცრაზმთან ერთად გზა  გადაუღობა რუსულ ტანკებს, რომლებიც ჯავახეთის მიმართულებით მიდიოდნენ. საქართველოში ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოხელეების, პატრიოტების დიდი ჯგუფი, რომლებიც მზად არიან საქართველოს ინტერესები დაიცვან, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა და მრწამსისა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. მინდა, რომ ეს ნებისმიერმა მთვრობამ შეინარჩუნოს. არ მინდა, რომ საქართველო ვინმემ 90-იანი წლების დასაწყისის წარმოუდგენელ გაუსაძლის მდგომარეობაში დააბრუნოს. მაშინაც გამოუშვეს კრიმინალები ციხიდან, ზუსტად იმის გამო, რომ ისინი პოლიტიკასთან იყვნენ კავშირში. შესაბამის შედეგიც მივიღეთ.

დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ქართული სახელმწიფო და ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, სიმტკიცის მარაგი დიდი აქვს. მაგრამ მინდა გავაფრთხილო დღევანდელი საქართველოს მთვრობა და პარლამენტი, რომ ეს სიმტკიცის მარაგი არ არის ამოუწურავი. თუ არ მოვუფრთხილდებით, შესაძლოა ბზარები გაუჩნდეს. ასეთი რაღაცეების კეთება არ შეიძლება. ახლა 92 წელი არ არის, როდესაც შესაძლოა ამნისტიებმა ავტომატური აფეთქება გამოიწვიოს, იმიტომ რომ ჩვენ დავტოვეთ კარგად ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი, სტრუქტურები და სამართალდამცავი სისტემა. მაგრამ ნუ გამოვცდით ამ სიმტკიცეს, იმიტომ რომ მართალია ვაშენებდით ცხრა წელი, მაგრამ შეიძლება ბევრად უფრო ჩქარა დაიშალოს, თუ ამ ყველაფერს არ გავუფრთხილდებით. მინდა მოვუწოდო მასმედიის საშუალებებს: ასე უაპელაციოდ ნუ ვაფეტიშებთ ამ ხალხს, ამ ხალხს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, გაუბედურებული ჰყავთ უამრავი ოჯახი, მოქალაქე, მოკლული ჰყავთ ხალხი. ისინი კოორდინატებს აძლევდნენ ოკუპანტების თვითმფრინავებს ჩვენი პორტები რომ დაებომბათ ჩვენი პორტები, დაჭრილი ჰყავთ უამრავი ადამიანი. აჩვენეთ ის, რისთვისაც ისინი გაასამართლეს, თორემ გამოდიან და ყვებიან ათასგვარ ტყუილებს და სისულელეებს, მათ შორის, სპეცსამსახურების დავალებით. ნუ დავაკნინებთ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ნუ მივცემთ ასეთ თავისუფლებას იმ ხალხს, რომელიც თავისი არსით ქართული სახელმწიფოებრიობის მტერია. საბოლოოდ, ქართული საზოგადოება, რა თქმა უნდა, სწორ დასკვნებს გამოიტანს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს, მაგრამ მე მინდა, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ყველამ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გავიაროთ.

მინდა კარინასნაირ ადამიანებს დიდი მადლობა ვუთხრა. დარწმუნებული ვარ დადგება ის დრო, როდესაც ის დაბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ სტრუქტურაში გააგრძელებს ბრძოლას ჯაშუშებთან და კრიმინალთან. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილ ოფიცერს, გადავცე ის, რაც მას შეეფერება - ღირსების ორდენი. მას უკვე აქვს ვახტანგ გორგასლის ორდენით, რომელიც სწორედ უცხოურ სპეცსამსახურებთან ბრძოლისთვის მიიღო. მისი ნაბიჯი მართლაც ღირსეული იყო. ვფიქრობ ყველაფერი წინ არის. მინდა კიდევ გადავუხადო მას მადლობა ამ გაბედული ნაბიჯისთვის. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)