საქართველოს პრეზიდენტმა მეღვინეობის ახლადგახსნილ სასწავლო ცენტრში ყვარელში კალიფორნიელი მეღვინეები კახელ მეღვინეებს შეახვედრა
საქართველოს პრეზიდენტმა მეღვინეობის ახლადგახსნილ სასწავლო ცენტრში ყვარელში კალიფორნიელ მეღვინეებს უმასპინძლა და მათთან ერთად კახელ მეღვინეებს შეხვდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რონალდ და ლიზა სემლერებს ღვინის წარმოების დიდი გამოცდილება აქვთ, რომელიც ქართული ღვინის წარმოების პროცესშიც უნდა გამოვიყენოთ. ქვეყნის პირველი პირის თქმით, საქართველოსთვის ახლა რთული პერიოდია, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
სტუმრებმა პრეზიდენტის ვენახიც დაათვალიერეს და ევროპული და ადგილობრივი ტექნოლოგიით დაყენებული ქართული ღვინოც დააჭაშნიკეს.
„მინდა მივესალმო ჩვენს მეზობლებს, კახელ მეღვინეებს. ჩვენ ვაგრძელებთ იმ სასწავლო ცენტრის ტრადიციას, რომელიც აქ შევქმენით. ზოგიერთი თქვენგანი წინა შეხვედრებსაც ესწრებოდა, მაგრამ ახლა კლასიკური ტრენინგი არ გვაქვს. მინდოდა შევხვედროდი ჩემს მეგობარს, რონალდ სემლერს, რომელიც ორი წლის წინათ კალიფორნიაში გავიცანი. ჩვენ წავედით ერთ-ერთ გზისპირა საჭაშნიკეში, ლოს ანჟელესის გვერდით და შემედეგ თავის მამულში შემიპატიჟა. საჭაშნიკე ძალიან პატარა იყო, მაგრამ მისი მამული ალაზნის ველის ნახევარი იქნებოდა. იქ დიდი რაოდენობით აწარმოებს ღვინოს და შესაბამისად ყიდის ამერიკასა და მის ფარგლებს გარეთ. თავიდან იგი მოყვარული იყო, მაგრამ სერიოზულად მოკიდა ხელი ამ საქმეს, მოინდომა და გააკეთა. კალიფორნიაში ღვინის ტრადიცია, პრაქტიკულად, არც იყო ჩვენთან შედარებაც არ შეიძლება. 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მე ვიყავი კალიფორნიაში, იყო უგემური, მაგრამ ძალიან იაფი ღვინო. უზარმაზარი ბოთლი ამერიკულ მაღაზიებში 3-4 დოლარად იყიდებოდა. ეს იყო მაშინ, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, 90-იან წლებში. ახლა კალიფორნიული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში. მათ გაზარდეს ხარისხი და აიღეს ბაზარი. ეს გააკეთეს ტექნოლოგიების ხარჯზე და, ვფიქრობ, თუ შევძლებთ ჩვენი ისედაც ძალიან კარგი ღვინის ტექნოლოგიურად გაუმჯობესებას, წინ აღარაფერი დაგვიდგება. ამის შემდეგ, არ ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, გაგვიხსნიან ბაზარს თუ დაგვიკეტავენ, შეგვიშვებენ თუ გამოგაგდებენ, როცა გაბრაზდებიან. საქართველოსთვის ახლა ძალიან რთული პერიოდია, მაგრამ შეუძლებელია არ გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რონალდ სემლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევისთვის და ადგილობრივ მეღვინეებს არა მხოლოდ ღვინის წარმოების მისეული ტექნოლოგიების შესახებ ესაუბრა, არამედ, საკუთრი ბიზნეს გამოცდილებაც გაუზიარა. მისი თქმით, საქართველო ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა, რაც ძალიან საამაყოა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. ადგილობრივები ღვინის დაყენების, გასაღებისა თუ სხვა საკითხებით დაინტერესდნენ.
„სემლერების მალიბუს ოაზისი“ - ასე იცნობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კალიფორნიელი მეღვინეების რონალდ და ლიზა სემლერების ვენახს. საოჯახო ღვინის წარმოება მათ რამდენიმე ათეული წლის წინათ დაიწყეს. 2000 წელს ოჯახმა საკუთარი გვარი ღვინის მარკად აქციეს და Semler-is რეალიზაცია დაიწყეს. სემლერები მალიბუს მთიან რეგიონში ცხოვრობენ და საკუთარ ვენახში ღვინის ტურებსაც აწყობენ. ტურისტებს საშუალება აქვთ მათ მიერ სხვადასხვა წლებში დაწურული ღვინოც დააჭაშნიკონ. სემლერებს 60 ათასი ძირი ვაზი 60 აკრის ფართობზე აქვთ გაშენებული.