სიახლეები
03.07.2013
მიხეილ სააკაშვილი: „ტერმინის „პოლიტპატიმრები“ გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში, შეუძლებელია არ გვაღელვებდეს და გვაფიქრებდეს“
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია ის, რომ რეზოლუციაში ტერმინი „პოლიტპატიმარი“ საქართველოსთან მიმართებაში გაჩნდა. მისი შეფასებით, ეს ქვეყნის რეპუტაციის შემლახველია.
„ის რომ, უახლეს ისტორიაში, პირველად, ძალიან ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუტი - ევროპის მთავარი საპარლამენტო ორგანო საქართველოსთან მიმართებაში იყენებს ტერმინს „პოლიტიკური პატიმრები“, არ შეიძლება ყველა ჩვენგანისთვის არ იყოს დაფიქრების საფუძველი. ყველანი ვიყავით იმის მომსწრე, თუ როგორ იზრდებოდა საქართველოს ავტორიტეტი წინა წლების განმავლობაში; როგორ დამკვიდრდა საქართველო ევროპისა და მსოფლიოს რუკებზე; როგორ გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა. რომელ პოლიტიკურ ფლანგსაც არ უნდა მივეკუთვნებოდეთ, ამ ტერმინის გამოყენება საქართველოსთან მიმართებაში, შეუძლებელია, არ გვაღელვებდეს და გვაფიქრებდეს. ეს არის საქართველოს რეპუტაციისა და პრესტიჟის შელახვა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღესვე ქვეყნის პირველი პირი საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაუფრთხილდეს ქვეყნის მთავარ დემოკრატიულ ფასეულობებს, კერძოდ, თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მოქმედებისგან. მან მიუღებელი და საშიში პროცესი უწოდა დამოუკიდებელი მედიის მფლობელთა მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას.
„მინდა გავაფრთხილო: ხელები შორს რუსთავი 2-სა და თავისუფალი ტელევიზიებისგან! საქართველოში ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი, რომელიც ჩვენი ათწლეულების მონაპოვარია. ასევე ეს დაკავშირებულია არჩევნებთან, რადგან არჩევნები მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დემოკრატიულად, თუ ინფორმაციაზე ყველას ექნება წვდომა, ქვეყანაში არ იქნებიან პოლიტპატიმრები და იქნება თავისუფალი გარემო. მართლაც, ეს საკითხები უნდა იყოს მთელი საზოგადოების ზრუნვის საგანი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.