Google+

სიახლეები

15.05.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

გვსურს, კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და გავაფრთხილოთ, რომ 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირება და საქართველოს მთავრობის დადანაშაულების მცდელობა განუზომლად ზრდის ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნების მიერ აღიარების რისკს.

ახალი ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას შეიძლება მოყვეს კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ამ გამოძიების ინიციატორებს დაეკისრებათ.

საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური ჩარევის შედეგად ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენი ტერიტორიების აღიარების საკითხთან დაკავშირებით მიზანს თითქმის ვერსად მიაღწია. სწორედ ამ დიპლომატიის შედეგია, რომ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ისევე როგორც მსოფლიოს სახელმწიფოები, ერთეული რეჟიმების გამოკლებით, აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის ფაქტს. ასევე, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში ასახულია ტერმინი „ოკუპაცია“, რაც ქმნის იმის გარანტიას, რომ გარდაუვლად დადგება დეოკუპაციის დროც.

ნებისმიერი ხელისუფლების ვალდებულებაა, მუდმივად იცავდეს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რაც თანმიმდევრულ პოლიტიკასა და მსოფლიოს ლიდერებთან აქტიურ ინტერაქციასაც გულისხმობს. სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობის ზემოაღნიშნული პოზიცია 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით, არათანმიმდევრული დიპლომატია და განცხადებები კოსოვოს მოდელის მისაღებობის შესახებ დასახელებულ მიზნებს ვერ მოემსახურება.

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ სპეციალური წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რომელშიც განუმარტავდა არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებულ დეტალებს და სთავაზობდა თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ამ წერილს არავითარი რეაგირება არ მოყოლია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და მთლიანად მთავრობას, კარგად დაფიქრდნენ მათი ქმედებების შესაძლო კატასტროფული შედეგების შესახებ და, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, მოახდინონ პოლიტიკის კორექტირება ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტი კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან არაღიარების პოლიტიკისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, ისევე როგორც ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმართულებით.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)